ალტე უნივერსიტეტის START-UP მარათონი 2025 – ინოვაციური იდეების განვითარების პლატფორმა მოსწავლეებისთვის
![](https://edu.aris.ge/news/wp-content/uploads/2025/02/maratoni-alte-458x257.jpg)
ალტე უნივერსიტეტი წელს უკვე მესამედ სასკოლო START-UP მარათონს იწყებს, რომელიც ახალგაზრდებში მეწარმეობის, ინოვაციური აზროვნებისა და ბიზნეს უნარების განვითარებას უწყობს ხელს. პროექტი TBC for Youth, TBC for Business, Entrepreneur Georgia და GITA • Tech Park-ის მხარდაჭერით ხორციელდება და სკოლის მოსწავლეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, თავიანთი ინოვაციური იდეები რეალობად აქციონ.
რას აძლევს START-UP მარათონი მონაწილეებს
START-UP მარათონი, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან, X, XI და XII კლასის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი. პროექტის მიზანია, ახალგაზრდების სასწავლო გამოცდილება რეალურ სამყაროსთან დააკავშიროს, დაეხმაროს მათ სამეწარმეო უნარების განვითარებაში და მისცეს ბიზნეს იდეების განხორციელების პრაქტიკული შესაძლებლობა.
“სტარტაპ-ეკოსისტემა ძლიერი ეკონომიკის საფუძველია, ალტე უნივერსიტეტის START-UP მარათონი კი ახალგაზრდებს სწორედ ანტრეპრენერული უნარების განვითარებას სთავაზობს. ის უნიკალური პლატფორმაა, სადაც სტუდენტები რეალურ ბიზნესგამოცდილებას იღებენ და ინოვაციურ იდეებს აცოცხლებენ. ჩვენ ახალგაზრდებს ვუქმნით გარემოს, სადაც ისინი სწავლობენ, როგორ შექმნან ღირებული ინიციატივები და დაიმკვიდრონ თავი გლობალურ ბიზნესში. წლევანდელი მარათონი მორიგ შესაძლებლობას წარმოადგენს იმ იდეებისთვის, რომლებიც საზღვრებს სცდებიან და ახალ პერსპექტივებს ხსნიან” – დავით კიკვიძე, ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი.
START-UP მარათონი მხოლოდ შეჯიბრი არ არის – ეს არის რეალური შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, მოიძიონ ინვესტორები, განავითარონ და შემდგომში, პროექტის ორგანიზატორებისა და მხარდამჭერების ჩართულობით, განახორციელონ თავიანთი ინოვაციური ბიზნეს პროექტები.
ამის ნათელი დადასტურებაა 2022 წლის START-UP მარათონის ფინალისტი – ზურა წიკლაური, რომელიც ამავე იდეით GITA-ს 150,000-ლარიანი საგრანტო პროგრამის ფინალისტიც გახდა. აქვე აღსანიშნავია გუნდი “Robobook”, რომელმაც 2022 წლის მარათონში TBC-ის გრანტი მოიპოვა და დაიწყო ინტერაქტიული წიგნის შექმნა რობოტიკის სწავლის ინოვაციური მეთოდით.
2023 წლის გამარჯვებული გუნდები “Robofarmia” და “DIDOSTATY” გახდნენ. TBC ახალი თაობისთვის და TBC სტარტაპერის რჩეულმა გუნდმა – Robofarmia საჩუქრად 5000 ლარი მიიღო. “Robofarmia“ ალტე უნივერსიტეტის ერთ-ერთ რჩეულადაც დასახელდა და უნივერსიტეტისგან დამატებით ფულადი პრიზი გადაეცა. უნივერსიტეტმა სასწავლო გრანტით დააჯილდოვა კიდევ ერთი გუნდის – “DIDOSTATY” – წევრები; საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო კი მათ პროტოტიპის დამუშავებასა და სხვადასხვა საგრანტო კონკურსში მონაწილეობაში დაეხმარა.
“ტექნოლოგიური სტარტაპები თანამედროვე ბიზნესის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა. ალტე უნივერსიტეტის START-UP მარათონი სწორედ იმ გარემოს ქმნის, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ, იდეიდან რეალურ პროდუქტამდე განავითარონ საკუთარი პროექტები. ეს არ არის მხოლოდ შეჯიბრი – ეს არის პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც მოსწავლეებს იდეიდან მაღალტექნოლოგიურ გადაწყვეტების შექმნის გზის სრულ ცილკს გაატარებს.
ალტე უნივერსიტეტის „ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრი“ ორიენტირებულია ტექნოლოგიური ინოვაციების პრაქტიკულ განვითარებაზე. მარათონის მსვლელობისას მოსწავლეებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, ტექნოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, განახორციელონ უნიკალური იდეები და მომავლის ბიზნესგარემოში რეალური ადგილი დაიკავონ” – ალტე უნივერსიტეტის „ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის“ ხელმძღვანელი და საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის დეკანი – რუსუდან სანაძე.
როგორ მიმდინარეობს პროექტი
მონაწილეებმა უნდა შექმნან სამი ან ოთხი მოსწავლისგან დაკომპლექტებული გუნდი, შემდეგ კი გაიარონ რეგისტრაცია და ჩაერთონ პროექტის სხვადასხვა ეტაპზე:
- იდეებისა და მონაწილეების რეგისტრაცია – პირველ ეტაპზე გუნდები ავსებენ განაცხადს და თავიანთ ბიზნეს იდეებს არეგისტრირებენ;
- შერჩევა და გადარჩევა – ჟიური წარდგენილ იდეებს განიხილავს და საუკეთესო გუნდებს არჩევს;
- ტრენინგ-სესიები – შერჩეული მონაწილეები პრაქტიკულ ტრენინგებს გადიან, სადაც ბიზნესმოდელირებას, ინოვაციური პროექტების მართვასა და ანტრეპრენერულ აზროვნებას შეისწავლიან;
- მენტორინგი – გუნდები გამოცდილ მენტორებთან ერთად მუშაობენ, რომლებიც მათ იდეების დახვეწასა და განვითარებაში ეხმარებიან;
- ფინალური ღონისძიება – საუკეთესო გუნდები ფინალში თავიანთ პროექტებს წარადგენენ, რის შემდეგაც გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
რა ელოდებათ გამარჯვებულებს
- ალტე უნივერსიტეტი გამარჯვებულ გუნდს უნივერსიტეტში არსებული “ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის” სერვისების გამოყენებით, დაეხმარება ინვესტორების მოძიებასა და იდეის განვითარებაში.
- თიბისი თავის რჩეულ გუნდს ფულად პრიზს გადასცემს, რომელიც მათ ბიზნეს იდეის განხორციელებაში დაეხმარება.
- Entrepreneur Georgia ერთ-ერთი გუნდის მედია მხარდამჭერი გახდება, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, თავიანთი იდეა ფართო აუდიტორიას გააცნონ.
- GITA • Tech Park კი საკუთარ რჩეულ გუნდს პროტოტიპის შექმნაში დაეხმარება, რაც მონაწილეებს მისცემს შანსს, თავიანთი იდეა რეალურად განახორციელონ.
რატომ უნდა მიიღო მონაწილეობა
START-UP მარათონი შესაძლებლობას მოგცემს, შეიძინო რეალური გამოცდილება, გაიცნო წარმატებული მეწარმეები და მიიღო პრაქტიკული ცოდნა ბიზნესისა და ინოვაციების შესახებ.
დამატებით, შეძლებ გაიღრმავო ცოდნა სამეწარმეო აზროვნებაში, ბიზნეს პროცესების მართვასა და ინვესტიციების მოზიდვაში. ეს უნარები კი არამხოლოდ სტარტაპის წამოწყებაში, არამედ კარიერულ განვითარებაშიც დაგეხმარება.
როგორ დარეგისტრირდე
აპლიკაციების მიღება 4 თებერვალს დაიწყო და 25 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
არ გამოტოვო შესაძლებლობა, გახდე მომავლის ანტრეპრენერი!
-
მოსწავლეებისთვის ალტე უნივერსიტეტის ყოველწლიური სასკოლო „Start-up მარათონი“ იწყება – რეგისტრაციის ვადები და პრიზები by ალტე უნივერსიტეტი
-
სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ალტე უნივერსიტეტში პირველადი გადაუდებელი დახმარების კურსს გაივლიან – რეგისტრაცია by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა დაიწყო – პროგრამები, ადგილები და ფასები by ალტე უნივერსიტეტი