GE

აწსუ-ის პროექტი შოთა რუსთაველის ფონდის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2022 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო საგრანტო კონკურსში დაფინანსდა პროექტი „საქართველოს სოციოლინგვისტური სურათი XX საუკუნის პირველი ნახევრის ემიგრაციის ქართულ პრესაში“.

პროექტის ხელმძღვანელია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ზოგადი ენათმეცნიერების მიმართულების ასოცირებული პროფესორი ირინე ჩაჩანიძე; პროექტში ახალგაზრდა მეცნიერის სტატუსით ჩართულია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ზოგადი ენათმეცნიერების მიმართულების დოქტორანტი თამარ გუჩუა; კოორდინატორია სოხუმის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლევან ფაჩულია.

პროექტის მიზანია XX საუკუნის პირველი ნახევრის ემიგრაციის ქართულ პრესაში საქართველოს სოციოლინგვისტური სურათის კვლევა.

მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ემიგრაციის ქართულ პრესაში საქართველოს ენობრივი ვითარების საკითხი არა მხოლოდ ფართო საზოგადოებისთვის, არამედ თვით ამ საკითხით დაინტერესებული სპეციალისტებისთვისაც კი თითქმის მიუწვდომელი იყო. სამოცდაათწლიანი საბჭოთა რეჟიმის პირობებში ემიგრაციის პრესის არსებობაც კი ბუნდოვანი რჩებოდა. უცნობი იყო იმ საზოგადო მოღვაწეთა ვინაობაც, რომელთაც სწორედ ემიგრაციის პრესაში აღწერეს ქართული ენის სტატუსი და მისი ფუნქციონირების სურათი. პროექტის ფარგლებში წარმოებული კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს ამ ხარვეზების გამოსწორებას და შესაძლებლობას მისცემს მკვლევრებს, გაეცნონ ქართული ემიგრაციის პრესაში გამოვლენილ სოციოლინგვისტურ პრობლემებს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm