GE

აწსუ-ში USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ახალი პროექტი დაიწყო

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ახალი პროექტი: „იურიდიული განათლების ხარისხის ამაღლება რეგიონულ უნივერსიტეტებში ადგილობრივი კადრების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავებით“ დაიწყო. თერთმეტთვიანი პროექტი ითვალისწინებს, ერთი მხრივ, რეგიონული უნივერსიტეტების იურიდიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ადგილობრივი კადრების გადამზადებით კაზუსებით სწავლების მეთოდოლოგიაში, შესაბამისი სახელმძღვანელოების შექმნას და მეორე მხრივ, პრაქტიკული სამართლის (Streel Law) კომპონენტის დანერგვას ზოგად საგანმანათლებლო სივრცეში.

ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდისა და ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებისთვის იმართება 4 დღიანი ინტენსიური ტრენინგი კაზუსებით სწავლების მეთოდოლოგიაში, რაც ხელს შეუწყობს რეგიონულ უნივერსიტეტებში იურიდიული განათლების ხარისხის ამაღლებას. ასევე, პროექტის ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი შექმნის ორ სამუშაო ჯგუფს, რომელშიც ჩაერთვებიან პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები, რათა შეიმუშაონ ბავშვთა უფლებებისა და სახელშეკრულებო სამართლის კაზუსების პრაქტიკული სახელმძღვანელოები.

პროექტის მეორე მიმართულება მოიცავს პრაქტიკული სამართლის (Streel Law) კურსის სილაბუსის შემუშავებას და აწსუ-ს ბაკალავრიატის სასწავლო გეგმაში ჩართვას. იურიდიული კლინიკის მიერ მოხდება 12 სტუდენტის გადამზადება შემდეგი თემატური მიმართულებების მიხედვით: პრაქტიკული სამართლის კურსი და მისი მეთოდოლოგია, სამართლის არსი, ადამიანის უფლებები; კონსტიტუციური სამართალი, სისხლის სამართალი, სამოქალაქო სამართალი, შრომის სამართალი, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები, არასრულწლოვანთა უფლებები, იმიტირებული სასამართლო პროცესი.

ქუთაისის 5 საჯარო სკოლასთან გაფორმდება ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. „Street Law” კურსის ფარგლებში სტუდენტები ჩაატარებენ 50 გაკვეთილს, რომელშიც 150-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. პრაქტიკული სამართლის კურსში მონაწილე მოსწავლეებისგან ჩამოყალიბდება თანატოლგანმანათლებელთა ქსელი, რომლებიც იქნებიან ერთგვარი მულტიპლიკატორები და აქტიურად იმუშავებენ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე სამართლის აქტუალურ პრობლემებთან დაკავშირებით.

პროექტის დასკვნით ეტაპზეშექმნილი სახელმძღვანელოების პრეზენტაცია (ბავშვთა უფლებების სამართლის კაზუსების პრაქტიკული სახელმძღვანელო; სახელშეკრულებო სამართლის კაზუსების პრაქტიკული სახელმძღვანელო) ჩატარდება. პრეზენტაციაზე მოწვეული იქნებიან როგორც რეგიონული, ისე დედაქალაქის უნივერსიტეტების სამართლის სკოლის წარმომადგენლები, დონორი ორგანიზაციის და მედია საშუალებების წარმომადგენლები, პროფესიული გაერთიანებები, რომლებსაც მიეწოდება ინფორმაცია პროექტის ფარგლებში გამოცემული სახელმძღვანელოებით გათვალისწინებული კაზუსების შესაბამის სასწავლო კურსებში იმპლემენტირების შესახებ. ამავდროულად მოხდება პროექტის ფარგლებში განხორციელებული შედეგების შეჯამება, სამომავლო გეგმების წარდგენა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm