GE

მინისტრის „რიხიანი“ გამოსვლა პარლამენტში და რეალობის ანალიზი, რომელიც განათლების რეფორმას „აშიშვლებს“

28 მაისს განათლების მინისტრი გვარწმუნებდა, რომ ახალი, 2026-2027 სასწავლო წლის დასაწყისში, 1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს უკვე დახვდებათ ახალი წიგნები: ქართულში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, ფიზიკასა და მათემატიკაში. თუმცა გივი მიქანაძემ გვითხრა ისიც, რომ ყველა სკოლაში შეტანილი, სამინისტროს მიერ შექმნილი სახელმძღვანელოები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში დაიხვეწება:

“სახელმძღავნელოები არ შეიქმნება დახურულ რეჟიმში, ყველა ის სახელმძღვანელო რომელიც 15 სექტემბრიდან შევა სკოლაში გაივლის პილოტირების ეტაპს, უშუალოდ სასწავლო პროცესში და ეს პილოტირება იქნება ყველა სკოლაში ერთდროულად. მთელი შემდგი აკადემიური წლის განმავლობაში მასწავლებლები და მშობლები თავად იქნებიან ჩართული სახელმძღვანელობის შეფასებაში, დახვეწაში და უკუკავშირის პროცესში”.

განათლების სამინისტრო: „სახელმძღვანელოების წერა-დამტკიცება დაწყებულია, საგნობრივი სტანდარტები დამტკიცების ეტაპზეა“

EDU.ARIS.GE– ს კითხვას, რამდენად გამართლებული ან შესაძლებელია 2000-ზე მეტი სკოლისთვის სახელმძღვანელოები დაიბეჭდოს და ის საპილოტე რეჟიმში იყოს, დარგის სპეციალისტები პასუხობენ, რომ განათლების სამინისტრო თავს იზღვევს. “2 000 სკოლაში პილოტირება, რა თქმა უნდა, ნონსენსია. კონცეპტუალურადაც ნონსენსია და არც მათ აქვთ იმის რესურსი, რომ ამდენ სკოლაში პროცესებს თვალი მიადევნონ”, – გვითხრა ნიკო სილაგაძემ, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა და განათლების სამინისტროში ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ყოფილმა კოორდინატორმა.

სპეციალისტი EDU.ARIS.GE-სთვის მოწოდებულ წერილში განათლების მინისტრის 28 მაისის განცხადებებს არაერთ თემაზე ცალსახა რეალობას უპირისპირებს და შექმნილ ილუზიებს ფაქტებით ამსხვრევს:

“2026 წლის 28 მაისს განათლების მინისტრის საპარლამენტო ინტერპელაცია ვიხილეთ. გივი მიქანაძემ განათლების რეფორმასთან დაკავშრებით საპარლამენტო ოპოზიციის მიერ დასმულ 44 შეკითხვას „გასცა პასუხი“.

44 შეკითხვიდან 8 ზოგადი განათლების რეფორმას კომპონენტს შეეხებოდა, შესაბამისად, მინისტრმა გარკვეული დრო სკოლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვასაც დაუთმო.

შეხვედრის მსვლელობისას გივი მიქანაძემ არაერთხელ გადაუხადა მადლობა საკუთარ უწყების თანამშრომლებს, ქართული ოცნების დეპუტატები კი თავად მინისტრს არ აკლებდნენ ქება-დიდებას „საჯილდაო ქვის აწევისთვის“, ანუ განათლების რეფორმის ფეხზე შეყენებისთვის; ამ საქმისთვის გაწეული უზარმაზარი შრომისთვის.

როცა ადამიანები ერთმანეთის შრომას აფასებენ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. ეს ყველაფერი სასიამოვნო მოსასმენიც იქნებოდა რომ არა ერთი გარემოება – ის, რასაც მინისტრი და „ქართული ოცნების“ დეპუტატები განათლების რეფორმას უწოდებდნენ სინამდვილეში მხოლოდ ირიბად არის კავშირში განათლების რეფორმასთან.

სამსაათიანი შეხვედრის ფარგლებში არავის უსაუბრია:

  • საგანმანათლებლო შინაარსებზე;
  • მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე, რაც განათლების ხარისხსა და ხარისხიან განათლებაზე მოქალაქეების საყოველთაო ხელმისაწვდომობას აუმჯობესებს, ან აუარესებს;
  • პრობლემებზე, რომელიც საქართველოს განათლების სისტემის განვითარებას აფერხებს….

რა შედეგების მიღებას ვარაუდობთ განათლების რეფორმის ფარგლებში? არც ამ შეკითხვაზე გაუცია პასუხი განათლების მინისტრს (მიუხედავად იმისა რომ ეს შეკითხვა ოპოზიციის მხრიდან წერილობით ჰქონდა მიწოდებული (შეკითხვა 41))

იმ შემთხვევაშიც კი, როცა მსჯელობა ერთი შეხედვით „განათლების ხარისხს“, „ხარისხიან განათლებაზე თანაბარ ხელმისაწვდომობას“ ვერ ასცდებოდა კვლავაც ტექნოკრატიულ ზედაპირულობას ვხედავდით და არა მეტ-ნაკლებად სიღრმისეულ მსჯელობას. სულ ცოტა ხუთი ასეთი შემთხვევა/მაგალითი მაინც ვიხილეთ გუშინდელ ინტერპელაციაზე:

(1) მინისტრი თავს დიდად იწონებდა უმაღლესი განათლების რეფორმით. აღნიშნა, რომ საუნივერსიტეტო პროგრამები ერთმანეთის მიყოლებით გადის ე.წ. „3 + 1 ფორმატში“ აკრედიტაციას, თუმცა, კვლავ პასუხგაუცემელი დარჩა მთავარი შეკითხვა:

– როდის მერეა, რომ საუნივერსიტეტო პროგრამების ხანგრძლივობის შემცირება მათი ხარისხის ამაღლება-გაუმჯობესებას განაპირობებს?

სირცხვილი „განათლების ხარისხი განვითარების ცენტრს“, რომელიც ასეთ სტილში შემცირებულ პროგრამებს უპრობლემოდ ანიჭებს აკრედიტაციას (ისე, თითქოს თავად არ ედავებოდა ცოტა ხნის წინ იმავე უნივერსიტეტებს 4+2 ფორმატში გაწერილი პროგრამების მიზნებისა და შედეგების რეალიზებისთვის საჭირო დროით ლიმიტებს).

(2) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაზე საუბრისას მინისტრმა ოპონენტებს დასცინა – არც კი იცით რომ ძველი სქემა ახალი „თანამედროვე“ სქემით შევცვალეთ – ო. თქვა ეს და, ნიშნის მოგებით, ისე გადახედა საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს, თითქოს „ახალ სქემაში“ მართლაც რაიმე იყოს ახალი (რაც 2025 წლის 31 დეკემბერს სქემაში შეცვალეს, ასეთი ტიპის კოსმეტიკური ცვლილებები ადრეც არაერთხელ შეუტანიათ „ძველ სქემაში“).

არავის უცდია ეპასუხა შეკითხვაზე – რას გულისხმობს „ახალი სქემის“ ფარგლებში მასწავლებლის პროფესიული განვითარება?

არ უცდიათ იმიტომ რომ ისევ იმავე „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი“ და „დარგობრივი მახასიათებელი“ აქვთ ამოსავლად; თვისებრივ სიახლედ კი კოსმეტიკურ ცვლილებებს ასაღებენ.

(3) ინკლუზიური განათლებაც არაერთხელ ახსენა მინისტრმა – მასწავლებელთა სახლს დაწყებითის მასწავლებლებს ტრენინგები ჰქონია თურმე დაწყებული ამ მიმართულებით, თუმცა, რას ასწავლიან მასწავლებლებს ამ ტრენინგზე ამის შესახებ არაფერი თქმულა.

იმედია სერიოზულად არ ფიქრობენ იმის გაკეთებას, რაც 2026 წლის 26 იანვარს დამტკიცებულ „ზოგადი განათლების სისტემის განვითარების ეროვნულ კონცეფციაში“ უწერიათ – ყველა მასწავლებელს ცენტრალიზებული-მასობრივი ტრენინგების გზით დაასწავლონ ის ფსიქოლოგიური შინაარსის საკითხები, რომელთა გააზრება აქამდე მულტი-გუნდის წევრებსაც კი უჭირდათ.

(4) მინისტრი ძალიან აღშფოთებული იყო იმით, რომ ოპოზიციამ პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით არ დასვა შეკითხვები – არაკომპეტენტურობას საყვედურობდა მათ ამის გამო. თუმცა, ოდნავ მოგვიანებით, როცა უკვე ოცნების დეპუტატებმა იკითხეს: – პროფესიული კოლეჯებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას რით ფიქრობთ – ო (იმაზე მინიშნებით, რომ კოლეჯდამთავრებულების კომპეტენციაც არ არის ამ ეტაპზე დიდად სახარბიელო), ამ შეკითხვას მიქანაძემ გვერდი აურა.

მან ბევრი ისაუბრა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, ახალი კოლეჯების შენების პროცესზე და კოლეჯებისთვის კონტინგენტის გაზრდის მექანიზმებზე (ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან პირდაპირ კოლეჯში გადაბარგების „ალტერნატივას“ რომ უჩენს ჩაჭრილ სტუდენტებს). ისე საუბრობდა თითქოს სასწავლებლების მხრიდან უფრო მეტი სტუდენტის მიღება რაიმე თვალსაზრისით ხარისხის ამაღლებას უწყობდეს ხელს.

როგორც ჩანს, პროფესიული და ინკლუზიური განათლების მიმართულებით ერთსა და იმავე ლოგიკას მისდევენ – თუ უწყება / სასწავლებელი მცირე რაოდენობის ბენეფიციარების განვითარებს ვერ უმკლავდება, გამოსავალია, მას ბევრად მეტი ადამიანისთვის იმავე სერვისის გაწევა დავავალოთ – უტყუარი ლოგიკაა ვერაფერს იტყვი.

(5) ყველაზე მეტი რიხით მინისტრმა ახალ სახელმძღვანელოებზე ისაუბრა. კერძოდ აღნიშნა:

– როგორ ვნებდა სახელმძღვანელოების ხარისხს ის გარემოება რომ სკოლას ორ, სამ და მეტ სახელმძღვანელოს შორის ჰქონდა არჩევანი გასაკეთებელი;

– რომ თურმე გრიფირების პროცესში ბევრი ძალიან კარგი ავტორი იყო ჩართული და მოქმედი წიგნების არაერთი თავი ცუდი არ არის (ეტყობა აპირებენ დღეს მოქმედი, ან გრიფირების პროცესში დაწუნებული წიგნები კოსმეტიკურად გადააკათონ და სექტემბერში „რევოლუციურად ახალ პროდუქტად’ გამოაცხადონ);

– ისაუბრა ასევე რაღაც მოკვლევაზე, რომელიც თურმე ფსიქოლოგებისა და მასწავლებლების ხელით განუხორციელებიათ; ახსენა ციფრული დამატებითი რესურსები, რომელიც თითქოს კვლავაც ვითარდება და რომელიც თითქოს კვლავაც საჭიროა;

– ითქვა ასევე პილოტირების ფრიად უცნაურ ფორმატზე, რომელიც ყველა, ანუ 2 000 – ზე მეტ სკოლაში უნდა განხორციელდეს. პილოტირება, როგორც წესი, რაიმეს მცირე მასშტაბებზე გამოყენა-დატესტვას გულისხმობს, მანამ ვიდრე ამ რაიმეს ყველა სკოლაში შევიტანდეთ. რა ლიგიკით ჰქვია პილოტირება 2 000 -ზე მეტი სკოლისთვის ყოველგვარი მომზადების გარეშე მიყრილ სახელმძღვანელოებს ამაზე შეუძლიათ იმ მასწავლებლებმა იმსჯელონ ვისაც სჯერა, რომ ეს პროცესი მართლა მათი დამოკიდებულებებისა და პედაგოგიური გამოცდილების შესასწავლად არის დაანონსებული (სინამდვილეში ამ ინიციატივის არსი დღესავით ნათელია – თუკი ხალხს სამინისტროს დაწერილი, უფრო სწორად ახლებურად გადაწერილი ძველი წიგნები არ მოეწონება იტყვიან, რომ ეს პილოტირებაა და არა რეალური დანერგვის პროცესი).

– იმსჯელა – წიგნების სისქე / მძიმე წიგნის ტარება როგორ აზიანებს ბავშვის ჯანმრთელობას და რატომ არის უმჯობესი სკოლებში ათ ნაწილად დაჩეხილი წიგნების სემესტრ-სემესტრ დარიგება (როცა ბავშვი საგნის მთელ შინაარსს წლიდან წლამდე ვერ ხედავს; არ შეუძლია წიგნი გადაშალოს და საგნის მთლიანი კონტურები დაინახოს);

სკოლის წიგნებთან დაკავშირებული ზემოჩამოთვლილი საკითხების განხილვას მინისტრმა საკმაოდ დიდი დრო მოანდომა. სამაგიეროდ სიტყვაც არ დასცდენია იმის შესახებ თუ რა იქნება ახალი ახალ სახელმძღვანელოებში (ან შინაარსობრივად, ან მეთოდოლოგიურად). ცხადია არც ეროვნული სასწავლო გეგმა გახსენებია ვინმეს (ეს დოკუმენტი მინისტრმა სულ სხვა კონტექსტში ახსენა, როცა აღნიშნავდა, რომ თურმე სკოლებისთვის სარეკომენდაციო საათობრივ ბადეს ამზადებენ).

შეგახსენებთ: ეროვნული სასწავლო გეგმის გამოქვეყნება სამინისტროს სახელმძღვანელოების დაწერამდე ევალება. ზოგადი განათლების კანონის მიხედვით (მუხლი 26) სამინისტრო:

„ჰ20) ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად… ქმნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს, უზრუნველყოფს მის ბეჭდვა“.

არსებობს კიდევ ინსტიტუციური და მორალური ვალდებულება -ახალი სახელმძღვანელოების შინაარსები მანამ განიხილო საზოგადოებასთან, ვიდრე წიგნებს ათი ათასობით ტირაჟით დაბეჭდავ და სასკოლო საზოგადოებას ფაქტის წინაშე დააყენებ.

მიქანაძის ადმინისტრაცია 2026 წლის 26 იანვარს დამტკიცებული „ზოგადი განათლების სისტემის გაეროვნული კონვეფციის“ შეაბამისი ეროვნული სასწავლო გეგმა არ გამოუქვეყნებია. ამით მან საზოგადოებას პირდაპირ უთხრა, რომ სასწავლო პროგრამების შინაარსი, საგნების განაწილება საფეხურების მიხედვით და სხვა მსგავსი საკითხები პრივატულად: გივი მიქანაძის, თამარ მახარაშვილის, ლალი კალანდაძემ, ეკა კვირიკაშვილის და სამინისტროს სხვა მსგავსი მოხელეების პრივატული საქმეა და არა საკითხი, რომელსაც საზოგადოებასთან შეთანხმება სჭირდება.

ეროვნული სასწავლო გეგმის „თამაშგარე მდგომარეობაში“ დატოვება მით უფრო შეურაცხმყოფელია თუ გავითვალისწინებთ, რომ ინტერპელაციაზე მინისტრი სკოლის საშუალო საფეხურის მოწყობაზე უკვე შემდგარი/შეთანმხებული კონცეფციის ფორმატში საუბრობდა. ახსენებდა:

  • საერთაშორისო გამოცდილებას, რომელიც თითქოს უკვე გაითვალისწინეს;
  • კონკრეტული საფეხურების მისიას: (ა) საბაზო საფეხურისგან განსხვავებით (სადაც თურმე „ფუნდამენტური საგნები“ ყოფილა მნიშვნელოვანი), მე-10 – 11 კლასებში პროფილურობაზე და ვიწრო სპეციალიზაციაზე მეტად ყოფილა საჭირო ყურადღების გამახვილება; (ბ) ზოგადი განათლებისა და პროფესიული მიმართულება როგორ მტკიცედ უნდა იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული;
  • სახელმძღვანელოების შინაარსის შეთანხმების პრინციპს (ისტორიის პროგრამის მაგალითზე).

რეპეტიტორიუმის დიდ მნიშვნელობის ხაზგასმაც არ დავიწყებია. სამაგიეროდ ყველანაირად ცდილობდა დაეკნინებინა მე-12 კლასის მნიშვნელობა (მიგვანიშნა, რომ მისი გაუქმება უმაღლესის ლოგიკით იყო ნაკარნახევი).

ასეთ საკითხებზე გივი მიქანაძე ხანგრძლივად საუბრობდა, თუმცა, არც კი შეგვპირებია რომ როდესმე გვაჩვენებს ეროვნულ სასწავლო გეგმას, სადაც ყოველივე ეს ხელშესახებად წერია (მაგალითად ჩანს: რა მიზნით არსებობს რეპეტიტორიუმი, რა ისწავლება მე-12 კლასში, რომელიც თან არის, მაგრამ თან არც არის ზოგადი განათლების ნაწილი და სხვა).

სამწუხაროდ, ეროვნული სასწავლო გეგმის დივერსიას მხოლოდ მიქანაძის ადმინისტრაცია არ ეწევა. ამ დოკუმენტს, რატომღაც, არც საპარლამენტო და არც არასაპარლამენტო ოპოზიცია სწყალობს (მას, როგორც წესი, არსად ახსენებენ).

მინისტრის პრეზენტაციიდან გავიგეთ ისიც, რომ – სექტემბრიდან ახალი წიგნები გვექნება პირველ, მეშვიდე და მეათე კლასებში: ქართულში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ქიმიაში, ფიზიკაში, ბიოლოგიაში და მათემატიკაში; თუმცა, თავი არ შეუწუხებიათ იმის ახსნაზე, თუ რატომ ვიქნებით მოკლებული ისეთივე პატივს სხვა საგნებში, მაგალითად, მუსიკაში, ხელოვნებასა და მოქალაქეობაში (იმედია იმიტომ არა, რომ ამ საგნებთან დაკავშირებით სხვა ტიპის გეგმები აქვთ).

ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ შინაარსობრივი აქცენტები არც რეფორმის სხვა, განათლების შინაარსთან შედარებით დაშორებულ, მიმართულებებზე საუბრისას გამოკვეთილა. მინისტრი ასეთი ტიპის ხუთ სარეფორმო მიმართულებას შეეხო:

(ა) ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები მხოლოდ განათლების სამინისტროს აღარ ეხება (პასუხისმგებლობა თურმე ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროსთან გაუნაწილებიათ); ანუ ამიერიდან დანგრეული და ავარიული სკოლები ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროების „პასუხისმგებლობაა“, თუმცა გარემონტებული სკოლა კი მაინც განათლების სამინისტროს ჩაეწერება „პიარ-აქტივში“;

(ბ) ადმინისტრაციისთვის ხელფასები ზრდა. ეტყობა ადმინისტრაციის თანამშრომლებს ერთგულება დაუფასდათ, თორემ მასწავლებელთა ხელფასებზე მინისტრი ყოველ ჯერზე: „თუ“ … , „მაშინ ….“, „გამომდინარე აქედან ….“ ფორმატში საუბრობდა. კერძოდ, საგნის გამოცდის ჩაბარების ვალდებულებას და პროფესიული განვითარების სქემას ახსენებდა საკადრო-სახელფასო პოლიტიკის კონტექსტში.

(გ) საკადრო პოლიტიკა, რომლის კონტექსტში განიხილება: 60 კრედიტიან პროგრამას, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, პედაგოგიურ ფაკულტეტებს, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემას (ამ ნაწილში მინისტრი სამწუხაროდ ყველაზე მეტად მოერიდა კონკრეტიკას); „ანტიკორუფციულ კანონებსაც“ საკადრო პოლიტიკასთან ბმაში ახსენებდა.

(გ) გრძელდება თურმე არაფორმალური განათლების კომპონენტის გამოყენებით და საპატრიარქოს ძალისხმევით „ღირებულებითი განათლების გაძლიერება“, ცხადია იმის მითითების გარეშე, თუ რას ასწავლიან სასულიერო პირები სკოლაში, ან რას გულისხმობდა ამ კუთხით შემუშავებული გადამზადების პროგრამა (გასაგებია, რომ ამ მხრივ შეკითხვის დასმაც კი მკრეხელობაა).

(დ) სასექტემბროდ სასკოლო ფორმების მზადების პროცესიც თურმე აქტიურად მინდინარეობს, მაგრამ დიდი შეფერხებით – 15 სექტემბრისთვის მხოლოდ 1-ელი კლასლებისთვის ხერხდება თურმე ფორმების მიწოდება; დანარჩენებს სემესტრის განმავლობაში დავაწევთ ფორმებსო აღნიშნა მინისტრმა (ასეთი ფორმულირებები განათლების სამინისტროს ენაზე სულ ცოტა ერთი წლით საქმის გადადებას ნიშნავს).

„იმედია“ საბოლოოდ სასკოლო ფორმებიც პირველკლასელთა რეგისტრაციის ბედს არ გაიზიარებს – გახსოვთ ალბათ, რამდენიმე თვის წინ როგორი რიხით წარმოაჩენდნენ რეფორმის პრიორიტეტად; როგორ მტკიცედ აცხადებდნენ, რომ 16 სექტემბერს და შემდეგ თვეებში დაბადებულ პირველკლასელებს პირველ კლასში არ დაარეგისტრირებდნენ, თუმცა, ცოტა ხნის წინ ეს თარიღი, ყოველგვარი ცერემონიის გარეშე, 1 იანვრამდე „გადაწიეს“; ინტერპელაციაზე კი ის საერთოდ აღარ უხსენებიათ.

ინტერპელაციის მსვლელობისას მიქანაძეს და ქართული ოცნების დეპუტატებს ქედმაღლური პოზიცია ეკავათ. „რეფორმის არსი ვერ გაიგეთო“ – საყვედურობდნენ საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებს. იმას კი არ ამბობდნენ, რომ „რეფორმის არსი“ არ იცის არც საპარლამენტო უმრავლესობის რომელიმე დეპუტატმა, არც სამინისტროს რომელიმე თანამშრომელმა, არც სასკოლო საზოგადოების წევრებმა და არც იმ მშობლებმა, რომლებსაც მიქანაძე ყველა რეგიონში ინტენსიურად ხვდება.

არ იცის მარტივი მიზეზის გამო – ამ რეფორმას შინაარსი / არსობრივი გამამთლიანებელი არ გააჩნია. ის რასაც „ქართული ოცნება“ რეფორმას უწოდებს სინამდვილეში არის განათლების სისტემის სხვადასხვა მიმართულებასთან დაკავშირებული პოპულისტური პიარ-განცხადებების კრებული. ამ პიარ-განცხადებებს პირობითი/ზედაპირული კავშირი აქვთ კონკრეტულ სისტემურ პრობლემებთან და არაფერი აქვთ საერთო ხარისხიან განათლებასთან, თუ ხარისხიანი განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობასთან (ცნებებთან, რომლებსაც ნორმალურ ვითარებაში განათლების რეფორმის კონცეფცია უნდა ეფუძნებოდეს).

განათლების სამინისტრო ცდილობს სისტემაში რაღაცების უსისტემოდ „დეფორმირებას“. ისეთი რაღაცების, რასაც შესაძლებელია ხმაური მოჰყვეს – ეს ხმაური კი შემდეგ პიარის სამსახურმა „რეალური რეფორმის“ გარდაუვალ ფონად უნდა გაასაღოს. გუშინდელი ინტერპელაციაც ამ ტიპის „ხმაურის ტირაჟირებას“ ისახავდა მიზნად”.

ამავე თემაზე:

გაურკვევლობა და პრობლემები სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო – „მსგავსი ქაოსი არ მახსენდება“

„არ ეჩვენებინოთ პროგრამა, სტანდარტი, რომლის საფუძველზეც სახელმძღვანელოები იწერება, ეს აქამდე არავის უკადრია“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური