მოსწავლეებისა და მშობლების საპროტესტო აქცია საჯარო სკოლის მშენებლობის დაწყების გაჭიანურების გამო
დღეს, 21 იანვარს, გორის სოფელ ატენში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის დაწყების გაჭიანურება გააპროტესტეს და ახლის აშენებამდე ძველი შენობის რეაბილიტაცია მოითხოვეს.
მოსწავლეები და მათი მშობლები ძველი სკოლის ტერიტორიაზე იყვნენ შეკრებილი და პასუხისმგებელი პირებისგან პრობლემაზე დროულ რეაგირებას ითხოვდნენ.
მშობლების თქმით, მათ შვილებს საშუალო განათლების მიღების უფლება საკუთარ სკოლაში, რაც შეიძლება მალე უნდა მიეცეთ და ამიტომ, პროტესტის ნიშნად, ისინი შვილებს ხიდისთავის სკოლაში (სადაც გადანაილებული არიან) აღარ გაუშვებენ.
“ბავშვები მარშუტკით დაჰყავთ იმ სკოლაში. ტრანსპორტში ჰაერი არ არის და ბავშვები ცუდად ხდებიან. ხიდისთავის სკოლაში როცა მიიყვანენ, ცხვრებივით გარეთ უყენიათ ამ სიცივეში, შიგნით არ უშვებენ და ეუბნებიან, რომ სანამ ზარი არ დაირეკება არ შემოხვიდეთო“, – თქვა ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა.
“გვეუბნებიან სკოლა რემონტშიაო და ფაქტია, გვატყუებენ, რადგან აქ სამუშაოები არ დაწყებულა. სკოლა გადახურულია, ფანჯრები შეცვლილია და ჩართონ გათბობა და შეიყვანოს ბავშვები. გაუსაძლისია უკვე სხვა სკოლაში სიარული“, – აცხადებს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.
ატენის საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მშობლების პროტესთთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.
გია ბერძნიშვილის თქმით, დაგეგმილია სკოლის ძველი შენობის რეაბილიტაცია, თუმცა ზუსტ ვადებს ვერ ასახელებს.
“როგორც ვიცი, ჯერ ტენდერი არ გამოცხადებულა. დღეს ველოდებით სამინისტროს წარმომადგენლებს და ყველაფერს გავარკვევთ“, – თქვა მან.
ცნობისთვის, ატენის საჯარო სკოლა უკვე სამი წელია აღარ ფუნქციონირებს. ადგილობრივებს ჰქონდათ დაპირება, რომ შენობის რეაბილიტაცია ამ პერიოდში მოხდებოდა, თუმცა უშედეგოდ. ამ დროის განმავლობაში მოსწავლეები ხიდისთავის სკოლაში დადიან. მათ ტრანსპორტირებას კი სამინისტრო უზრუნველყოფს.
მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა
- რა მიზეზით უჩივლეს განათლების მინისტრს საკონსტიტუციო სასამართლოში – სასამართლოს პოზიცია by ARIS.GE-განათლება
- სხვა უნივერსიტეტში გადასვლის მსურველთათვის სტუდენტთა გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები დადგენილია by ARIS.GE-განათლება
- რამდენით გაეზრდება თბილისის ბაგა-ბაღებში დასაქმებულ 13 500-მდე თანამშრომელს ხელფასი – მერის განცხადება by ARIS.GE-განათლება