GE

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტს ახალი სასწავლო სივრცე შეემატა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო კორპუსის პირველ სართულზე ახალი სასწავლო სივრცე მოეწყო. სამედიცინო სწავლებისათვის განკუთვნილი ახალი აუდიტორიები და მოსასვენებელი სივრცე რექტორმა, შალვა კირთაძემ, ადმინისტრაციის უფროსმა სერგო სვანაძემ, მედიცინის ფაკულტეტის დეკანთან, გია გაბუნიასთან ერთად გახსნა. ახალი სივრცეების საჭიროება ფაკულტეტზე ქართველი და უცხოელი სტუდენტების გაზრდილმა რაოდენობამ განაპირობა. ამასთანავე, როგორც ფაკულტეტზე ამბობენ, სათანადო აუდიტორული და კაბინეტური ფართისა და მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობა საშუალებას მისცემს საგანმანათლებლო პერსონალს, თანამედროვედ და უპრობლემოდ წარიმართოს სწავლისა და სწავლების პროცესი.

„უნივერსიტეტის ადმინისტრაციის აქტიური მხარდაჭერით ჩვენს სასწავლო ფართს შემოემატა კიდევ ერთი საგანმანათლებლო სივრცე სალექციო აუდიტორიებისა და სამედიცინო სწავლებისათვის აუცილებელი სპეციალური ოთახების სახით უნივერსიტეტის XI სამედიცინო კორპუსის პირველ სართულზე. სალექციო დარბაზები და საკონტაქტო აუდიტორიები აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიებით, კომპიუტერიზებულია, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების (PBL) სასწავლო პროცესისათვის გამოყოფილია სპეციალიზებული ე.წ. პდს ოთახები. არის თავისუფალი სტუდენტური სივრცე, სადაც ყველა პირობაა შექმნილი სწავლისაგან თავისუფალ ინტერვალში აქტიური დასვენებისა და განტვირთვისათვის. ასევე გამოყოფილია ოთახები პრობლემებზე ორიენტირებული სწავლება/ტუტორიალისათვის“, – აღნიშნა მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი გაბუნიამ.

ახალ სივრცეში მიმდინარეობს ახლახან შეძენილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის განთავსება, რაც ხელს შეუწყობს მომავალ მედიკოსებში დარგობრივი ცოდნის კომპეტენციის ჩამოყალიბებას საბაზისო ბიოსამედიცინო და კლინიკურ მეცნიერებათა სფეროში. ფაკულტეტზე ფიქრობენ, რომ სასწავლო გარემოს განახლება და განვითარება ხელს შეუწყობს დიპლომირებული მედიკოსების აღზრდას, რაც მნიშვნელოვანი საქმეა როგორც ქალაქისთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის. ამასთანავე, ხელს შეუწყობს ფაკულტეტის ცნობადობის გაზრდას არა მხოლოდ ქვეყნის, ინტერნაციონალური მასშტაბით.

„ჩვენ ასობით ქართველ და უცხოელ სტუდენტს ვთავაზობთ მრავალფეროვან სტუდენტურ სერვისებს და ვუქმნით მათ ხელშემწყობ გარემოს სრულფასოვანი სტუდენტური ცხოვრებისა და პიროვნული განვითარებისათვის. ფაკულტეტი აქტიურად არის ჩაბმული რეგიონისა და ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტიანობის ზრდის ხელშემწყობ პროცესებში“, – აღნიშნა ფაკულტეტის დეკანმა.

მისივე თქმით, ახალი სასწავლო-მეთოდური და შესაბამისი მატერიალურ – ტექნიკური რესურსებით უზრუნველყოფილი სივრცის გაფართოება მომავალშიც იგეგმება, რაც დიდ წვლილს შეიტანს მედიცინის ფაკულტეტზე სწავლის პროცესის სათანადო, მაღალ საგანმანათლებლო სტანდარტებზე მეტად მორგებაში.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური