აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დამოუკიდებლობის დღე საჯარო ლექციებით აღინიშნა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საჯარო ლექციები გაიმართა. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებმა დისტანციურ ფორმატში ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან მოვლენაზე ისაუბრეს.
პროფესორმა ავთანდილ ნიკოლეიშვილმა საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ქართულ მწერლობაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ ქართული მწერლობა, მიუხედავად წინააღმდეგობისა, სათანადოდ გამოხატავდა თავის აზრს და მუდმივად იდგა ქვეყანაში ეროვნული მუხტის სადარაჯოზე.
,,ამ პერიოდში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პირველ ხანებში, იყო რამდენიმე პარტია და მძაფრი დაპირისპირებაც. სწორედ მაშინ ქართული მწერლობიდან წამოვიდა ტერმინი ,,საქართველოისტი“ და როდესაც შეეკითხებოდნენ გამორჩეულ შვილებს ჩვენი მწერლობის, მეცნიერების, საზოგადო მოღვაწეებისა, ისინი თავიანთ პარტიულ კუთვნილებას კი არ აღნიშნავდნენ, არამედ ამბობდნენ იმას, რომ ისინი საქართველოისტები იყვნენ – საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლები. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ჩვენი საზოგადოების პროგრესული ნაწილი, მათ შორის ჩვენი მწერლობის თვალსაჩინო წარმომადგენლები, მზად აღმოჩნდნენ მაშინ იმისათვის, რომ დაენახათ პერსპექტივა დამოუკიდებლობის და სათანადოდ გამოეხატათ დამოკიდებულება“, – აღნიშნა პროფესორმა ავთანდილ ნიკოლეიშვილმა.
პროფესორმა სულხან კუპრაშვილმა წაიკითხა ლექცია თემაზე: 1918 წლის 26 მაისი და საერთაშორისო ურთიერთობები. მოხსენების დასასრულს აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ ისტორიული მოვლენის შესახებ მომავალ თაობას ხშირად ვესაუბროთ.
,,1918 წლის 26 მაისის აქტი შვიდ ათეულზე მეტი ხნის განმავლობაში, საბჭოთა ეპოქაში, უბრალოდ დამალული იყო საზოგადოებისათვის. ბევრმა არც იცოდა ამ მოვლენის შესახებ. მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების ბოლოდან ხალხმა გაიგო და ბევრმა პირველად, რომ არსებობდა დამოუკიდებელი საქართველოს აქტი. ეს არის ყველაზე გამორჩეული თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რამაც საქართველო უცხოური ბატონობის შემდეგ ნაწილობრივ დააბრუნა საერთაშორისო საზოგადოებასთან. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მეტი ცოდნა ჰქონდეთ ჩვენს ახალგაზრდებს ამ თარიღის შესახებ, რათა იცოდნენ, როგორ მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა და როგორ შეეწირა უცხო ქვეყნის ინტერესებს საქართველოს პირველი რესპუბლიკა“, – განაცხადა პროფესორმა სულხან კუპრაშვილმა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ყოველ წელს სხვადასხვა ღონისძიებებით უერთდება.
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტების გამოგონება – „ჭკვიანი სახლი“
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი