GE

„არ შეიძლება, მასწავლებლის ხელფასი დაბალი იყოს – განათლებაში ძალიან მალე მივიღებთ ხელშესახებ შედეგებს“

“ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას, მასწავლებელთა პროფესიის პრესტიჟის ამაღლება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ არ შეიძლება, მასწავლებლის ხელფასი დაბალი იყოს და იმ ცვლილებებით თუ რეფორმებით, რომელსაც მთავრობა გაატარებს, ძალიან მალე მივიღებთ შედეგებს.

„ასევე მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ეს არის მასწავლებლების ხელფასების ზრდა. თუ მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟზე გვაქვს საუბარი, არ შეიძლება, რომ მასწავლებლის ხელფასი იყოს დაბალი, არ იყოს შესაფერისი. შედარებისთვის გეტყვით, 2012 წელს მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება იყო 330 ლარი, მეგობრებო. 330 ლარი იყო ჩვენი მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება. წელს უკვე, მას შემდეგ, რაც ჩვენ არაერთხელ გავზარდეთ ხელფასი, მასწავლებლის საშუალო ხელფასი არის დაახლოებით 1200 ლარამდე. ეს რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და მნიშვნელოვნად გავზარდეთ ხელფასები მასწავლებლებისთვის. საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება სრული დატვირთვის შემთხვევაში მასწავლებლის ხელფასი. 500 ლარით და მეტით. ზოგ შემთხვევაში 600, 700 და 800 ლარითაც კი და 1700 , 1800 ლარი გახდება მასწავლებლის ხელფასი. მაშინ, როცა 2012 წელს 330 ლარი იყო ხელფასი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, არაერთმა მინისტრმა მნიშვნელოვანი სიახლეები წამოიწყო, ბევრი საქმე გაკეთდა, მაგრამ გამოწვევები მაინც რჩება და განათლების და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს ამ გამოწვევების გადასაჭრელად კარგად გააზრებული ხედვა აქვს.

„ჩვენთვის მთავარი არის ხარისხიანი განათლება. ეს რჩება ჯერ კიდევ დღეს მთავარ გამოწვევად ხარისხიანი განათლება და ამაზე მიუთითებს ყველა ის კვლევა. ზოგადად, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ჯერ კიდევ რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება. მე მინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტი გავაკეთო, ეს იქნება ჩვენი ღირსეული მასწავლებლების პროფესიული განვითარება და მხარდაჭერა. მთავრობას კარგად აქვს გააზრებული ამ საკითხის მნიშვნელობა და ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე და მხარდაჭერა გაგრძელდება. ზოგადად, მასწავლებელთა პროფესიის პრესტიჟის ამაღლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი მთავრობის. ამ მიზნით ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას მასწავლებელთა მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელების და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესების კუთხით. მინისტრის ინიციატივით, მინდა შეგახსენოთ, რომ მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწაზე, რომელიც სრულად ახალ ხედვას ეფუძნება და ამის თაობაზე ბატონი მინისტრი თავად წარმოგიდგენთ ძალიან მალე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი განცხადებით, 2012 წელს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი იყო 626 მლნ ლარი, წელს იყო 2 მილიარდ 77 მილიონი ლარი და გაისად, 2024 წელს იქნება 2 მილიარდ 508 მილიონი, 300%-იანი ზრდა გვაქვს განათლების და მეცნიერების ბიუჯეტის.

ასევე იხილეთ:

„განათლების დაბალი ხარისხი NDI-ის გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი გამოწვევაა“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური