აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს არაყიშვილის ოპერის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ კლავირი საჩუქრად გადაეცა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს დიმიტრი არაყიშვილის ოპერის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ კლავირი საჩუქრად გადაეცა. ის გამოუქვეყნებელი სანოტო ტექსტების პირველი გამოცემაა და განხორციელდა პროექტის ფარგლებში, რომლის ძირითადი მიზანია კლასიკური კულტურული მემკვიდრეობის, პირველი ქართული ოპერების ხელნაწერების მოძიება.
პროექტის პირველი ნაწილი – მელიტონ ბალანჩივაძის ოპერის “დარეჯან ცბიერის” კლავირი 2022 წელს გამოვიდა და ისიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საჩუქრად მიიღო. დიმიტრი არაყიშვილის ოპერის “თქმულება შოთა რუსთაველზე“ კლავირს დისკის სახით დართული აქვს ოპერის დღემდე შემორჩენილი ერთადერთი სრული ჩანაწერი, რომელიც 1966 წელს, კომპოზიტორის გარდაცვალების შემდეგ გაკეთდა.
პროექტის ავტორი და მენეჯერია დავით გოგოლაშვილი, პროექტის თანაავტორი და მთავარი რედაქტორი – მარინა ქავთარაძე. პროექტი განხორციელდა ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის მიერ, მეცენატ ფრედერიკ პოულსენისა და ფონდ “ქართული გალობის” ფინანსური მხარდაჭერით.
ოპერის კლავირი საშუალებას მისცემს საშემსრულებლო ხელოვნების სტუდენტებს, პედაგოგებსა და დაინტერესებულ პირებს შეისწავლონ და განახორციელონ ოპერის როგორც ცალკეული ნაწყვეტების შესრულება და დადგმა, ისე მისი დიდი სცენისთვის მომზადება და საორკესტრო პარტიტურის მომზადების შემდგომ სარეპერტუარო სპექტაკლად გარდაქმნა.
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- აწსუ-ში მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე რეგისტრაცია იწყება by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- აწსუ-ში პირველკურსელთა რეგისტრაცია 5 სექტემბერს დაიწყება by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი