GE

„განათლების დაბალი ხარისხი NDI-ის გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი გამოწვევაა“

საქართველოში გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, განათლების დაბალი ხარისხი განათლების სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი გამოწვევაა.

ამის შესახებ დღეს, 11 დეკემბერს გამოქვეყნებული NDI-ის კვლევის ანგარიშში წერია, რომლის თანახმად, დასახლების სხვა ტიპებთან შედარებით, თბილისელები განათლების სისტემის წინაშე არსებულ პრობლემებს უფრო კრიტიკულად აფასებენ.

„შეინიშნება მცირედი სხვაობა ქალებსა და კაცებს შორის: განათლების საფასურს მეტი ქალი ასახელებს პრობლემად“, – ვკითხულობთ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევაში.

გამოკითხულთა უმრავლესობა მეორე ადგილზე, უმნიშვნელო სხვაობით განათლების წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად ასახელებს მასწავლებლებისა და ლექტორების დაბალ კვალიფიკაციას. გამოკითხვაში მოხვედრილი სხვა ფაქტორები იხილეთ ცხრილზე:

კვლევამ აჩვენა ისიც, რომ განათლება ის მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც საქართველოს მოსახლეობას მათი პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, ერთნაირად აწუხებს.

ამავე კვლევით, გამოკითხულები აცხადებენ, რომ ქვეყანაში განათლებასთან დაკავშირებით წინსვლაა. “უმეტესობის აზრით, შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით ქვეყანაში უკეთესი მდგომარეობაა: ჯანდაცვა, სიტყვის თავისუფლება, ქალთა უფლებები და განათლება“.

NDI-ის კვლევის მიხედვით, ფასების ზრდა, დასაქმება და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება და კითხვაზე, ჩამოთვლილთაგან რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, გამოკითხულთა მხოლოდ 11% პასუხობს, რომ განათლება.

37 პროცენტი ამბობს, რომ ფასების ზრდა და ინფლაცია, 35 პროცენტი – სამუშაო ადგილები, 28 პროცენტი – სიღარიბე, 23 პროცენტი – ტერიტორიული მთლიანობა, 20 პროცენტი – პენსიები, 17 პროცენტი – ხელფასები, 11 პროცენტი – განათლება, 8 პროცენტი – ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, 8 პროცენტი – ადამიანის უფლებები, 7 პროცენტი – ნატო-ში გაწევრიანება, 7 პროცენტი – ევროკავშირში გაწევრიანება, 6 პროცენტი – სამართლიანი არჩევნები, 6 პროცენტი – რუსეთთან ურთიერთობა, 5 პროცენტი – სიტყვის თავისუფლება, 4 პროცენტი – საკუთრების უფლება, 4 პროცენტი – გარემოს დაცვა; 4 პროცენტი ამბობს, რომ კორუფცია, 3 პროცენტი – სამართლიანობის აღდგენა, 3 პროცენტი – სასამართლო სისტემა; 3 პროცენტი კრიმინალს ასახელებს, სხვა – 3 პროცენტი, არ ვიცი – 3 პროცენტი.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური