ატესტატი დრედების შეჭრის სანაცვლოდ – როგორ მოხვდა ტეხასელი მოსწავლე ოსკარების დაჯილდოებაზე
ტეხასის შტატში მდებარე ერთ-ერთი სკოლის გამოსაშვებ საღამოზე ადმინისტრაციისგან ერთ-ერთი მოსწავლის არ დაშვების გადაწყვეტილება ხმაურიანი სკანდალით დასრულდა. საქმე კი უარის მიზეზშია: უფროსკლასელი დეანდრე არნოლდი სადღესასწაულო გარემოში ატესტატის მიღებას არაფორმალური ახალგაზრდული ვარცხნილობის გამო ვერ შეძლებს.
ამერიკულ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტეხასში მდებარე სკოლის Barbers Hill ხელმძღვანელობის უკმაყოფილება დეანდრეს გრძელმა დრედებმა გამოიწვია. ბიჭი დრედებს მეშვიდე კლასიდან ატარებს და ოჯახის წევრების თქმით, ამგვარად ის თავის აფრიკულ-ტრინიდადულ წარმოშობასა და მემკვიდრეობას გამოხატავს. მთელი ამ დროის მანძილზე, მოსწავლეს ვარცხნილობის გამო პრობლემა არ შექმნია, თუმცა ამ ზამთარს მან სკოლის ადმინისტრაციისგანგაფთხილება მიიღო.
სასწავლო დაწესებულებაში გარეგნობასთან დაკავშირებით მკაცრი შინა განაწესი ვრცელდება. ჯერ კიდევ 30 წლის წინ მიღებული სასკოლო დრესკოდის თანახმად, მოსწავლეებს გრძელი ვარცხნილობის ტარება ეკრძალებათ. თმის მაქსიმალური დასაშვები სიგრძე პერანგის საყელომდეა, ამიტომ დეანდრე ყოველთვის კიკინას იკრავდა. თუმცა ამ ზამთარს სკოლამ თმის აქსესუარების ტარებაც აკრძალა.
ბიჭის მშობლებმა სკოლის ადმინისტრაციას მისთვის გამონაკლისის დაშვება სთხოვეს, რაზეც მკაცრი უარი მიიღეს. მეტიც, ისინი დეანდრეს გამოსაშვებ საღამოზე დასწრების უფლებას მხოლოდ იმ შემთხევაში მისცემენ, თუ ის თმას შეიჭრის და სკოლაში მიღებული სტანდარტების შესაბამის გარეგნიბით გამოცხადდება.
საკითხის ასეთმა ფორმულირებამ ტეხასის სკოლის ხელმძღვანელობისადმი კრიტიკის დიდი ტალღა გამოიწვია და ის მალევე გასცდა მოზარდისთვის საკუთარი ინდივიდუალურობის გამოვლენის წართმევის უკანონო მცდელობას. ახლა საუბარი შეერთებული შტატებისთვის მტკივნეულ რასობრივი ურთიერთობის გარჩევის თემას ეხება, ,,დასჯილი“ მოსწავლე არის აფროამერიკელი ტრინიდადი და ტობაგოდან. ადგილობრივი ფერადკანიანი აქტივისტების თქმით, დრესკოდი, რომელიც სკანდალის მიზეზი გახდა, ,,თეთრი ადამიანების მიერ, თეთრი ადამიანებისთვის არის შექმნილი“. მათი თქმით, სკოლის ადმინისტრაცია 1964 წლის ,,მოსახლეობის თავისუფლების დაცვის აქტს“ არღვევს. ეს აქტი ამერიკელების რასობრივი და რელიგიური ნიშნით სეგრეგაციასა და დისკრიმინაციას კრძალავს. ამ ყველაფრის მიუხედავად, სკოლაში ამტკიცებენ, რომ შეერთებული შტატების კონსტიტუცია მას საკუთარი ნორმების დაწესების უფლებას აძლევს.
ბიჭის ისტორია მალე გახდა ცნობილი. მას ყურადღება ბევრმა ცნობილმა ადამინმა მიაქცია. ტელეწამყვანმა ელენ დეჯენერისმა დენადრე თავის გადაცმაში მიიწვია და მას თანადგომა გამოუცხადა. როდესაც მოსწავლე მოყვა, რომ მას ვეტერინარობა სურს, სტუდიაში მომღერალი ალიშა კისი შემოვიდა და მას სწავლისთვის 20 000 დოლარიანი ჩეკი გადასცა. გარდა ამისა, მსახიობმა გებრიელ იუნიონმა დეანდრე ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე დაპატიჟა. 9 თებერვალს ბიჭი წითელ ხალიჩაზე მეთიუ ჩერისთან ერთად გამოჩნდა, რომლის ნამუშევარმაც ,,Hair Love” წლის საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის ტიტული მოიპოვა.
რაც შეეხება დეანდრე არნოლდის ოჯახს, ის კატეგორიულად წინააღმდეგია თმის შეჭრის. ბიჭის მშობლები სკოლის ხელმძღვანელობას ელოდებიან. თუ გადაწყვეტილება არ შეიცვლება ოჯახი სასამართლოს მიმართავს.
მოამზადა თეა ინაშვილმა
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება