GE

„აი, ამ ჯოჯოხეთის მერე, იღებ კაპიკებს“ – სახელმძღვანელოების ავტორის წერილი

გეოგრაფიის დოქტორი, ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის სახელმძღვანელოების, დამხმარე სასწავლო მასალებისა და ილუსტრირებული ლექსიკონების ავტორი მაია ბლიაძე სოციალურ ქსელში სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესის შესახებ წერს და რთულ პროცედურებზე საუბრობს. 19 მაისს გამოქვეყნებული წერილით ავტორი იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც სხვისი ავტორობით შექმნილ წიგნს დაუფიქრებლად აკრიტიკებს:

„ეს პოსტი იმათ ეხებათ, ვინც სახელმძღვანელოებს (არა აქვს მნიშვნელობა ვისას, რომელი საგნის და რომელი კლასის) აკრიტიკებთ და დაწვის ნებართვასაც კი ითხოვთ. ჰოდა, მოგიწოდებთ: არ მოგწონთ, მაშინ თავად დაწერეთ! ვინმემ დაგიშალათ? განათლების სამინისტრო სახელმძღვანელოების კონკურსს ყველასთვის აცხადებს და მიიღეთ მონაწილეობა. გაიარეთ ის ლამის “ჯოჯოხეთი”, რასაც ავტორები გადიან: უძილო ღამეები, 5 თვეში 3 რესურსის – მოსწავლე/მასწავლებლის წიგნები და მოსწავლის რვეული – შექმნა, მოიპოვეთ ვიზუალური მასალა, დახაზეთ რუკები, სქემები, დიაგრამები, მოიფიქრეთ დავალებები, შექმენით კომპლექსურები, თემატური მატრიცები…. ეს მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია იმისა, რასაც ავტორები აკეთებენ გამომცემლობებთან ერთად.

„მერე ჩააბარეთ თქვენი ნაშრომი სამინისტროს და დაელოდეთ ექსპერტების გადაწყვეტილებას: ისევ უძილო ღამეები, ნერვიულობა, მოლოდინი…. მერე მოდის პასუხი: ან მოაგროვებთ გამსვლელ ქულას ან ვერა. თუ ვერ მოაგროვეთ – უკვე შეგიძლიათ “დაისვენოთ” ან აპელაცია მოითხოვოთ. თუ მოაგროვეთ – ისევ უძილო ღამეები, რეკომენდაციების განხილვა, გასწორება. ამის მერე იწყება ფასების კონკურსი. შეიძლება შენს წიგნს 100 ქულა ჰქონდეს, მაგრამ უფრო დაბალქულიანმა წიგნმა გაჯობოს და ის აირჩიოს სახელმწიფომ, იმიტომ, რომ მისმა ავტორებმა “დიდი პატრიოტიზმი” გამოიჩინეს და ოღონდ მათი წიგნი დაბეჭდილიყო, ჩვენს სამშობლოს აჩუქეს, ანუ უსასყიდლოდ (ჰონორარზე უარი განაცხადეს) გადასცეს წიგნი.

„თუ ეს ეტაპიც გადალახეთ, ანუ “ვაჭრობის პროცესშიც” როგორღაც გაძვერით, მაშინ შეიძლება ითქვას, თითქმის ფინალში ხართ: ახლა მთავარია, სკოლებმა და მასწავლებელმა აგირჩიონ. ამ ეტაპზე უკვე სხვა ინსტრუმენტები აქტიურდება, მაგ; ნაცნობ- მეგობრობა, პირადი, პირდაპირი ან ირიბი კავშირები მასწავლებლებთან, დირექტორებთან, რესურსცენტრებთან და ა.შ. მთავარია, 5000 მოსწავლე “მოაგროვო”, რომ “დაგბეჭდონ”.

„ჰოდა, აი ამ “ჯოჯოხეთის” მერე, იღებ კაპიკებს (ზუსტად კაპიკებს, იმიტომ რომ ეს თანხა ზოგიერთი ჩვენი ჩინოვნიკის ზუსტად 1 თვის ხელფასია – იმ ჩინოვნიკის, რომელსაც 1 წიგნიც კი არ წაუკითხავს, და საერთოდ, წერა-კითხვა თუ იცის, ისიც დასადგენია. ოღონდ ეს სკოლის, მასწავლებლის და სახელმძღვანელოების ბრალი ნამდვილად არაა) და ამ დროს კითხულობ, რომ ვიღაც წერს, სახელმძღვანელოები უვარგისია, დასაწვავია, გადასაყრელია, მათი ბრალია რომ ვერ ვასწავლით, რომ არ სწავლობენ… ჰოდა, ამიტომ დავწერე ეს პოსტი, რომ მოკლედ გამეცნო, რა გზას გადის ავტორი და მისი სახელმძღვანელო, რომელიც შვილივით უყვარს.

„ამიერიდან, როცა სახელმძღვანელოს და მისი ავტორის კრიტიკას დაიწყებთ, მიწასთან გაასწორებთ, სანაგვეზე მიუჩენთ ადგილს, დასაწვავად გაამზადებთ და იმ კოცონის გარშემო როკვას დაიწყებთ, ჯერ იქნებ თავად ერთი განცხადება მაინც დაწეროთ უშეცდომოდ და მერე განიკითხოთ სხვები. მით უმეტეს, რომ ალტერნატივაც გაქვთ: იმით დავამთავრებ, რითაც დავიწყე: თავად დაწერეთ უკეთესი“, – წერს სახელმძღვანელოების ავტორი.

განათლება მდგრადი განვითარებისთვის – რა ამოცანები დგას მასწავლებელთა წინაშე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური