„ახალი სკოლის მოდელის“ განხორციელებაში რესურსცენტრების როლი გაძლიერდება
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში რესურსცენტრების როლის გაძლიერებას აპირებს. სექტემბრიდან პროექტის დეცენტრალიზება საგანმანათლებლო რესურსცენტრების ჩართულობით მოხდება. შეიქმნება 14 საგნობრივი ექსპერტისგან შემდგარი 23 სამუშაო ჯგუფი, რომელიც სკოლებთან იმუშავებს.
აქამდე გაცხადებული გეგმის თანახმად, „ახალი სკოლების“ მოდელის ფარგლებში არსებობდნენ მხარდამჭერი ჯგუფები, რომელთა ექსპერტებიც კონკრეტული სკოლების მხარდაჭერაზე მუშაობდნენ. სექტემბრიდან ინდივიდუალურ ჯგუფებს 14 ადამიანისგან შემდგარი ექსპერტთა ჯგუფი ჩაანაცვლებს, რომელიც არა კონკრეტულ, არამედ რეგიონის რამდენიმე სკოლასთან იმუშავებს.
„ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში სკოლაში ცალკე ჯგუფი აღარ იქნება, თუმცა დიფერნცირებული მიდგომით მივდივართ, ჩვენ დამატებით გვეყოლება ასისტენტები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მიმაგრებულნი იქნებიან კონკრეტულად იმ სკოლაში, სადაც ამის უფრო მეტი საჭიროება იქნება. ვფიქრობთ, ასევე სკოლის ბაზაზეც შეიძლება არსებობდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც შეიძლება, რომ იმ მომენტში ამ ჯგუფის ნაწილი გახდნენ და ადგილზე გარკვეული პროცესები მართონ“, – აცხადებენ სამინისტროში.
რაც შეეხება 14 ექსპერტისგან შემდგარ ჯგუფებს, ისინი კონკრეტულ რეგიონებში რამდენიმე სკოლასთან იმუშავებენ.
„როდესაც ვამბობთ, რომ პროექტის მასშტაბი უდნა გაიზარდოს საქართველს სხვადასხვა სკოლებში, არის ძალიან რთული და დამეთანხმებით, რომ ამდენი ექსპერტი არ არსებობს, ამიტომ ვთქვით, რომ უნდა შევძლოთ ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ყველა სკოლასთან მივა და დაეხმარება სასკოლო ცხოვრების სწორად დაგეგმვაში. შევთანხმდით, რომ გარკვეულ ჯგუფებს შევქმნიდით, სადაც გაერთიანდებიან ყველა საგნობრივი ექსპერტები, მათ შორის იქნებიან დაწყებითი საფეხურის, ინკლუზიური განათლების და სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტები და ეს ჯგუფი დაეხმარება და იმუშავებს სწორედ კონკრეტულ ტერიტორიაზე, მათთვის შერჩეულ სკოლებთან. ჯგუფი სკოლას დახმარება იმ მეთოდოლოგიის განვითარებაში, რასაც პროექტი ითვალისწინებს“, – ამბობს განათლების მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე.
მისივე თქმით, აღნიშნული მიდგომა ასევე ხელს შეუწყობს რესურსცენტრების, როგორც შუალედური რგოლის განვითარებას და მათი ფუნქციის გაზრდას. ეკა დგებუაძე არ გამორიცხავს, რომ პროექტის შემდეგ ეტაპზე ექსპერტთა ჯგუფები რესურცენტრების ბაზაზე დარჩნენ.
14 საგნობრივი ექსპერტისგან შექმნილი ჯგუფების შესარჩევად კონკურსი გაზაფხულზე გამოცხადდება და მასში მონაწილეობის უფლება იმ ექსპერტებსაც ექნებათ, რომლებიც უკვე ჩართულები არიან „ახალი სკოლის“ მოდელში.
„ახალი სკოლის მოდელი“ 2019 წლის სექტემბრიდან 165 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს და მასში 34 000 მოსწავლე და 3096 პედაგოგია ჩართული. 2020 სასწავლო წლიდან პროექტი უკვე 300-მდე სკოლაში იქნება წარმოდგენილი და სწორედ აღნიშნულ სკოლებთან იმუშავებენ ექსპერტთა ჯგუფები.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება