ახალი შესაძლებლობები სტუდენტებისთვის – ალტე უნივერსიტეტსა და საქართველოს საბანკო ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა
28 ნოემბერს ალტე უნივერსიტეტსა და საქართველოს საბანკო ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.
დღესვე, სტუდენტებისთვის განხორციელდა პირველი პროექტი, რომლის ფარგლებშიც გაიმართა ღია სემინარი ESG (გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით) საკითხებზე. ღონისძიებას ESG და მდგრადი დაფინანსების პროექტების კოორდინატორი საქართველოს საბანკო ასოციაციაში, ლევან გოგოლაძე უძღვებოდა. გამართული სემინარი მიზნად ისახავდა სტუდეტებში ESG მიმართულებით ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებას.
ლევან გოგოლაძემ EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს თანამშრომლობა პირველია და განსაკუთრებით მნიშნელოვანი იქნება ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რომლებმაც დღეს ESG-ს სწავლების მიმართულებით პირველი გამოცდილება მიიღეს.
“ორი რამ, რაც ჩვენს თანამშრომლობაშია გამოკვეთილი, ეს არის კიბერუსაფრთხოებისა და ESG-ს მიმართულების სწავლება. მივალთ შემდეგ მოლაპარაკებამდე, რით შეგვიძლია დავეხმაროთ სტუდენტებს და კიდევ რა შეგვიძლია ვასწავლოთ. ღია სემინარების სახით იქნება ეს, თუ სხვა ფორმატებში, აუცილებელია, რომ ეს საკითხები დავიდეს სტუდენტებამდე. პირველ ეტაპზე ნახეთ, რომ საკმაოდ დაინტერესებულია აუდიტორია. ეს არის მართლაც სიახლე სტუდენტებისთვის, რადგან ეს მიმართულება – ESG ცალკე საგნად არცერთ უნივერსიტეტში არ ისწავლება”, – განმარტა ლევან გოგოლაძემ.
ანი ამირანაშვილი, ალტე უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით EDU.ARIS.GE-ს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მოლოდინების შესახებ ესაუბრა.
“გვაქვს მოლოდინები, რომ ეს შეხვედრები სტუდენტებს მოუტანს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას. მართლაც, სემინარზე ისეთი საკითხები იყო დღეს წარმოდგენილი, რომლებიც მათ აინტერესებთ. ჩვენი თანამშრომლობა მომავალ თაობას დაეხმარება, რომ ერთი მხრივ მიიღონ თეორიული ცოდნა და გამოცდილება, ხოლო მეორე მხრივ, მიეცემათ დასაქმების რეალური შესაძლებლობა. ჯერჯერობით ეს არის ჩვენი თანამშრომლობის პირველი ეტაპი, შემდეგი ეტაპები დაიგეგმება ეტაპობრივად და სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ჩაერთვებიან”, – აღნიშნა ანი ამირანაშვილმა.
ღონისძიების ბოლოს, Kahoot! პლატფორმის მეშვეობით, დამსწრე სტუდენტების გამოკითხვა მოეწყო. სემინარში მონაწილე გამარჯვებულ სტუდენტებს საჩუქრები გადაეცათ, თითოეულ მონაწილეს კი სახელობითი სერტიფიკატი.
სემინარზე ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მდგრადი ფინანსური ინსტრუმენტები (მაგ. მწვანე, სოციალური და მდგრადი სესხები), გამოყენებული მეთოდოლოგიები და ჩარჩოები ESG-ის გადაწყვეტილებებში ინტეგრაციისთვის, ძირითადი გლობალური ინიციატივები, პასუხისმგებლიანი საბანკო საქმიანობის და ინიციატივების პრინციპები, ESG-სთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნების საკითხები და ESG მარეგულირებელი გარემო საქართველოში და განვითარებადი ქვეყნების მაგალითზე.
- ალტე უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ხორვატიის ორ უნივერსიტეტთან გააფორმა by ალტე უნივერსიტეტი
- ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა IALS-ში გაწევრიანდა by ალტე უნივერსიტეტი
- ესეების კონკურსი XI და XII კლასელებისთვის ალტე უნივერსიტეტისგან – “დემოკრატიული სახელმწიფო” by ალტე უნივერსიტეტი