არის თუ არა პორტფოლიო მასწავლებლის შეფასების ეფექტური ინსტრუმენტი? – ტრენერის შეფასებები და მიმართვა
მას შემდეგ, რაც მასწავლებლის სქემაში ცვლილებები შევიდა და სტატუსის ამაღლების პროცესში მყოფი პედაგოგებისთვის, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების საბოლოო დოკუმენტიც გამოქვეყნდა, გასულ წელს, წამყვანისა და მენტორის სტატუსისთვის გამოცდაჩაბარებულმა პედაგოგებმა აქტიური სამუშაოები დაიწყეს. მომავალ წამყვან და მენტორ მასწავლებლებს სხვადასხვა აქტივობების შესრულება მოუწევთ, რომ სქემაში ახალ საფეხურზე გადაინაცვლონ და შესაბამისად, უკეთესი ანაზღაურება ჰქონდეთ.
მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასება სტატუსების მიხედვით – ახალი დოკუმენტი
EDU.ARIS.GE აგრძელებს სტატიების სერიას, რომელიც სტატუსის ცვლილებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტის – პორტფოლიოს შესახებ სპეციალისტებთან საუბარს ითვალისწინებს. წინა სტატიაში თქვენ სკოლის დირექტორის რეკომენდაციები მოისმინეთ და მიიღეთ რეკომენდაციები, რა უნდა იცოდეთ, ვიდრე პორტფოლიოს შექმნას დაიწყებდეთ. დღევანდელ სტატიაში კი შევეცდებით, რომ პორტფოლიოს, როგორც სავალდებულო აქტივობის არსებობის საჭიროებაზე მოვისმინოთ განმარტებები. პედაგოგი ვალდებულია, სპეციალური კომისიის წინაშე წარადგინოს მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის დამადასტურებელი, სტატუსის შესაბამისი დონის დოკუმენტი – პორტფოლიო. გამოცდის შედეგისა და პორტფოლიოს დადებითად შეფასების საფუძველზე კი, მასწავლებელი შეიცვლის საფეხურს და გახდება წამყვანი ან მენტორი მასწავლებელი.
წამყვანისა და მენტორის პროფესიული უნარების გამოცდაჩაბარებული მასწავლებლების ნაწილი ფიქრობს, რომ სტატუსის ცვლილებისთვის პორტფოლიოს შექმნის ვალდებულება არ უნდა იყოს და სტატუსი გამოცდაზე ნაჩვენები შედეგის საფუძველზე უნდა შეეცვალოთ. ამ მოთხოვნით მათ განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრთან შეხვედრის სურვილიც გამოხატეს და მინისტრის სახელზე წერილი მოამზადეს. სწორედ ამ სურვილის გათვალისწინებით გადწყვიტა EDU.ARIS.GE -მ, რომ დამატებითი დეტალები და შეფასება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერისგან მოესმინა. ტრენერი და სამოქალაქო განათლების მენტორი მასწავლებელი, მერი ბეჟუაშვილი განმარტავს, რატომ იქცა პორტფოლიო პედაგოგისთვის სტატუსის ცვლილების აუცილებელი ინსტრუმენტად.
– ქალბატონო მერი, არის თუ არა რეალურად პორტფოლიო ის დოკუმენტი ან საშუალება, რომელიც მასწავლებლის პროფესიონალიზმის განვითარებისა და წინსვლის გარანტიებს გვაძლევს?
– პორტფოლიო ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ მასწავლებელმა შეძლოს საკუთარი საქმიანობის ამსახველი პროცესების და ამ პროცესებთან დაკავშირებული ანალიზის აღწერა, გაზიარება. ეს პროცესი ეხმარება პედაგოგს საკუთარი პროფესიული იდენტობის ძიებაში და ზრდის მის მოტივაციას. მარტივად რომ ვთქვათ, თუკი ჩემს მიერ განხორციელებული პროექტი აღვწერე თანმიმდევრულად, გადმოვეცი პროცესში გამოვლენილი დადებითი და უარყოფითი შედეგები როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ ჭრილში, ნიშნავს, რომ ეს საქმიანობა გამადიდებელი შუშის ქვეშ მიდევს, რაც თავისთავად, მომდევნო ნაბიჯების სწორად გადადგმასა და საკუთარი პროფესიული მგრძნობელობის აღქმაში მეხმარება.
– რატომ იქცა პორტფოლიო სტატუსის ამაღლების მსურველი მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების ერთგვარ საგამოცდო ინსტრუმენტად?
– მისი საგამოცდო ინსტრუმენტად გამოყენების საჭიროება პირდაპირ კავშირშია იმ ვალდებულებებთან, რასაც გულისხმობს მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის დადგენილი კრიტერიუმები, რამეთუ, მას სტატუსის შეცვლასთან ერთად, ეზრდება პასუხისმგებლობები, რომელიც გაზომვადია. შესაბამისად, ნებისმიერი პროცესის შესაფასებლად საჭიროა მისი რაოდენობრივ და თვისებრივ ასპექტებში განხილვა/გაზომვა, პორტფოლიო კი ამის ეფექტური მექანიზმია. მაგალითად, მოსწავლის წარმატებების თუ წარუმატებლობის აღწერის უნარი აუცილებლად უნდა აღიწეროს და წერილობით დადასტურდეს. იმავეს ვიტყოდი პედაგოგის მიერ შექმნილ სასწავლო რესურსებზე. მის მიერ შექმნილი რესურსის ავ-კარგიანების განსაზღვრა პორტფოლიოშია აღწერილი და გადმოცემული. ანუ, ის ადასტურებს ამ ინსტრუმენტის საშუალებით, ვისთვის და რა მიზნით არის შექმნილი, რამდენად უსაფრთხო და გამოყენებადია სხვა კოლეგებისთვისაც და .ა.შ.
– ნიშნავს თუ არა პორტფოლიოს წარმოების ვალდებულება, რომ გადაიჭრა ან გადაიჭრება მასწავლებლების პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევები?
– პორტფოლიო არის საშუალება იმისა, რომ მასწავლებელმა აღწეროს, ახსნას და შეაფასოს საკუთარი პედაგოგიური საქმიანობის სუსტი და ძლიერი მხარეები ყოველდღიურ დინამიკაში. ეს პროცესია და დაფუძნებულია განვითარებაზე. სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვის მიზნით, მსგავსი ინსტრუმენტების გამოყენებას უნდა ჰქონდეს პერმანენტული ხასიათი და ემსახურებოდეს ერთ დიდ მიზანს – მოამზადოს მოსწავლე მომავალი ცხოვრებისათვის. ვფიქრობ, ასეთი მიდგომით და ამ პათოსით, თანდათანობით მოხდება პრობლემის შერბილება.
– გაგვიზიარეთ არგუმენტები, რატომ უნდა ქცეულიყო პორტფოლიო საგამოცდო ინსტრუმენტად?
– იმის საპასუხოდ, თუ რატომ უნდა იქცეს პორტფოლიო საგამოცდო ინსტრუმენტად, მოვიყვან მარტივ მაგალითს: თუკი მასწავლებელს სურს კარიერული წინსვლა, ამისთვის ის, მაგალითად
უნდა იყოს ინიციატორი და შემოქმედი სხვადასხვა სოციალური აქტივობების სასკოლო/სკოლათშორის/სათემო პროექტებში. ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად პედაგოგმა აუცილებლად უნდა შეაფასოს პირველ რიგში გარემო, შექმნას გარკვეული სამოქმედო გეგმა გარკვეული ანალიზის შემდეგ, ითანამშრომლოს როგორც სასკოლო საზოგადოების წევრებთან, ასევე სხვადასხვა ინსტიტუციებთან. ამ ყველაფრის რეალობაში მოსაყვანად, მას გარკვეული პროცედურების გავლა სჭირდება, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას აღწერილი და დადასტურებული. სხვანაირად, ამ ხანგრძლივი პროცესის გადმოცემა და საზოგადოებამდე მიტანა შეუძლებელია. არ ვიცი, რამდენად დავაკმაყოფილე თქვენი კითხვა, მაგრამ ვთვლი, რომ დადასტურების ეს ფორმა საუკეთესო საშუალებაა განვლილი გზის აღსაწერად და შესაფასებლად.
ასევე იხილეთ:
სანამ პორტფოლიოს შექმნას დაიწყებდეთ – სკოლის დირექტორის რეკომენდაციები სტატუსის ცვლილების მსურველებს
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება
- დაიწყო რეგისტრაცია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით – ინსტრუქცია და ვადები by ARIS.GE-განათლება