არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესი დამტკიცდა
არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესი დამტკიცდა. შესაბამის ბრძანებას ხელს აწერს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.
როგორც ბრძანებაში ვკითხულობთ, არაფორმალური განათლების აღიარების პროცესი მოიცავს რამდენიმე ეტაპს, ესენია: განცხადების წარდგენა, დოკუმენტირება, შეფასება, გადაწყვეტილების მიღება და კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ეს პროცესი შეიძლება მოიცავდეს მაძიებლისთვის გამოცდასაც.
1. არაფორმალური განათლების აღიარების პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) განცხადების წარდგენა;
ბ) კონსულტირება/დოკუმენტირება;
გ) შეფასება;
დ) გადაწყვეტილების მიღება.
2. კომისიის გადაწყვეტილებით, შეფასების ეტაპი შეიძლება მოიცავდეს გამოცდას.
ბრძანებით ასევე განისაზღვრა მაძიებლის მიერ განცხადების წარდგენის პროცედურაც:
განცხადების წარდგენა
1. მაძიებელმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა დაწესებულებას უნდა წარუდგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) არსებობის შემთხვევაში, არაფორმალური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი: შრომითი ხელშეკრულებ(ებ)ის ასლი, სამუშაოს აღწერილობა, ცნობა სამუშაო ადგილიდან, სერტიფიკატი და ა.შ.
2. განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს:
ა) დაწესებულების დასახელებას;
ბ) მაძიებლის სახელსა და გვარს, ფაქტობრივ და იურიდიულ მისამართს;
გ) ელ-ფოსტას;
დ) ტელეფონის ნომერს;
ე) განცხადების შევსების ადგილსა და თარიღს;
ვ) არაფორმალური განათლების აღიარების შესახებ მაძიებლის მოთხოვნას, მისი დასაქმების/განათლების სფეროს, არაფორმალური განათლების აღიარების მიზანს;
ზ) მაძიებლის ხელმოწერას;
თ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში.
არაფორმალური განათლების აღიარების მეორე საფეხური მოიცავს კონსულტირება – დოკუმენტირებას, რაც გულისხმობს, რომ არაფორმალური განათლების აღიარების მაძიებელი წერილობით მიმართავ კონსულტირების შესახებ დაწესებულებას, რის შემდეგაც პროცესი ხორციელდება პასუხისმგებელი პირის მიერ შესაბამისი პროცედურების დაცვით.
მუხლი 5. კონსულტირება/დოკუმენტირება
“1. არაფორმალური განათლების აღიარების შესახებ კონსულტირების მიზნით, მაძიებელი წერილობით მიმართავს დაწესებულებას.
2. კონსულტირება ხორციელდება კონსულტაციის გაწევაზე პასუხისმგებელი პირის (შემდგომში – კონსულტანტი) მიერ.
3. კონსულტანტი არის სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად სერტიფიცირებული პირი.
4. კონსულტანტი უზრუნველყოფს მაძიებლის კონსულტირებას:
ა) არაფორმალური განათლების აღიარების მიზნების შესახებ;
ბ) არაფორმალური განათლების აღიარებისათვის წარსადგენი დოკუმენტაციის, პროცედურების, ეტაპებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ;
გ) არაფორმალური განათლების აღიარებასთან დაკავშირებული სხვა დამატებითი მოთხოვნებისა და საჭიროებების შესახებ.
5. კონსულტირების შედეგად, კონსულტანტი ავსებს ამ წესის დანართი №2-ით გათვალისწინებულ კონსულტირების ფორმას და მასთან ერთად კომისიის წინაშე წარადგენს ინფორმაციას მაძიებლისა და მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესახებ.
6. კონსულტირების ფორმის შევსებისას, კონსულტირების ეტაპზე კონსულტანტი განხილული თემებისა და შესაბამისი აქტივობების შესახებ მაძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ახდენს მაძიებლის გამოცდილების იდენტიფიცირებას, რის შედეგადაც იგი ადგენს არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული, თუ რომელი სწავლის შედეგ(ებ)ია იდენტიფიცირებული.
7. არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების იდენტიფიცირების შედეგად, კონსულტანტი ავსებს კონსულტირების ფორმის მე-3 ველს, რომელშიც მიეთითება: პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის/მოდულის სწავლის შედეგ(ებ)ის დასახელება, არაფორმალურ გარემოში მიღწეული სწავლის შედეგი, მაძიებლის მიერ აღწერილი შესრულების კრიტერიუმი, მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მითითებულ გარემოებებს.
8. კონსულტანტი კონსულტირების ფორმაში ასევე ასახავს ინფორმაციას მაძიებლის კომპეტენციების შესახებ და აღწერს მათ”, – ვკითხულობთ ბრძანებაში.
ბრძანებით ასევე განისაზღვრა გადაწყვეტილების მიმღები კომისიის საქმიანობის წესი, კომისიის მიერ საკითხის შესწავლა, გადაწყვეტილების მიღებაგამოცდის ჩატარების შესახებ.
რაც შეეხება მაძიებლის გამოცდას, ასაღიარებელი სწავლის შედეგების სპეციფიკის გათვალისწინებით, გამოცდა შეიძლება ჩატარდეს წერილობით, ზეპირი ან პრაქტიკული დავალების შესრულებით. მაძიებლისთვის გამოცდის ჩატარების შემთხვევაში კომისია განიხილავს საგამოცდო კომისიის მიერ ჩატარებული გამოცდის შედეგებს.
მუხლი 8. მაძიებლის გამოცდა
“1. საგამოცდო კომისია შედგება მასწავლებლებისგან და შესაბამისი სფეროს დამსაქმებლის წარმომადგენლებისაგან. საგამოცდო კომისიის მუშაობაში შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს კონსულტანტმა, საგამოცდო კომისიის თანხმობის საფუძველზე.
2. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგამოცდო კომისიის წევრთა შორის არიან ინკლუზიური განათლების მიმართულების კომპეტენციის მქონე პირები, ხოლო საგამოცდო კომისია გამოცდის მეთოდების მოდიფიცირებას ახდენს მაძიებლის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.
3. დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს მაძიებლის ინფორმირება წერილობით, ზეპირად ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით შეფასების მეთოდების/ფორმებისა და პროცედურის შესახებ, ასევე გამოცდის/გამოცდების ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ.
4. ასაღიარებელი სწავლის შედეგების სპეციფიკის გათვალისწინებით, გამოცდა შეიძლება ჩატარდეს წერილობით, ზეპირი ან/და პრაქტიკული დავალების შესრულებით. მაძიებლის პრაქტიკული კომპეტენციების შემოწმების მიზნით გამოცდა/შეფასება ტარდება საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და დამსაქმებლის ბაზაზე.
5. მაძიებლისთვის გამოცდის ჩატარების შემთხვევაში კომისია განიხილავს საგამოცდო კომისიის მიერ ჩატარებული გამოცდის შედეგებს”, – აღნიშნულია ბრძანებაში.
დოკუმენტის მიხედვით არაფორმალური განათლების აღიარების შესახებ მაძიებლის განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს და ასევე დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების შესახებ აცნობოს მაძიებელს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება