აუდიტი: სამინისტროს არ აქვს შემუშავებული სპორტული ინფრასტრუქტურის მართვის პოლიტიკა
სახელმწიფო აუდიტის სამსახური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარია რომ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს შემუშავებული არ აქვს სპორტული ინფრასტრუქტურის მართვის პოლიტიკა, რაც სპორტში მოზარდების ჩართვის ერთ-ერთი წინაპირობაა.
„სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, სადაც მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს მოსახლეობაში და განსაკუთრებით, მოზარდ თაობაში ფიზიკური აქტივობისა და განათლების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპების დამკვიდრება, მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის პოპულარიზაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის ეფექტიანი გამოყენება და სპორტის პოპულარიზაცია, რომლის განხორციელებაშიც დიდ როლს თამაშობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი ერთეულები“, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.
უწყების ინფორმაციით, აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის − „თბილისი 2015“-ის ფარგლებში რეაბილიტირებული და ახლად აშენებული სპორტული ინფრასტრუქტურის შემდგომი გამოყენებისთვის განხორციელებული ღონისძიებები. გააანალიზა მართვასთან დაკავშირებული საკითხები და სპორტული ინფრასტრუქტურის გამოყენების გაუმჯობესების პოტენციალი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
სამინისტროს არ აქვს შემუშავებული სპორტული ინფრასტრუქტურის მართვის პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო სახსრების უფრო შედეგიან ხარჯვასა და არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის გრძელვადიან პერიოდში პროდუქტიულ გამოყენებას. სამინისტროს არ გააჩნია სამოქმედო გეგმა ფესტივალის ფარგლებში აშენებული და რეაბილიტირებული სპორტული ობიექტების შემდგომი გამოყენების შესახებ. შესაბამისად, არ არის განსაზღვრული კონკრეტული მიზნები, მათი მიღწევის მექანიზმები და შეფასების ინდიკატორები, რაც ხელს შეუწყობს ობიექტების პროდუქტიულ და ეფექტიან ფუნქციონირებას.
ფესტივალისთვის აშენებული სპორტული ობიექტების ადგილმდებარეობის განსაზღვრისას შესაბამისი კვლევები არ ჩატარებულა. აღნიშნულ პროცესში არ იყო გათვალისწინებული გეოგრაფიული მდებარეობისა და ხელმისაწვდომობის საკითხები, რაც საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით აპრობირებული მეთოდია. სამინისტროს არ ჰქონდა შემუშავებული შესაბამისი გეგმა და კრიტერიუმებზე დაფუძნებული სისტემა, რომელსაც გამოიყენებდა ფესტივალის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების მონეტარული და სოციალური სარგებლის შესაფასებლად. აღნიშნული შესაძლებლობას მისცემდა გაანალიზებულიყო ფესტივალის ფარგლებში ქვეყნისთვის მისაღები პოტენციური სარგებელი, მიღწევის გზები, შეფასების ინდიკატორები და შესაბამისი ქმედითი ღონისძიებები. სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნისათვის, ინვესტირებული კაპიტალის შემოსავლიანობის (ROI) ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ სპორტული ობიექტებიდან შემოსავლების მიღების არსებული ტემპით გაგრძელების პირობებში, ინვესტიციების ანაზღაურების კოეფიციენტი 8%-ს გაუტოლდება, რაც ღონისძიებიდან მიღებული სარგებლის დაბალ მაჩვენებელზე მიუთითებს.
რაც შეეხება სოციალურ სარგებელს, სტატისტიკური ანალიზიდან არ იკვეთება ფესტივალის პოზიტიური ეფექტი ტურისტების მოზიდვასა და ქვეყნის ცნობადობის გაზრდაზე. სპორტული ობიექტების შემოსავლები არასტაბილურია და გარკვეულ შემთხვევებში კლებადი ტენდენციით ხასიათდება. გარკვეული სპორტული ობიექტების ფუნქციონირების შედეგად გაწეული ხარჯი აჭარბებს მიღებულ შემოსავალს, ხოლო რიგ შემთხვევებში, ფუნქციონირებით მიღებული შემოსავალი უმნიშვნელოდ ფარავს ხარჯებს, მაშინ როდესაც მოცემული მიმართულებები სპორტის ერთ-ერთი მოთხოვნადი სახეობაა ბაზარზე.
სპორტული ობიექტების დატვირთვის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია და შესაბამისად, ფიქსირდება მიუღებელი შემოსავალი. 2019 წლის მდგომარეობით, გარკვეული სპორტული ობიექტები საშუალოდ დატვირთულია არსებული რესურსის 16%-ით, რაც დარბაზების არაპროდუქტიულ გამოყენებაზე მიუთითებს. დარბაზების დატვირთვის 20%-იანი ზრდის პირობებში შემოსავლები 1.2-ჯერ გაიზრდება. მოსახლეობის დაინტერესების და სპორტში ჩართვის მიზნით არ არის შემუშავებული სპეციალური პროგრამები, რაც გაზრდიდა მოთხოვნას და შესაბამისად, დატვირთვის მაჩვენებელს.
ფესტივალის ფარგლებში აშენებულ სპორტულ დარბაზებში უმეტეს შემთხვევაში ვარჯიშობენ ნაკრების წევრები და პატარა სპორტული ჯგუფები, შესაბამისად, არ არის გათვალისწინებული მომხმარებლის სხვადასხვა სეგმენტი.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება