GE

„არც მარტივია, არც რთული“ – ინგლისური ენის გამოცდის მეორე დღის შეფასებები და საკითხები დილის სესიიდან

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 12 ივლის, კვლავ ინგლისური ენის გამოცდით გაგრძელდა. ამ საგანში გამოცდა გუშინ დაიწყო და ორ სესიად ჩატარდა. აბიტურიენტები ინგლისურ ენას, დღესაც, გუშინდელივით, ორ სესიად ჩააბარებენ. პირველ სესიაზე რეგისტრაცია დილის – 08:00, გამოცდა კი 09:00 საათზე დაიწყო.

დღევანდელი პირველი სესიიდან გამოსული აბიტურიენტები EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტებთან ყვებიან, რა საკითხებზე მოუწიათ წერა და ტესტის სირთულესაც აფასებენ.

სანდრო მუხაძე – თბილისის 191 საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი: ზუსტად რომ გავიხსენო, თემა ასეთი იყო – უნდა იყოს თუ არა სპორტული შეჯიბრებები სკოლებში. წერილი შეეხებოდა დიზაინერულ ორგანიზაციას, რომელიც ბათუმში მუშაობდა და ჩვენ სტანდარტული წერილი უნდა გაგვეგზავნა, რომ დეტალური ინფორმაცია გაგვეგო მათი სერვისების შესახებ. ტექსტის გააზრების ნაწილში, პირველი ტექსტი იყო მეორე მსოფლიო ომის რაღაც ისტორიაზე, მეორე კი – ალკაპონეზე და მის ადვოკატზე. სიტყვების ჩასმის დავალებაც ჩვეულებრივი იყო, პირდაპირ უნდა ჩაგვესვა სიტყვები, საბოლოო ჯამში, უმარტივესი დავალებები მოვიდა და ძალიან მარტივი ტექსტი იყო.

გოგი სულავა – თბილისის 191-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი: ეს გამოცდა ყველაზე მარტივი იყო, არ გამჭირვებია. თემის ნაწილში, მე დავწერე, რომ სკოლებმა აუცილებლად უნდა ჩაატარონ სპორტული შეჯიბრებები, რადგან, პირველ რიგში, ეს კარგია სკოლის პოპულარულობისთვის, სახელისთვის და მოსწავლეების ფიზიკური დატვირთვისთვის. წერილი კი დიზაინერული კომპანიისთვის უნდა გაგვეგზავნა და გვეკითხა, რა დროს ტარდება ღონისძიება, რა სახის არის და რამდენჯერ ჩატარდება. საბოლოო ჯამში, ეს იყო ყველა გამოცდაზე მარტივი, მერე – ქართული და ყველაზე რთული – მათემატიკა.

ნინი მაზმიშვილი – თბილისის 191-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი: იმდენად რთული არ იყო, კარგად დავწერე. მე შედარებით მიჭირს თემების წერა. ამიტომ, ვიტყვი, რომ ეს იყო დავალება რომელიც შედარებით გამიჭირდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც დავწერე. თემაში მოცემულ თეზისს დავეთანხმე და ბევრი არგუმენტი მოვიყვანე. დავწერე, რომ სკოლებში სპორტული აქტივობები საჭიროა იმისთვის, რათა განვვითარდეთ და ჯანმრთელები ვიყოთ. ქართულზე უკეთესად დავწერე ეს გამოცდა.

თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტები:

„მარტივი საკითხები მოვიდა. პირველი ორი სავარჯიშო, მოსასმენი ნაწილი, იყო განსაკუთრებით მარტივი. მოკლე ისტორია შემოვიდა საინტერესო ფაქტების შესახებ ოჯახზე. ესეს თეზისი იყო უნდა ტარდებოდეს თუ არა გასართობი ღონისძიებები. არგუმენტად მოვიყვანე ის, რომ ხელს უწყობს დასვენებას და განტვირთვას, კონტრაგუმენტად – ფინანსური ხარჯები. წაკითხული ტექსტის გააზრება იყო Apple-ის და Pixel-ის დამფუძნებლებზე. ჯამში მარტივად ვწერე“.

„პირველი ორი სავარჯიშო, მოსასმენი ნაწილი, ეხებოდა ოჯახსა და სააღმზრდელო საქმიანობას. იყო სავარჯიშო დიდგორის ბრძოლაზე. წაკითხული ტექსტის გააზრება ვწერეთ თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებზე. ტექსტი მოვიდა Pixel-ის და Apple-ის დამფუძნებლებზე ტექსტი. დახურული შეკითხვები იყო ძალიან მარტივი. რაც შეეხება ესეს, უნდა დაგვეწერა, უნდა ტარდებოდეს თუ არა გასართობი ღონისძიებები სკოლასა და სხვადასხვა ადგილებში. დავწერე, რომ უნდა ტარდებოდეს და რამდენიმე ცნობილი ღონისძიება მოვიყვანე მაგალითად, მათ შორის, ინტელექტუალური თამაშებიც. არ იყო რთული ტესტი, მაგრამ – არც მარტივი“.

მარიამ გიგაური – თბილისის 103-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი: თემა უნდა დაგვეწერა სკოლაში სპორტულ შეჯიბრებებთან დაკავშირებით. ორი კითხვა იყო დიდგორის ბრძოლაზე და დიდგორობაზე. ერთი ტექსტი – ბიტლზებზე და კიდევ წერილი იყო მოცემული. ასევე, არტიკლებიც უნდა ჩაგვესვა.

ილია ვეკუა – თბილისის 103-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი: თემა იყო, სკოლამ უნდა ჩაატაროს თუ არა სპორტული შეჯიბრებები. დიდგორობაზე იყო მოცემული ორი კითხვა. ლისენინგი არ იყო რთული, ჩანაწერიც კარგად ისმოდა. უფრო დეტალებზე უნდა გაამახვილო ყურადღება, ვიდრე თემის შინაარსი გაიგო.

მარიამ მაისურაძე – თბილისის 103-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი: თემა იყო იმაზე, სკოლამ უნდა ჩაატაროს თუ არა ხშირად სპორტული შეჯიბრებები. ლისენინგში ყველა ტექსტი სხვადასხვა რამეზეა და რთულია, დაიმახსოვრო. განსხვავებული არაფერი ყოფილა, წერილი იყო, რაც ყოველ წელს არის ხოლმე, ისეთივე მარტივი.

ასევე იხილეთ: 

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

მოამზადეს გოგა ნიჟარაძემ, მზეო შველიძემ და თამარ შუკვანმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური