“არ დაგიქუცმაცებიათ შეშა კლასის გასათბობად? ე.ი. არ ყოფილხართ სოფლის სკოლის მასწი”
თავისუფალი ტრიბუნის სტუმარია ეკა ცხადაია მაიკროსოფტის ექსპეტ მასწავლებელი. ევროპის ქვეყნების მასწავლებელთა საგანმანათლებლო პროგრამა eTwinning-ის ამბასადორი. აღნიშნული პროგრამის ტრენერ-მასწავლებელი. ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას სოფელ ნოჯიხევის საჯარო სკოლაში.
სოფლის სკოლას თავისი სპეციფიკა აქვს. აქ ჩვეულებრივი ამბავია საშემოდგომო სამუშაოების დროს ბავშვები რომ ოჯახებს ეხმარებიან, აქ მასწავლებელს ხშირად ისეთი საქმის გაკეთება უწევს, რისგანაც ქალაქის სკოლის პედაგოგები დაზღვეულნი არიან. მაგალითად, კლასის გათბობა, დალაგება. ეს ის ,,აქტივობაა“, რომელიც არც ერთი სქემით, არც ერთი კრიტერიუმით არ ფასდება და ვერც შეფასდება. ეს ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია. ამიტომ არ მიყვარს ზამთარი. ვერ ვიტყვი, რომ შეშით უზრუნველყოფილი არ ვართ. კი, ბატონო, გვაქვს. ფიზ.კულტურის მასწავლებელი ჩეხს და გვირიგებს. არც მას ევალება ამის გაკეთება, მაგრამ პატივისცემა და სხვა ადამიანური თვისებები აკეთებინებს ამას. ასე ვეხმარებით ერთმანეთს. ამიტომ არ არის სოფლის სკოლაში ნაჯახიანი მასწავლებელი უცნაური სანახავი. ასხლეტილი ნაფოტისგან სიმწრის ცრემლებიც მიყრია და მთელი გაკვეთილი ნედლი შეშისთვის სული მიბერია, ოდნავ რომ გამეთბო ოთახი. გულდასაწყვეტია ეს ამბავი. არ მომწონს ასეთი გარემო. სამწუხაროდ, ცვლილების პერსპექტივასაც ვერ ვხედავ.
თუ სწავლა-სწავლების ხარისხით საჯარო სკოლები თითქმის არ განსხვავდებიან, ქალაქისა და სოფლის სკოლების გარემო რადიკალურად განსხვავდება. გარემოში არა მარტო ინფრასტრუქტურას, არამედ ღირებულებათა სისტემასაც ვგულისხმობ. სკოლა სოციალური ინსტიტუტია და ის ყოველთვის გაუწევს ანგარიშს საზოგადოების დამოკიდებულებას. რაც უფრო პატარაა რაიონი, სოფელი, მით უფრო ლოიალურია თემი მტკივნეული საკითხებისადმი.
სოფლის სკოლაში მასწავლებლობა რთულიცაა და იოლიც. მეზობლობა, ახლობლობა სერიოზული ინსტიტუტია და ამ ფაქტორით მშობელიც და მოსწავლეც უფრო იოლად ჰპატიობს ადამიანს არაპროფესიონალიზმს. ხათრი აქვს და თვალს ხუჭავს ბევრ რამეზე. მქონდა შემთხვევა, როცა მშობელმა მთხოვა მე მომეგვარებინა პრობლემა სხვა მასწავლებელთან, იმიტომ რომ ოჯახი მეზობლობას იმიზეზებდა და თავად არ აძლევდა ურთიერთობის გარკვევის საშუალებას. სოფლის სკოლის მასწავლებელმა თითქმის ყველა ბავშვის ოჯახზე ყველაფერი იცის. ყოველდღიურად ხვდებიან, ჭირსა და ლხინში ეხმარებიან ერთმანეთს. ხშირ შემთხვევაში მშობლებიც ყოფილი მოსწავლეები არიან და სულ სხვა რიდი და პატივისცემაა. ეს ფაქტორები კიდევაც გეხმარება და კიდევაც ხელს გიშლის.
არ არსებობს კრიტიკა, ეს ძალიან ხელისშემშლელია. როცა ყველა ამჩნევს, ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ყველა შინაურია და არავინ არაფერს იმჩნევს. რთულია ასეთ ოჯახურ-თემურ გარემოში უცხოსთვის, ,,მოსული“ არასოფლელი მასწავლებლისთვის თავის დამკვიდრება. არ აქვს მნიშვნელობა საიდან ხარ „მოსული“, სხვა რეგიონიდან თუ იმავე ქალაქის ცენტრიდან. ძნელად აღიარებენ ასეთის ავტორიტეტს. მით უფრო პრეტენზიები თუ გამოთქვა. აქ ამოქმედდება სწორედ ის მეზობლურ-თემურ-კლანური დამოკიდებულება.
სამწუხაროდ, მშობლების მცირე რაოდენობაა დაინტერესებული სასკოლო ცხოვრებით. უფრო მეტს არ სცალია სკოლისთვის სხვადასხვა მიზემით. დიახ, მათ აქვთ შესაძლებლობა სამეურვეო საბჭოში აირჩნენ და მიიღონ სასკოლო ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, მაგრამ სამეურვეო შეზღუდულია საქმიანობაში, ბევრ ვერაფერს წყვეტს. შესაბამისად, დაინტერესება ნაკლებია. ასეც რომ არ იყოს, რაც უფრო პატარა თემს ემსახურება სკოლა, მით უფრო დიდია ამ ტიპის აქტივობის ფორმალობის მაჩვენებელი. ამ და ზემოთაღნიშნული მიზეზით სოფლის თემი უფრო ლოიალური და შემგუებელია რიგი პრობლემებისადმი.
დიახ, სამუშაო გარემო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატებული საქმიანობისთვის, მაგრამ არა გადამწყვეტი. ყველაზე მთავარი არის შინაგანი მოტივაცია და სურვილი, იყო უკეთესი-ისწავლო ახალი, ასწავლო უკეთესად. თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებმა და საინფორმაციო ეპოქამ თანდათან გამოაძევა ძველი ყაიდის სისტემა, სრულიად შეცვალა სასწავლო პარადიგმა. საჭირო გახდა სასწავლო პროცესის მოდერნიზება, რათა ადამიანებმა საკუთარი უნარებისა და მუდმივი განვითარების ხარჯზე შეძლონ ღირსეული ადგილის მოპოვება საზოგადოებაში. არის რაღაცები, რასაც მასწავლებელი ვერ ცვლის, მაგრამ სასწავლო პროცესის თანამედროვე სტანდარტების შესაბამსად დაგეგმვა-ჩატარება ნებისმიერ ჩვენგანს უნდა შეეძლოს.
მიუხედავად იმისა, რომ მეც ბევრი მასწავლებელივით მიხდება ყოფითი პრობლემების მოგვარება – მასწავლებელიც ვარ, ცეცხლფარეშიც და დამლაგებელიც, ჩემთვის ამას ხელი არ შეუშლია არც სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარებაში, არც კონფერენციებში მონაწილეობაში, არც ტრენინგებზე სიარულში, სამინისტროსა და სხვა ორგანიზაციების გამოცხადებულ სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებში ჩემი მოსწავლეების წარმატებებში. გრანტიც მიგვიღია და ევროპელ ბავშვებთან ერთად ვმონაწილეობთ საერთო პროექტებში. არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებ. ვაკეთებ აუცილებელს, იმას, რასაც ძალიან ბევრი ჩემთვის ნაცნობი და პატივსაცემი მასწავლებელი. მთავარია, სურვილი და ცოტა ხელშეწყობა. ხელშეწყობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ გვაქვს. არ მინდა ზედმეტად ოპტიმისტად ჩამთვალოთ. შინაგანი მოტივაციაც არ არის Perpetuum Mobile (წარმოსახვითი მანქანა, რომელიც დაქოქვის მერე განუსაზღვრელი დროით იმუშავებს), ყველაფერი გამოლევადია. მუდმივად ცვალებად და მოლოდინის რეჟიმში ცხოვრება ჩანაფიქრების ჩაშლას იწვევს, რაც ნამდვილად არ წაადგება სკოლას სასიკეთოდ და შეგონება ,,რაც არ გკლავს, მხოლოდ გაძლიერებს” – ყოველთვის არ მუშაობს..
ავტორი ეკა ცხადაია – მაიკროსოფტის ექსპეტ მასწავლებელი. ევროპის ქვეყნების მასწავლებელთა საგანმანათლებლო პროგრამა eTwinning-ის ამბასადორი. აღნიშნული პროგრამის ტრენერ–მასწავლებელი. ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას სოფელ ნოჯიხევის საჯარო სკოლაში.
- „ამ ბოლო გაბრძოლების შემდეგ დავტოვე სკოლა და ქვეყანა“ – კიდევ ერთი მასწავლებლის ისტორია by თავისუფალი ტრიბუნა
- „…სასწავლო პროცესი კარს მომდგარია და დამსაქმებელმა ფაქტობრივად უმუშევარი დამტოვა“ – რა დეტალებს იხსენებს სკოლიდან გათავისუფლებული ახალგაზრდა პედაგოგი by თავისუფალი ტრიბუნა
- „და ჩემი ჯერიც მოვიდა…“ – მასწავლებლი სკოლიდან გათავისუფლების საკუთარ ისტორიას ყვება by თავისუფალი ტრიბუნა