GE

„არ მაქვს იმედი, რომ დავსაქმდები, ამ სფეროში ძალიან დიდი უსამართლობაა“ – მაძიებელი მასწავლებელი გამოცდიდან

„ბედის წყალობის იმედად ვარ, რეალურად, დასაქმების იმედი ნამდვილად არ მაქვს”, – ეს მასწავლებლობის მაძიებელთა გამოცდიდან გამოსული ქალბატონის სიტყვებია, რომელიც უკვე დიდი ხანია სისტემაში მოხვედრასა და საჯარო სკოლაში პედაგოგად დასაქმებას ცდილობს. ამისათვის სამი გამოცდაც ჩააბარა – პირველი ორი წარმატებით, მაღალი ქულებით, მესამესგანაც კარგ შედეგს ელის. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, მისთვის სკოლაში ადგილი არ გამოინახა.

ქალბატონი, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვწერთ, მიიჩნევს, რომ სისტემა უსამართლოა, გაუგებარია რა კრიტერიუმებით არჩევენ სკოლებში პედაგოგებს და საერთოდ, გაუგებარია რა საჭიროა აღნიშნული გამოცდები, თუკი მის შედეგს არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება.

„მე მესამე გამოცდა ჩავაბარე ქართულში. ჩაბარებული მაქვს მე-7-12 კლასების ქართული ენა და ლიტერატურა, ასევე, ქართული, როგორც მეორე ენა, რადგან თურქოლოგი ვარ. ახლა კი, I-VI კლასების ქართული ენა და ლიტერატურა ჩავაბარე. არ ვიცი რა კრიტერიუმებია, მაგრამ ჩემთვის ეს ყველაზე ადვილი აღმოჩნდა, არადა იძახდნენ, რომ პირველი-მეექვსე კლასები ყველაზე რთულია.

სამივე გამოცდა წარმატებით ჩავაბარე, ვიფიქრე, რომ ჩემს ცოდნას გამოვიყენებდი, მაგრამ სამწუხაროდ, არ მაქვს იმედი, რომ დავსაქმდები. ამ სფეროში ძალიან დიდი უსამართლობაა. დაბოღმილი არ ვარ, მაგრამ ასეთი ფაქტის წინაშე ვდგავარ. არ ვიცი რა კრიტერიუმებით არჩევენ მასწავლებლებს.

რამდენი ხანია, რაც პედაგოგად დასაქმებას ცდილობთ?

-გამოცდები შარშან ჩავაბარე. ადრე ვიყავი საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებული. პედაგოგად მუშაობის 7-წლიანი სტაჟი მაქვს. გასულ წელსაც ერთ-ერთ საერთაშორისო სკოლაში ვმუშაობდი. ძალიან კარგი შედეგები მქონდა. ახლა საჯარო სკოლაში მინდა გადასვლა, მაგრამ ამ სფეროში სრული განუკითხაობაა. ვაკანსიები ბევრი არაა, მაგრამ შარშან ის მაინც იყო, რომ გასაუბრებებზე მივდიოდით და მერე უარი მოგვდიოდა. იქ აუარებელი ხალხი მხვდებოდა. ზოგან კეთილგანწყობა იყო, ზოგგან – არა.

მიუხედავად ამ იმედგაცრუებისა, დღეს გამოცდაზე მაინც გამოხვედით, რატომ? გაქვთ იმედი, რომ დასაქმდებით?

-იმიტომ გამოვედი, რომ ეს სპეციალობა მიყვარს. მიმაჩნია, რომ ამ სპეციალობაში საჭირო ვარ და შემიძლია. ეს ის საქმეა, რასაც უნდა ვაკეთებდე. წინა ორ გამოცდაში, ყოველგვარი მომზადების გარეშე, მაღალი ქულები მივიღე. ყოველგვარი რეპეტიტორებთან წინასწარი მომზადების გარეშე. მასწავლებლები წლობით ემზადებიან. უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე, შესაბამისი ცოდნა მაქვს. სამი გამოცდა ჩავაბარე და ჩემთვის სულერთია რომელი კლასების პედაგოგად დავსაქმდები, სირთულე არც ერთი არ არის.

გამოდის, რომ გამოცდებს აბარებთ, მაღალ ქულებს იღებთ, მაგრამ სამსახურს მაინც ვერ შოულობთ?

-არანაირ პრივილეგიასა და უპირატესობას ეს მე არ მანიჭებს.

ანუ, ეს გამოცდა ფორმალური გამოდის?

-ფორმალური გამოდის, არ ვიცი. ბედის წყალობის იმედად ვარ. რეალურად დასაქმების იმედი ნამდვილად არ მაქვს. ყველას ვაფასებ, ყველას უნდა არსებობა, ვინც დასაქმებული მასწავლებელია, რა თქმა უნდა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც წლობით ვერ აბარებენ გამოცდას. არ ვიცი, ეს ძალიან მტკივნეული საკითხია. მე არავის გაგდების მომხრე არ ვარ, მაგრამ როცა შეგვიძლია, როცა გავედი გამოცდაზე და ამხელა შედეგი ყოველგვარი მომზადების გარეშე დავდე, ეს სტიმულის მომცემია. თუმცა დაფასება არ არის. არ ვარ დაბოღმილი, რომ არიქა ისინი გაყარონ, რადგან ვიცი, იქ იმდენი კარგი მასწავლებელია, იმდენად კარგი მიღწევებითა და შედეგებით, მაგრამ ფსიქოლოგიური ფაქტორიცაა, ბევრი ამას ვერ ლახავს და ვერ აბარებს. ზოგს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ესეც არაა, რომ ისინი წავიდნენ, შეიძლება ჩემზე უკეთესებიც იყვნენ, მაგრამ მე შანსი მინდა. რატომ უნდა შევუერთდე იმ ქალთა ნაკადს, რომელიც საზღვარგარეთ მიდის და შვილებსა და ოჯახს ტოვებს. მე შვილების დატოვება არ მინდა და მინდა, რომ ჩემ ქვეყანაში შევძლო ჩემი თავის რეალიზება.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური