GE

„არ გამოიყენოთ არაფორმალური სიტყვები, „wanna“ და „gonna“ – წინასაგამოცდო გაფრთხილება მათთვის, ვისაც დღეს ინგლისური ენის გამოცდა აქვს“

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 8 ივლისს, ინგლისური ენის გამოცდით გრძელდება. სავალდებულო საგანს აბიტურიენტები რამდენიმე დღის განმავლობაში, სხვადასხვა სესიებზე ჩააბარებენ ინგლისურ, გერმანულ, რუსულ და ფრანგულ ენაში, იმის მიხედვით, თუ რომელი საგანი აირჩიეს. ყველაზე მეტი გამოსაცდელი ინგლისურ ენას აბარებს.

უცხოური ენების ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი – 2 საათი და 30 წუთი, აბიტურიენტებს 6 დახურული და 1 ღია დავალების შესრულება მოუწევთ.

როგორც საგამოცდო ცენტრებში მისული პირველი სესიის გამოსაცდელებთან გავარკვიეთ, ისინი თავს მშვიდად გრძნობენ, დავალებებიდან კი ყველაზე მეტად მაინც თხზულების წერა აშინებთ, რადგან 16-ქულიანი დავალებაა.

ინგლისური ენის გამოცდილი სპეციალისტი, ირმა მესხორაძე აპლიკანტებს წინასაგამოცდო რჩევას EDU.ARIS.GE-ს დახმარებით აძლევს და საუბრობს, რა უნდა გაითვალისწინონ იმ აბიტურიენტებმა, რომლებსაც თხზულების წერა განსაკუთრებით აშინებთ.

“ტესტზე მუშაობის პროცესში მთავარი მაინც არის, რომ კარგად გაეცნოთ დავალების პირობას, ეს უკვე ნახევრად გაკეთებული დავალებაა, როცა პირობა გააზრებულია”.

თხზულების წერის დროს:

“არ არის სასურველი მაღალფარდოვანი, შაბლონური, დაზეპირებული ფრაზების გამოყენება ესეში. აბიტურიენტი ასეთ ნაშრომში მაღალ შეფასებას ვერ მიიღებს, რადგან თხზულებაში ამოწმებენ არა იმას თუ რამდენი სიტყვის სწორად დაწერა შეგიძლიათ, არამედ თქვენს უნარს, მკაფიოდ და გასაგებად დააფიქსიროთ აზრი, არგუმენტირებულად იმსჯელოთ საკუთარი პოზიციის შესახებ ინგლისურ ენაზე”, – ამბობს ირმა მესხორაძე.

თხზულების წერის დროს სპეციალისტი აბიტურიენტებს ფორმალური, აკადემიური ენის გამოყენებას ურჩევს და საკუთარ დაკვირვებაზეც გვიყვება.

“შესაძლებელია გამოიყენოთ კონკრეტული სიტყვების შემოკლებული ფორმები, მაგრამ გირჩევთ, არ გამოიყენოთ ისეთი სიტყვები, როგორიცაა “wanna” ან “gonna”, რადგან არაფორმალური სიტყვებია და ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ესეში არაა მისაღები მსგავსი ფორმის სიტყვების გამოყენება”.

ინგლისური ენის გამოცდის წერას პირველი სესიის მონაწილეები 09:00 საათზე დაიწყებენ. აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს.

ასევე იხილეთ:

იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური