არსებითი გამოწვევები საქართველოს უმაღლეს განათლებაში – ახალი სტრატეგიის ავტორთა ხედვა
“2032 წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მაღალი ხარისხის სისტემა ინდივიდებს მისცემს შესაძლებლობას, გააკეთონ საუკეთესო არჩევანი თავიანთი კომპეტენციებისა და შესაძლებლობების განსავითარებლად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მდგრადი, ცოდნაზე დაფუძნებული და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას”, – ასეთ შედეგს გვპირდებიან 2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის ავტორები, ვისგან შექმნილი სქელტანიანი სტრატეგიაც საზოგადოებისთვის უკვე ხელმისაწვდომია.
თუმცა ამ შედეგების მიღწევის გზების ჩვენებამდე, ავტორები განათლების საფეხურებში არსებულ გამოწვევებზე მიუთითებენ და 8 დეკემბერს გასაჯაროებულ დოკუმენტში ასეთი გამოწვევა უმაღლეს განათლებაში არაერთია. EDU.ARIS.GE-ს მკითხველს სწორედ იმ გამოწვევებს გავაცნობთ, რომლებიც სტრატეგიის ავტორებმა საქართველოს მთავრობას უნდა წარუდგინონ:
უმაღლესი განათლებისა და კვლევის ხარისხი განისაზღვრება აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის მაღალი კვალიფიკაციით. ამჟამად კარიერული სისტემა, ანაზღაურება, საპენსიო პოლიტიკა და სადოქტორო პროგრამები საკმარისად არ უწყობს ხელს მაღალკვალიფიციური და ეფექტური უმაღლესი განათლებისა და კვლევის სფეროების პერსონალის განვითარებასა და შენარჩუნებას. კარიერის საწყის ეტაპზე მყოფი მკვლევარებისთვის კარიერული განვითარების შესაძლებლობები შეზღუდულია.
მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლიდან „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან, ჰქონდეთ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასების მექანიზმები, თუმცა არ არსებობს შესრულებულ სამუშაოზე დაფუძნებული წახალისების სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობდა აკადემიურ და კვლევით პერსონალს სრულად გამოეყენებინათ თავიანთი პოტენცია მთელი კარიერის განმავლობაში.
არ არსებობს პოლიტიკა ან წამახალისებელი მექანიზმები აკადემიური და კვლევითი პერსონალის როტაციის მხარდასაჭერად და ახალი კადრების მოსაზიდად. საქართველოში უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების აკადემიური და სამეცნიერო პერსონალიდან მკვლევარების მხოლოდ 11.7% არის 25-34 წლის და იმყოფება კარიერის საწყის ეტაპზე (საქსტატი, 2019 წლის მონაცემები), ხოლო ზოგადად, მკვლევართა 70% არააქტიურია. საქართველოში ნაკლებად არის წარმოდგენილი სტრუქტურირებული სადოქტორო სწავლების სისტემა, ასევე დასახვეწია დოქტორანტების ხელმძღვანელობისა და მომზადების ფორმებიც. მხოლოდ რამდენიმე ეფექტური სადოქტორო პროგრამა ფუნქციონირებს, რომლებიც თანამშრომლობენ ბიზნესსა და ინდუსტრიასთან. ასევე შეიმჩნევა მდგრადი კვლევითი პროექტების ნაკლებობაც, რომელთა არსებობა ხელს შეუწყობდა სადოქტორო კანდიდატების მოზიდვას. 8000-ზე მეტი დოქტორანტს სტატუსი აქვს შეჩერებული (მთლიანი რაოდენობის 59%, 2019 წ.), მათი სწავლების ვადები საკმაოდ ხანგრძლივია, დასრულების მაჩვენებელი დაბალია და მხოლოდ 35%-ს შეადგენს: 2010 წელს ჩარიცხულ დოქტორანტთა მხოლოდ მესამედს აქვს დასრულებული სწავლა 2017 წლამდე, რაც მიუთითებს სექტორის გაუმჯობესების საჭიროებაზე. უმაღლესი განათლების დაფინანსების არსებული მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და მათი სტუდენტების სტიმულირებას სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების ძირითადი წყარო არის სწავლის საფასურის გადასახადი, რომელსაც ფარავს სახელმწიფო გრანტები და შინამეურნეობები (მსოფლიო ბანკი, 2018). საჯარო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასური უცვლელია უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში. დაფინანსების მოქმედ სისტემას, რომლის ფარგლებშიც ,,ფული მიჰყვება სტუდენტს“, საგულისხმო ხარვეზები აქვს. კერძოდ: არსებული სისტემა დიდ ტვირთად აწევს ოჯახებს; ახალისებს სასწავლებლებს მაქსიმალურად გაზარდონ სტუდენტთა რაოდენობა და არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ სხვადასხვა სფეროში სასწავლო პროგრამების განხორციელების ხარჯები ერთმანეთისგან განსხვავდება (მაგალითად: მედიცინის, სახელოვნებო განათლების პროგრამების მაღალი თვითღირებულება შესაბამისი აღჭურვილობის საჭიროების გამო).
მიუხედავად მთავრობის მიერ გატარებული მხარდამჭერი ღონისძიებებისა, ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი სტუდენტებს, კვლავაც ექმნებათ დაბრკოლებები უმაღლესი განათლების მიღების პროცესში. უმცირესობათა წარმომადგენელი სტუდენტებისთვის შემუშავებული კვოტირების სისტემა ემყარება სავალდებულო ზოგადი უნარების ტესტს და ქართულ ენაში მოსამზადებელ ერთწლიან სავალდებულო პროგრამას (60 კრედიტი), რომლის წარმატებით დაძლევის შემდეგ სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ ნებისმიერი პროგრამა ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად. კვოტირების ამგვარი სისტემით აბიტურიენტთა უფრო და უფრო მეტი რაოდენობა ირიცხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მაგალითად, ეს რაოდენობა 247 სტუდენტიდან (2010 წლის მონაცემი) 1 334–მდე გაიზარდა (2019 წლის მონაცემი), თუმცა საბაკალავრო პროგრამების დამთავრების დონე დაბალია (საშუალოდ 30%). ეს კი გამოწვეულია არასაკმარისი დაფინანსებით, ენობრივი კომპეტენციისა და აკადემიური მომზადების დაბალი დონით. მიუხედავად ბოლო წლებში სახელმწიფო ენის ცოდნის ამაღლების მიმართულებით განხორციელებული კომპლექსური და სისტემური ხასიათის ღონისძიებებისა, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სახელმწიფო ენის სრულფასოვანი ფლობის და გამოყენების საკითხი, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მათ ჩართულობას განათლების ნებისმიერ საფეხურზე და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციის მიღების, დასაქმების, და სხვა სერვისებით სარგებლობას.
ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს ავტონომიის განსხვავებული დონე აქვთ შეფასების, სასწავლო კურიკულუმის და მენეჯმენტის მიმართულებით, თუმცა პრაქტიკაში ეს ავტონომია იზღუდება, ხოლო ანგარიშვალდებულებისა და ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმები არ არსებობს.
უმაღლესი განათლებისა და კვლევის სექტორებში კვლავ არსებობს მმართველობასთან, დაფინანსებასა და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებული კონკრეტული გამოწვევები. 3.7 მილიონიანი მოსახლეობისათვის, საქართველოს აქვს დიდი უმაღლესი განათლების სისტემა, რომლის ფარგლებში ფუნქციონირებს მრავალი სახელმწიფო და კერძო დაწესებულება. თუმცა, ბოლო წლებში ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმების განვითარების შემდეგ შემცირდა სასწავლებლების რიცხვი.
სახელმწიფო ინვესტიციები უმაღლეს განათლებაში 2013-2017 წლებში გაორმაგდა, მაგრამ საქართველო მშპ-ს მხოლოდ 1%-ს ხარჯავს უმაღლეს განათლებაზე, ხოლო რესურსების დაახლოებით 75% გროვდება შინამეურნეობის მიერ გადახდილი სწავლის საფასურიდან.
შეგახსენებთ, რომ 2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის დამტკიცება წესით, 2021 წლის ბოლომდე უნდა მოისწროს.
ამავე თემაზე:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება