GE

ფინანსთა მინისტრი: „ბაღების პერსონალის ხელფასი მომავალ წელს 125 ლარით გაიზრდება, სკოლის ადმინისტრაციის 10%-ით“

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2025 წელს საბავშვო ბაღების პერსონალისა და სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომელთა ანაზღაურების ზრდა გათვალისწინებულია, თუმცა ეს საბოლოო ზრდა არ იქნება და მომდევნო წლებში გაგრძელდება.

ამის შესახებ მინისტრმა 10 დეკემბერს, პარლამენტში 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას ისაუბრა.

როგორც ფინანსთა მინისტრი აცხადებს, იმისთვის, რომ საჯარო სექტორში ხელფასები მოწესრიგებულიყო, სახელმწიფომ შეიმუშავა შესაბამისი პროგრამა და ეს არის საშუალოვადიანი პერიოდის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა 4 წლის მანძილზე ხელფასების ზრდას 10%-ის ოდენობით, ყოველწლიურად.

“თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ეს დაკორეკტირდა და მათ შორის არიან ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებიც. ზრდა, რომელიც არის დაგეგმილი მომავალ წელს არ არის ერთჯერადი, მომდევნო წლებშიც ყოველწლიური იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ საჯარო სამსახურში მივაღწევთ ხელფასების იმ დონეს, რაც იქნბა ამოცანების შესრულებისთვის საჭირო. რა ამოცანების წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას.

“რაც შეეხება ბაღების პერსონალთან მიმართებაში, განსხვავებული მიდგომა გვაქვს და გვესმის, რომ ბაზა [საბაზო ხელფასი] არის დაბალი და მარტო 10%-იანი ზრდა არ იქნებოდა შესაბამისი, ამ მიმართულებითაც გვაქვს გრძელვადიანი ხედვა, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს და კონკრეტულად მომდევნო წლის განმავლობაში ეს არის 125-ლარიანი ზრდა, რაც დაახლოებით ამ ეტაპზე, დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, დაახლოებით 20 პროცენტიანი ზრდა არის, ანუ იმაზე მაღალი ზრდა, ვიდრე ზოგადად საჯარო სექტორში და უფრო მაღალი ზრდა ამ მიმართულებით მომდევნო წლებშიც გაგრძელდება იმისთვის, რომ უფრო სწრაფად მოხდეს ასე ვთქვათ ხელფასების ადეკვატური დონის მიღწევა ამ ნაწილში.

“სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალთან მიმართებაშიც გავიმეორებ, რომ აქაც მიმდინარეობს ანალოგიური დიდ სურათში ხელფასების მოწესრიგება და მომდევნო წლებშიც გათვალისინებულია როგორც სხვა საჯარო მოხელეებთან მიმართბაში 10%-იანი ზრდა”, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მოგვიანებით ფინანსთა მინისტრმა დააზუსტა, რომ 125 ლარი არის ჯამური, თანხა რომლითაც 2025 წელს ბაღებში პედაგოგების ხელფასი გაიზრდება, “თუმცა მომდევნო წლებში იქნება უფრო მაღალი ზრდა, ვიდრე საჯარო სექტორში და ის დისბალანსი, რომელიც დღეს არის მნიშვნელოვნად შემცირდება”.

ასევე იხილეთ:

3 მილიარდ ლარზე მეტი – 2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტით განათლების სამინისტროს დაფინანსება კიდევ გაიზარდა

ახალგაზრდობის ხელშეწყობისთვის მომავალ წელს 14 მილიონამდე ლარის დახარჯვა იგეგმება – რას გულისხმობს მთავრობის პოლიტიკა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური