GE

ალტე უნივერსიტეტის რჩეული მასწავლებელი დასახელდა

ალტე უნივერსიტეტი უკვე მეორე წელია, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს სპონსორია.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დასკვნითი ღონისძიება ყოველ წელს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს ტარდება. ჩვენი რჩეული წლევანდელ ღონისძიებაზე დიმიტრი პოპოვი გახდა.

დიმიტრის, ალტე უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა – ანი ამირანაშვილმა, უნივერსიტეტის სახელით, საჩუქრად ფულადი პრიზი გადასცა და მხარდაჭერა გამოუცხადა იმ ტექნოლოგიურ პროექტებში, რომელსაც იგი სკოლის მოსწავლეებისთვის განახორციელებს.

დიმიტრი სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში მათემატიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელია. მის სამუშაო გამოცდილებაში კარგად ჩანს მისი წვლილი კომპიუტერული ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარებაში. დიმიტრის სწავლების პროცესი გამოირჩევა ინოვაციურობით, ცდილობს შექმნას თანამედროვე სამყაროს მოთხოვნების შესაბამისი, მოსწავლეთა საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემო, რაც ალტე უნივერსიტეტისთვის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა.

წლების განმავლობაში, Microsoft Georgia-ს გუნდთან ერთად, დიმიტრი გეგმავდა და ახორციელებდა ციფრული ხელსაწყოების საკლასო სივრცეში გამოყენებაზე ორიენტირებულ პროექტებს. მისი მოსწავლეები კი დღეს ტექნოპარკის ბენეფიციარები არიან და სხვადასხვა საგრანტო კონკურსებში იღებენ მონაწილეობას.

ყოველწლიური რჩეულის გამოვლენასთან ერთად, ალტე უნივერსიტეტი მონაწილეობს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს სხვადასხვა პროექტებშიც. უკვე ორი წელია, მხარს ვუჭერთ ათეულთა კლუბის ინიციატივებსა და ვმასპინძლობთ მათ ყოველწლიურ კონფერენციას. სწორედ ათეულთა კლუბის ბაზაზე შეიქმნა მრჩეველ მასწავლებელთა საბჭო, რომელთან ერთადაც უნივერსიტეტი სკოლებში არსებული სხვადასხვა გამოწვევების დაძლევისთვის საჭირო პროექტებს დააინიცირებს და განახორციელებს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური