GE

მთავრობა უკან იხევს?! – აგრარულის მეორე დღე ავტორიზაციის გარეშე

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტმა შედეგი ვერ გამოიღო. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმა. თუმცა, უნივერსიტეტი ბრძოლას სამართლებრივი გზით აპირებს. “თავისუფალი უნივერსიტეტის” დამფუძნებელმა კახა ბენდუქიძემ სტუდენტებს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

“ეს შედეგს გამოიღებს. მე ვთვლი, მთავრობა მიხვდა, რომ სისულელე გააკეთა და უკვე უკან იხევს. საჭიროა, ბოლომდე დაიხიოს და აღიაროს, რომ ჩვენ გვაქვს სწავლების კარგი ხარისხი.” – განუცხადა Edu.aris.ge-ის კახა ბენდუქიძემ.

ავტორიზაციის გაუქმება ძალაში 4 თვის შემდეგ ანუ სემესტრის დასრულების შემდგომ შევა. შესაბამისად, სტუდენტებს სწავლის დასრულებაში ხელი არ შეეშლებათ, – ამბობენ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში.

უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების მიზეზად ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარემ კახი ყურაშვილმა ტექნიკური ხარვეზი დაასახელა. თუმცა, რა იგულისხმება “ტექნიკურ ხარვეზში” არ დააკონკრეტა.

შეგახსენებთ, რომ აგრარული უნივერსიტეტის შემოწმება ყოფილი პროფესორ-მასწავლებლების საჩივრის საფუძველზე დაიწყო. უნივერსიტეტში მონიტორინგის ჯგუფი მიმდინარე წლის 3 იანვარს შევიდა.

გუშინ გამართულ ბრიფინგზე ყურაშვილმა აღნიშნა, რომ აგრარულ უნივერსიტეტს ხარვეზების გამოსასწორებლად თვეზე მეტი ვადა მიეცა.

“მათ მთელი რიგი ხარვეზები გაასწორეს. თუმცა, დარჩა არსებითი ხარვეზები, რომელსაც საბჭო გვერდს ვერ აუვლიდა. მაგალითად, უნივერსიტეტის მიერ გაცემული იყო ბაკალავრის დიპლომი და მინიჭებული იყო ხარისხი ისე, რომ სტუდენტს არ ჰქონდა აღებული 240 სასწავლი კრედიტი. გარდა ამისა, მთელი რიგი დარღვევები იყო აკადემიური პერსონალის სტანდარტებთან მიმართებაში. აღმოჩნდა, რომ უნივერსიტეტს აქვს რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც ახორციელებენ მოწვეული პროფესორებით და მას სრული პროფესორები და ასოცირებული პროფესორები ამ საგანმანათლებლო მიმართულებებზე არ ჰყავს, რაც ასევე არსებითი სახის დარღვევას წარმოადგენს“, – აღნიშნა ყურაშვილმა.

მისივე თქმით, განათლების შესახებ კანონით აკადემიური პერსონალის არჩევა უნდა განხორციელდეს ღია კონკურსის საფუძველზე და ამ შემთხვევაშიც აგრარულ უნივერსიტეტში რამდენიმე კონკურსი ჩატარებულია კანონის უხეში დარღვევით. ეს ფაქტი კი, როგორც ყურაშვილმა განმარტა, აკადემიური პერსონალის თანამდებობაზე ყოფნის კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებდა.

გადაწყვეტილება, რომელიც საბჭომ მიიღო, ძალაში შედის სასწავლო წლის ბოლოს, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, გააგრძელონ სწავლა ჩვეულ რეჟიმში, შეფერხების გარეშე, ხოლო აგრარულ უნივერსიტეტს საშუალებას აძლევს, აღმოფხვრას ხარვეზები და აღიდგინოს ავტორიზაცია. არსებობს მეორე გზაც – სასამართლო დავის გზა, თუმცა აღნიშნულზე გადაწყვეტილება აგრარულმა უნივერსიტეტმა უნდა მიიღოს.” – აღნიშნა ყურაშვილმა.

თუმცა, ავტორიზაციის შესახებ დებულებაში არ წერია, რომ ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტი ხარვეზს გამოასწორებს, აღდგენა შესაძლებელია.

ავტორიზაციის დებულების 24-ე მუხლი. ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. ვკითხულობთ, რომ: “საბჭო ზეპირი მოსმენით იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას: A1. ავტორიზაციის შესახებ. 2. ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ და 3.ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.”

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, თსუ-ს მოწვეული პროფესორი მაკა კორძაძე: “ავტორიზაციის აღდგენა არ არსებობს. ავტორიზაციის მინიჭების თაობაზე განაცხადის ხელახლა შეტანა ხდება. თუმცა, აგრარულმა უნივერსიტეტმა ერთ კვირაში, რომ შეიტანოს განაცხადი და მას ავტორიზაცია მისცენ, ლოგიკა სად არის? კარგად ჩანს, რომ ეს პროცესი გამჭვირვალე არ არის. ზოგი ამბობს, რომ ტექნიკური ხარვეზია, ზოგი სხვა მიზეზს ასახელებს. ზუსტად უნდა იყოს გაწერილი რა ითვლება ხარვეზად, რომ სადავო აღარ იყოს.”
Edu.aris.ge-თან საუბარში მაკა კორძაძე ცენტრში მისი მმართველობის დროს აგრარული უნივერსიტეტიდან გათავსუფლებული პროფესორ-მასწავლებლების საჩივარს იხსენებს.

საკმაოდ ვრცლად და დეტალურად იყო ჩამოწერილი თუ რა სტანდარტები იყო დარღვეული. ავტორიზაციის დებულებაში პირდაპირ გვიწერია, თუ არის ასეთი სიგნალი, ცენტრი უფლებამოსილია, რომ მონიტორინგის ჯგუფი გაგზავნოს.
საჩივარი 2012 წლის 17 დეკემბერს შემოვიდა. გარკვეული პერიოდი დავიცადეთ. სიტუაციაში გავერკვიეთ, ამ პროფესორებსაც ვესაუბრეთ და გადავწყვიტე, რომ ექსპერტთა ჯგუფს გადაემოწმებინა. აგრარულში 3 იანვარს შევიდნენ და 11 იანვრისთვის შემოწმება დასრულდა. თუმცა, დასკვნის დაწერის დროს მე ცენტრის დირექტორი აღარ გახლდით”
– ამბობს კორძაძე.

მისივე თქმით, ავტორიზაცია/აკრედიტაციის პროცედურები რადიკალურ შეცვლას საჭიროებს,

ეს პროცესები არ მომწონდა და სისტემის და ცენტრის რეორგანიზაციას ვგეგმავდი. ცენტრი პირდაპირ დასჯაზეა ორიენტირებული და არა ხარისხის განვითარებაზე. რა თქმა უნდა, შუა წელიწადში ავტორიზაციის ჩამორთმევა მიზანშეწონილი არ არის. თუმცა, ხშირად გვქონია ისეთი შემთხვევები, როდესაც სწავლის პროცესში ავტორიზაცია გაუქმებულა და სტუდენტები მობილობით იძულებული გამხდარან, რომ სხვა უნივერსიტეტებში გადასულიყვნენ. ამ სისტემას ძალიან ბევრი მანკიერი მხარე აქვს და სანამ არ გამოსწორდება, არც ერთ უნივერსიტეტს სამართლიანობის შეგრძნებ არ ექნება.” – ამბობს კორძაძე.

მისივე თქმით, საჭიროა მონიტორინგის ჯგუფში შემავალმა ექსპერტებმა სპეციალური სახელმძღვანელოთი ისარგებლონ, რომელშიც ზუსტად გაწერილი იქნება თუ რა უნდა ჩაითვალოს ტექნიკურ ხარვეზად, რა იქნება ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი და ა.შ. საკუთარი მოსაზრების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის სადავო იქნება.

აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებით, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მოსაზრებების მოსმენა ვცადეთ. თუმცა, საჯაროდ პოზიციის დაფიქსირებაზე უმრავლესობამ უარი თქვა.

სოსო ცინცაძე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი: “თავის დროზე, ბენდუქიძე დემონსტრაციულად არ ცნობდა არსებულ კანონმდებულობას. სასათბურე პირობები ჰქონდა შექმნილი. კანონი კანონია. არსად არ წერია, რომ ავტორიზაცია შეიძლება არდედეგების ან სწავლის პროცესს უნდა დაემთხვეს. ეს არ არის ბენდუქიძის ინსტიტუტი. მსგავსი დავით აღმაშენებლის ინსტიტუტსაც მოუვიდა, როცა სწავლის შუა პროცესში ავტორიზაცია გაუუქმეს. ასე რომ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ბენდუქიძე გამონაკლისი არ არის, რომელიც ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა.”

სალომე არის© გოგოხია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური