GE

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საიუბილეო წლის შემაჯამებელი ღონიძიებები ჩატარდა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა. 19 ოქტომბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,საშემსრულებლო ხელოვნების” პროგრამის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ერთად უცხოური პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ. კონცერტის დასრულების შემდეგ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა კირთაძემ ,,საპატიო უნივერსიტეტელის მედლით” ღვაწლმოსილი თანამშრომლები დააჯილდოვა.

20 ოქტომბერს კი უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში სტუმართა ოფიციალური მიღება, სტუდენტთა და თანამშრომელთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, მოეწყო საზეიმო მსვლელობა უნივერსიტეტიდან დავით აღმაშენებლის ცენტრალურ მოედნამდე; უნივერსიტეტის საიუბილეო ღონისძიებების დასკვნით ნაწილს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრმა უმასპინძლა ღონისძიებებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის, ქართული და უცხოური პარტნიორი უნივერსიტეტების, ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

გიორგი ამილახვარმა საუბრისას ქუთაისისა და დასავლეთ საქართველოს განვითარების კუთხით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქუთაისი ნამდვილად იქცა რეგიონის მასშტაბით საგანმანათლებლო და სამეცნიერო ჰაბად, სადაც ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ევროპული ხარისხის განათლება. მისი თქმით, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუნქციონირება და მათ შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ამის თვალსაჩინო მაგალითია.

აღსანიშნავია, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს გამორჩეული ისტორია აქვს – 1933 წლის 13 თებერვალს ქუთაისში პედაგოგიურმა ინსტიტუტმა სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო. ამ მოვლენას წინ უძღოდა, 1930 წლის ივლისში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოთხ დამოუკიდებელ უმაღლეს სასწავლებლად დაყოფა. სწორედ ამ ოთხიდან ერთ-ერთი იყო პედაგოგიური ინსტიტუტი, რომელმაც 1933 წლიდან ქუთაისში გადმოინაცვლა. 1933-1990 წლებში სასწავლებელი ალექსანდრე წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსით არსებობდა, ხოლო 1990 წელს უმაღლესი სასწავლებელი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტად გარდაიქმნა. დღეს უნივერსიტეტი მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამებით აგრძელებს ფუნქციონირებას. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 44 საბაკალავრო, 34 სამაგისტრო, 7 სადოქტორო და სხვადასხვა საფეხურის 15 საგანმანათლებლო პროგრამაზე 9000-მდე სტუდენტი სწავლობს, მათ შორის, 800-მდე უცხოელია. სწავლებისა და კვლევის პროცესს 524 პროფესორი და 436 სპეციალისტი ემსახურება. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილეს აღნიშვნა მიმდინარე წლის 13 თებერვალს დაიწყო და მას შემდეგ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ორგანიზებით, არაერთი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm