GE

ან ყველაფერი, ან არაფერი – მაგისტრობის მსურველები დაფინანსების არსებულ წესს უსამართლოდ მიიჩნევენ

„თანაბარ პირობებში არ ვართ“ – ეს საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გასული აპლიკანტის სიტყვებია, რომელიც მიიჩნევს, რომ მაგისტრატურის დაფინანსების წესი – იღებ 100 %-იან გრანტს, ან არაფერს, უსამართლოა. მაგისტრობის მსურველები აცხადებენ, რომ გაუგებარია რატომ არ აქვთ მათაც შანსი 50%-იანი, ან 70%-იანი გრანტი აიღონ.

მათი აზრით, ეს ბევრი ახალგაზრდის პრობლემას მოაგვარებდა, რომელსაც სწავლის გაგრძელება უნდა, მაგრამ ოჯახს საფასურის გადახდის საშუალება არ აქვს. 100 %-იანი გრანტის აღება კი, ჩვენი რესპონდენტების თქმით, არცთუ მარტივია.

ნინო ბალიაშვილი სამართლის ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად ემზადება. გამოცდიდან კმაყოფილი გამოვიდა. სასიამოვნოდ გაკვირვებულიც კი, რადგან ტესტი იმაზე მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე წინა წლებიდან გამომდინარე ელოდა.

„(დაფინანსების წესი) მიმაჩნია, რომ უსამართლოა. 100 %-იანი გრანტის აღების შანსი დაბალია. თანაბარ პირობებში არ ვართ. თან, ზოგიერთი ფაკულტეტისთვის ძალიან დაბალი ბიუჯეტია გამოყოფილი და  ამის გამო ბავშვები დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არიან. პოპულარულ პროფესიებზე ნაკლები თანხაა გამოყოფილი და ნაკლებად პოპულარულები კი წახალისებულია. მე სამართლის ფაკულტეტზე ვაბარებ და აქ მხოლოდ 3 %-ია გამოყოფილი. გრანტს ავიღებ თუ არა, არ ვიცი. რომ ყოფილიყო 50-70 %-იანი გრანტები, მაშინ რომელიმეს მაინც აუცილებლად ავიღებდი. ეს ჩემი ოჯახისათვის, რა თქმა უნდა, დიდი შეღავათი იქნებოდა. ზოგადად, საქართველოში მაგისტრატურაში თანხის გადახდა ბევრს ისედაც არ უღირს. უნივერსიტეტს გააჩნია,  თუმცა საქართველოში არსებული განათლების დონისთვის მაინც შეუსაბამო ფასებია. ბევრი ჩემი მეგობარი მხოლოდ მაგიტომ არ აბარებს, რომ შეუძლიათ ამ ფასად მაგისტრატურა ევროპაში გაიარონ. მე მაინც ჩაბარება გადავწყვიტე და დაფინანსება რომც ვერ ავიღო, სწავლას მაინც გავაგრძელებ,“ – ამბობს ნინო.

დაფიფანსების არსებული წესი უსამართლოდ მიაჩნია მაგისტრობის კიდევ ერთ მსურველსაც, რომელსაც 177-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრთან ვესაუბრეთ.  იგი ეკონომიკის ფაკულტეტზე აბარებს, სადაც საკმაოდ მაღალი კონკურსია. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული იმაში, რომ დაფინანსებას მიიღებს, არაა.

„ეკონომიკის ფაკულტეტზე გრანტის მისაღებად, მოგეხსენებათ, საკმაოდ მაღალი ქულებია საჭირო. გამოცდა კარგად დავწერე, მაგრამ გრანტს რამდენად ეყოფა, არ ვიცი. მე პარალელურად ვმუშაობ და კარგად მომზადება ვერც მოვახერხე. არადა, ჩემს ოჯახს არ აქვს იმის საშუალება, რომ სწავლის გადასახადი გადამიხადოს. ჩვენც ისე რომ ვფინანსდებოდეთ, როგორც ბაკალავრები, ანუ ნაწილობრივი დაფინანსების აღება რომ შეგვეძლოს, ეს უკვე დიდი დახმარება იქნებოდა. ჩემნაირი ბავშვები სწავლის გაგრძელებას შეძლებდნენ. გრანტი თუ ვერ ავიღე, ალბათ, ვერც ვისწავლი. უსამართლობაა, სწავლა არ შემეძლოს მხოლოდ იმიტომ, რომ არ გვაძლევენ მაგალითად 50 %-იან გრანტს. ან ყველაფერს იღებ, ან არაფერს,“ – ამბობს მაგისტრობის მსურველი.

იგივე მოსაზრება დააფიქსირა ჩვენთან საუბრისას აბსოლუტურად ყველა აპლიკანტმა, რომელთაც დღეს საგამოცდო ცენტრებთან ვესაუბრეთ. თითოეული მათგანისთვის გაუგებარია რატომ უნდა განსხვავდებოდეს გრანტის აღების პრინციპი მაგისტრატურაზე ჩაბარების დროს. ნინო ოქრიაშვილი ერთ-ერთი მათგანია. იგი სასურსათო ტექნოლოგიების ფაკულტეტზე აბარებს. ფიქრობს, რომ ტესტი კარგად დაწერა. თუმცა ეყოფა თუ არა ქულები გრანტს, ამაზე ნინოს პასუხის გაცემა უჭირს.

„პროცენტული დაფინანსება რომ იყოს, რაღაცას მაინც ავიღებდი. არაა სამართლიანი ის, რომ საუკეთესოდ თუ არ დაწერ, ვერაფერს იღებ. შეიძლება ვიღაცას არ ჰქონდეს შანსი, რომ 100%-იანი გრანტი აიღოს, მაგრამ ჰქონდეს 50%-იანი, ან 70 %-იანი გრანტის შანსი და ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყოს. სულ არაფერს ეს ნამდვილად ჯობია. პირადად მე 50 %-იან გრანტს ნამდვილად ავიღებდი, 70-იანსაც, შეიძლება. ახლა კი, არ ვიცი“, – აღნიშნავს ნინო.

ილონა ვართანოვა სწავლას საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრატურაზე აგრძელებს. სხვების მსგავსად, გამოცდა მასაც მარტივი მოეჩვენა. მითუფრო, უკვე აქვს გამოცდილება გასული წლის, როცა სამაგისტრო გამოცდა გაიარა, სწავლა დაიწყო, მაგრამ შემდეგ სტატუსი შეიჩერა და წელს გამოცდაზე ხელახლა გავიდა. დაფინანსების წესი მასაც არალოგიკურად მიაჩნია და ფიქრობს, რომ ნაწილობრივი დაფინანსება აუცილებელია.

„მე პირადად გადასახადს გადახდის პრობლემა ჯერ არ შემქმნია, რადგან სოხუმის უნივერსიტეტში განათლების სამინისტრომ სწავლა დამიფინანსა და ასევე, მერიამაც მომცა დაფინანსება, სოციალური პაკეტისა და მაღალი ქულების გამო. ეს თანხები ჯერ კიდევ დარჩენილია. ანუ, ერთი წელი კიდევ შემიძლია უფასოდ ვისწავლო. 100%-იანი გრანტის აღების იმედი კი არ მაქვს“, – ამბობს ილონა.

მაგისტრობის მსურველებს ჩვენ აზრი იმ დამტკიცებულ წესთან დაკავშირებითაც ვკითხეთ, რომლის მიხედვითაც, ზოგიერთ მიმართულებაზე  ბაკალავრიატის 3 წლამდე, ხოლო მაგისტრატურის 1 წლამდე შემცირება იგეგმება. წესი მიხეილ ბატიაშვილის მინისტრობის დროს, 2019 წელს დამტკიცდა, თუმცა, როდიდან შევა იგი ძალაში, ჯერ კიდევ უცნობია.

დავინტერესდით რამდენად მართებულად მიიჩნევენ მოსალოდნელ ცვლილებას ადამიანები, რომელთაც ეს-ესაა დაასრულეს ბაკალავრიატი და მაგისტრატურაზე აპირებენ სწავლის გაგრძელებას. აღნიშნულ საკითხზე მათი აზრები იყოფა. ზოგიერთი მათგანი ფიქრობს, რომ სასწალო პროგრამის შემჭიდროვების შემთხვევაში აუცილებელი კრედიტების გავლა უფრო მოკლე დროშიც შესაძლებელია, ზოგისთვის ეს ხარისხის დაკლებაა, ზოგი კი მიიჩნევს, რომ სპეციალობას გააჩნია.

„პირადად მე ჟურნალისტიკა დავამთავრე და ნამდვილად ვფიქრობ, რომ 4 წელი ბევრი იყო. 3 წელშიც თავისუფლად გავივლიდი იმ ყველაფერს, რაც 4 წელზე იყო განაწილებული. სხვა სპეციალობებიდან ვირჩევდი საგნებს კრედიტების შესავსებად. ეს დროის დაზოგვაც იქნება და ჩვენი ფულისაც. თუმცა, ყველა სპეციალობაზე ამას ვერ ვიტყვი, რა თქმა უნდა. მაგალითად სამედიცინოს ფაკულტეტებზე სწავლის ხანგრძლივობის შემცირება წარმოუდგენელი მგონია,“ – ამბობს მარიამი, რომელიც მაგისტრატურის გავლას სოციალურ მეცნიერებებში აპირებს და ფიქრობს, რომ სასწავლო პროგრამის 1 წელში ჩატევა აქაც შესაძლებელია.

„ვისაც სწავლა უნდა, 1 წელიწადშიც ისწავლის“ – ეს ნინო ოქრიაშვილის აზრია, რომელიც აცხადებს, რომ 2 წელში გასავლელი პროგრამის მოსწრება 1 წელიწადშიც სრულიად შესაძლებელია.

საკითხს განსხვავებულად უყურებს ნიკო, რომელმაც გამოცდა 177-ე სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ჩააბარა. ის ფიქრობს, რომ სწავლის დროის შემცირება პრაქტიკების ხარჯზე მოხდება, რაც ისედაც მცირე დოზებით ჩასმულ პრაქტიკულ მუშაობას, ფორმალურს გახდის.

„ზოგ სპეციალობაზე პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე თეორიის შესწავლა. ჩემი ძმა არქეოლოგია და მაგისტრატურაზე დიდი დრო პრაქტიკებს დაეთმო. ამას თუ შეამცირებენ რაღა დარჩება? ასეთი განათლება იქნება უხარისხო და არ გვეყოლება მცოდნე სპეციალისტები. 1 წელი მაგისტრის დიპლომის ასაღებად ცოტა მგონია,“ – ამბობს ნიკო.

მაგისტრატურის გამოცდები ხვალ, 4 აგვისტროს სრულდება და ამით გამოცდები 2020-იც დამთავრდება.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური