„ახალი დავალება უფრო მეფიქრებოდა, მაგრამ ეგეც გამიმარტივდა“ – აბიტურიენტები ისტორიის გამოცდის მეორე დღის საკითხებზე
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა სავალდებულო არჩევითი საგნებიდან მათემატიკას ისტორია ამჯობინა და აღნიშნული საგანის გამოცდაზე 22 850-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წლევანდელი ისტორიის ტესტები შეცვლილი ფორმატით მოვიდა და აპლიკანტებს უფრო მეტი ღია დავალებების შესრულება უწევთ, ვიდრე გასული წლის აბიტურიენტებს.
დღეს მეორე დღეა, რაც ისტორიის გამოცდა კვლავ 2 სესიად მიმდინარეობს. დილით, პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან 94%-ზე მეტი აპლიკანტი გამოცხადდა და დაგვიანაების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
ჩვენ ტრადიციულად დავინტერესდით რა შეხვდათ აპლიკანტებს პირველი სესიაზე მოსულ ტესტში. აბიტურიენტები EDU.ARIS.GE-სთან საუბარში აღნიშნავენ, რომ საკითხები მარტივი იყო.
ცოტნე ჯიქური, 133-ე სკოლის საგამოცდო ცენტრი: “კითხვები დაწვრილებით არ მახსოვს რაზე იყო, იმდენად მარტივი იყო და სწრაფად ვწერდი. ღია შეკითხვა უფრო მეტი იყო, დახურული დაახლოებით 15-მდე. საქართველოს და მსოფლიო ისტორიიდან იყო თითქმის თანაბრად შუა და ადრე საუკუნეები. მეოცე საუკუნეზე მთლიანად ტესტში ილუსტრაცია იყო საქართველოს ისტორიიდან. საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობას ეხებოდა. გემზე კაცი იყო გამოსახული და კუთხეში საქართველოს წარწერით და ხმელეთზე სსრკ. რუკა ეხებოდა რომაულ ლაშქრობებს ახ.წ.აღ. მეორე საუკუნეებს. ისტორიული წყარო იყო დემეტრე II თავდადებულზე და მარტივი იყო ძალიან. ახალი დავალება უფრო მეფიქრებოდა, მაგრამ ეგეც გამიმარტივდა, ეხებოდა არაბების ბატონობას VII-VIII საუკუნეებს. გამოცდა მართლა მომეწონა, საკმაოდ ადვილად დავწერე და კმაყოფილიც ვარ. უკეთესი რა უნდა მოსულიყო არ ვიცი.”
ელენე ქიტოშვილი, 133-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: “ბევრად მარტივი გამოცდა იყო, ვიდრე წარმომედგინა და ვემზადებოდი. ღია და დახურულ შეკითხვები საქართველოს და მსოფლიოს ისტორიიდან იყო, თუმცა ნაკლებად ეხებოდა მეორე სემესტრში, რაც უნდა გაგვევლო იმ თემებს. უფრო მეტად იყო ძველი ისტორია მეოცე საუკუნემდე. ძირითადად შუა საუკუნეებზე იყო. ბაგრატ III-ზე მახსოვს შეკითხვა, ასევე მესამე ჯვაროსნულ ომზე. ერთი ისტორიული წყარო მახსოვს მხოლოდ დემეტრე თავდადებულს რომ თავი მოჰკვეთა არღუნ ყაენმა. კითხვები ძალიან მარტივი, ყველაფერი ტექსტში ეწერა. კარიკატურა ეხებოდა 1918 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებას საქართველოს მიერ და რუკა იყო რომაელების ლაშქრობებზე. ორივე დავალება იყო უმარტივესი.”
აბიტურიენტი 173-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან: “ძალიან მარტივი ტესტი იყო. ერთ-ერთი საკითხი იყო ამერიკა უნდა ჩართულიყო თუ არა პირველ მსოფლიო ომში. წყარო ეხებოდა დემეტრე თავდადებულის და მონღოლების ურთიერთობას, იქ რომ უნდა წავიდეს და თავი მოკვეთონ. კარიკატურა იყო საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ, გემი ეხატა ცალკე საქართველო იყო, 1918 წელი ეწერა, ანუ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და წამოვიდა. რუკა რომზე იყო, ჯამში შემიძლია ვთქვა, რომ უმარტივესი გამოცდა იყო, ერთ საათში შევძელი დაწერა.”
ანა კოკაია, 173-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: “ძალიან მარტივი დავალებები იყო, რუკა იყო რომაელების დაპყრობებზე მეორე საუკუნეში. ტესტის ბოლოს იყო ანალიზი დემეტრე თავდადებულზე. ღია და დახურული კითხვები ძირითადად მსოფლიო ისტორიიდან იყო, ერთი იყო მხოლოდ საქართველოს ისტორიიდან და ახლა კონკრეტული კითხვების გახსენება მიჭირს. გუშინდელი საკითხებიც კარგი იყო, მაგრამ დღეს ასეთ სიმარტივეს არ ველოდებოდი. სამუშაო პირობებიც კარგი გვქონდა, გრილა და არანაირი დისკომფორტი არ მქონია. არ მჯერა, რომ მხოლოდ უცხო ენის გამოცდა დამრჩა ჩასაბარებელი, რომლისაც საერთოდ აღარ მეშინია.”
მარიამ მკალავიშვილი, 173-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: “ვფიქრობ, ძალიან კარგად ვწერე, რადგან ჩემთვის ნაცნობი საკითხები იყო. გუშინ ჩემს მეგობრებს რომ ვესაუბრე, რომლებსაც ისტორიის გამოცდა ჰქონდათ, ტიროდნენ ისე რთულები იყოო, ჩემთვის კი ძალიან ადვილად დაძლევადი გამოდგა. სადღაც მერვე-მეცხრე კლასის მასალა იყო, ყველაფერი სასკოლო პროგრამიდან. რომის იმპერიაზე იყო კითხვები უმეტესად და სავარაუდო პასუხებიც იყო, ამიტომ ასე უფრო მარტივი იყო პასუხის გაცემა. ქართლის ცხოვრებიდან იყო მონაკვეთი მირიან მეფის ცხოვრების შესახებ და ეს განსაკუთრებულად გამიხარდა, რადგან ქართლის ცხოვრება კარგად მქონდა დამუშავებული. რუკა იყო რომის იმპერიაზე და კარიკატურა საქართველოს დამოუკიდებლობაზე. კარიკატურის შინაარსი დაახლოებით ასეთი იყო: იდგა გემი, რომელსაც ეწერა 1918 და აბრაზე იყო სიტყვა დამოუკიდებლობა. ვფიქრობ, კარგად ვიმუშავე და დიდი ინტერესით ველოდები შედეგებს.”
მარიამ გოგინაშვილი 177-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან: “კარიკატურა იყო ძალიან მარტივი საქართველოს დამოუკიდებლობაზე, 26 მაისზე. სქემა იყო შვედეთისა და რუსეთის ომზე. ეგეც უმარტივესია, რადგან ყველაფერი ზედვე აწერია, ფაქტობრივად, არაფრის გახსენება არ დამჭირვებია. წყარო დემეტრე თავდადებულზე შემხვდა, თავის მოკვეთის ეპიზოდი, ბექა ჯაყელზე და მის სხვა მოწინააღმდეგეებზე, მრავალცოლიანობის გამო რომ აკრიტიკებდნენ და ა.შ. გამიადვილდა ეგეც, რადგან აქაც ყველაფერი ეწერა, საუკუნის დასახელებასაც კი არ გთხოვდნენ, ყველა კითხვაზე, რაც დასმული იყო, პასუხს იქვე იპოვიდი. ძირითადად გასაანალიზებელი იყო და იმავე წყაროდან არგუმენტები მოსაყვანი. რუკა რომაელების მეორე საუკუნის დაპყრობებზე მოვიდა, მთლიანი ევრაზია რომ დაიპყრეს, ყველა სახელმწიფო ჩამოთვლილი იყო, მანდაც კი არ გქონდა საუკუნე ან რაიმე შენით მოსაყვანი, ყველაფერი ეწერა. ღია კითხვებსაც გავიხსენებ – ერთი იყო იმაზე, უნდა ჩართულიყო თუ არა ამერიკა პირველ მსოფლიო ომში. მოწინააღმდეგე და მოპასუხის არგუმენტები იყო საჭირო. მეორე კი – რომმა რომ კოალიციის შექმნა და ქრისტიანული სამყაროს ოსმალეთის წინააღმდეგ გაერთიანება მოინდომა, მაგაზე მოვიდა. ძალიან, ძალიან ადვილია. ზოგადად, მე ისტორია არ ვიცი კარგად, არ მოვმზადებულვარ და მაინც ძალიან გამიმარტივდა. მე ეროვნული გამოცდების წიგნი ვიყიდე ისტორიაში და მხოლოდ მაგ წიგნიდან ვმეცადინეობდი და სხვათა შორის, მაქედან ძალიან ბევრი კითხვა მოვიდა. თითქმის ნახევარზე მეტი. შეიძლება ზუსტი ფორმულირება იგივე არ იყო, მაგრამ იმ წიგნის კითხვები ძალიან გამომადგა. რასაც გუშინ ვიმეორებდი, ზუსტად ის კითხვები მოხვდებოდა დღეს გამოცდაზე. მარტო ის ტესტები გავაკეთე, მთელი წელი არ მოვმზადებულვარ, მხოლოდ ეგ წიგნი დავამუშავე და ისე გამიმარტივდა, რომ ნამდვილად არ ველოდი. მგონია, რომ გუშინდელი საკითხები უფრო რთული იყო. გუშინ რაც თქვეს, იმას უფრო ვერ დავწერდი, ვიდრე ამას. ”
აბიტურიენტი 177-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან: “ბევრი საკითხი აღარ მახსოვს, მაგალითად ღია კითხვები არ დამიწერია და ამიტომ არც წამიკითხავს წესივრად. წყარო პირველი რუსეთისა და საფრანგეთის ომზე იყი, მეორე კი – დემეტრე მეფესა და არღუნ ყაენზე. ციხე-სიმაგრის აღების ეპიზოდი. დახურული კითხვებიც დავწერე, ძირითადად თარიღებზე იყო. რუკა რომაელებზე მოვიდა, მათ ბრძოლებსა და დაპყრობილ ტერიტორიებზე. ილუსტრაცია – საქართველოს დამოუკიდებლობის მიღებაზე, საბჭოთა კავშირიდან განთავისუფლებაზე. ილუსტრაცია და რუკა ადვილია, რადგან იქვეა მოცემული ბევრი ინფორმაცია. ზოგადად ტექსტიც არ გამჭირვებია.”
ინფორმაციისთვის, გამოცდების შედეგები აგვისტოს ბოლოს გახდება ცნობილი. აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება