GE

„ბავშვს რომ შია შეუძლებელია, იაზროვნოს“ –  რა მიზეზებს ასახელებენ სკოლებში, სადაც ბუფეტები ჯერ კიდევ არ ამუშავებულა

„2022-2023 სასწავლო წლიდან სკოლებში აღდგება სასკოლო ბუფეტებისა და სასკოლო წრეების ფუნქციონირება“ – წერია განათლების სამინისტროს მიერ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის გაგზავნილ რეკომენდაციებში და იმ განცხადებაშიც, რომელიც მიხეილ ჩხენკელის უწყებამ სწავლის დაწყების წინა დღეს გაავრცელა.

EDU.ARIS.GE-მ 20 სექტემბერს თბილისის ათამდე სკოლა მოინახულა, რათა გაერკვია, დაიწყეს თუ არა სასკოლო ბუფეტებმა მუშაობა 2022-2023 სასწავლო წლიდან და როგორია ახალი რეკომენდაციები. არცერთ სკოლაში, რომელსაც ვესტუმრეთ, ბუფეტი ჯერჯერობით არ მუშაობს. ამის ასახსნელად კი ყველა სკოლა სხვადასხვა მიზეზის გვისახელებს.

თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში გვითხრეს, რომ ის ადგილი, სადაც ბუფეტმა უნდა იფუნქციონიროს, სარემონტოა და მისი გახსნა მხოლოდ სარემონტო სამუშაოების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

იგივე მდგომარეობაა თბილისის 136-ე საჯარო სკოლაში. „ბუფეტის ადგილი სარემონტოა, ახლა უნდა გავარემონტოთ და სასადილო ფუნქციონირებას რემონტის შემდეგ დაიწყებს“, – გვითხრა სკოლის დირექტორმა მიმოზა მაისურაძემ.

თბილისის 55-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, მაია აბრამიძემ, კითხვაზე, რატომ არ მუშაობს მათ სკოლაში ბუფეტი, გვიპასუხა: „ზოგად რეკომენდაციებში წერია, რომ შეგვიძლია, ბუფეტი ავამოქმედოთ, მაგრამ ჩვენ ჯერ არ გაგვიხსნია. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე თავს ვიკავებთ. ალბათ მეორე სემესტრიდან ამუშავდება“.

თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, მაია ზაზიკაშვილმა კი გვითხრა, რომ ოქტომბრის ბოლოს სკოლა მთლიანად იკეტება სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო და ამ მოკლე პერიოდში ბუფეტის გახსნას აზრი აღარ ჰქონდა.

ბუფეტი არ მუშაობს არც თბილისის 142-ე საჯარო სკოლაში. როგორც სკოლის დირექტორმა, ეკატერინე ენდელაძემ გვითხრა, საიჯარო ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და მოიჯარეების გამოჩენას ელოდებიან.

„არ გახსნილა ბუფეტი ჩვენთან. მოსაწესრიგებელია და ჯერჯერობით ქალბატონი, რომელსაც იჯარის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, არ შემოგვხმიანებია. ბავშვებს კი ძალიან უნდათ, რომ ბუფეტი გაიხსნას და საკვების ხარისხთან ერთად მათთვის მნიშვნელოვანია ფასი“, – გვითხრა ეკატერინე ენდელაძემ.

სულ რამდენ სკოლაში გაიხსნა და რამდენში არა სასწავლო წლის დაწყების შემდეგ ბუფეტი, ამ ინფორმაციის დაზუსტებას განათლების სამინისტრო არ ჩქარობს, EDU.ARIS.GE-მ უწყებას ამ კითხვით 21 სექტემბერს მიმართა.

სკოლებმა რეკომენდაციები განათლების სამინისტროს გარდა, ჯანდაცვის სამინისტროსგანაც მიიღეს. ორივე უწყება განმარტავს, რომ ბუფეტში ან ბუფეტთან აუცილებლად გამართულად უნდა მუშაობდეს წყლის ონკანები და სანიტარული ნორმები უნდა იყოს დაცული. არის თუ არა ამ მოთხოვნასთან დაკავშირებული სკოლების მიერ ბუფეტების გახსნის გაჭიანურება, რთულად დასამტკიცებელია, მოსწავლეთა მშობლებს კი ერთი რამ აინტერესებთ: მათ შვილს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შიოდეს და კვება შეეძლოს.

რა დაუჯდათ მშობლებს მოსწავლის სკოლისთვის მომზადება – „ვერ ვუშვებ ბავშვებს სკოლაში, იქნებ 19 სექტემბერს მაინც გავუშვა“

მე-7 და მე-4 კლასელი მოსწავლეების მშობელი, ლელა მაცაბერიძე ამბობს, რომ სკოლაში აუცილებელია, ბუფეტი ფუნქციონირებდეს, რათა ბავშვს ჰქონდეს შესაძლებლობა, როდესაც მოშივდება, მაშინ ჭამოს.

„ჩემი შვილები 51-ე საჯარო სკოლაში სწავლობენ და როგორც გვითხრეს, მალე გაიხსნება ბუფეტი. ახლა ვატან სახლიდან რაღაცებს, რათა დაიკმაყოფილონ შიმშილის გრძნობა. ბუფეტი ძალიან კომფორტულია, რადგან ხან ვერ ვასწრებ, რომ რამე გამოატანო ან არ უნდა ის, რასაც ატან და ბავშვს უნდა შეეძლოს, თავად აარჩიოს, რა სურს. ბავშები საერთოდ ვერ აზროვნებენ, როცა შიათ. უფროსებიც ასე ვართ და ბავშვები, მით უმეტეს. ამიტომ, აუცილებელია, სკოლაში ბუფეტი მუშაობდეს. ძალიან კომფორტულია როგორც  ბავშვების, ისე მშობლებისთვის“, – გვითხრა ორი მოსწავლის მშობელმა.

კიდევ ერთი, მე-7 კლასელის მშობელი, ნათია სულხანიშვილი ასევე ფიქრობს რომ სკოლაში ბუფეტი აუცილებელია. მართალია, მის შვილს ჭამა მაინცდამაინც არ უყვარს, თუმცა როცა ბავშვს მოშივდება, მშობლისთვის მნიშვნელოვანია, ამ გრძნობის დაკმაყოფილება შეეძლოს.

„დილაობით ძალით ვასაუზმებ და ისე ვუშვებ სკოლაში. სახლიდან კი ვატან რაღაცას, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში ისევ უკან მოაქვს. როცა ბუფეტი იყო, თვითონ ირჩევდა, რა უნდოდა. ბავშვს რომ შია შეუძლებელია, იაზროვნოს. შევჭამ და მერე ვიმეცადინებო, მეუბნება ხოლმე და სკოლაში არ უნდა მოშივდეს“, – ამბობს ნათია.

მე-7 და პირველი კლასის მოსწავლეების მშობელს, ქრისტინა ბილიხოძეს ურჩევნია, ბავშვებს საკვები თავად გამოატანოს, თუმცა სკოლაში ბუფეტი რომ აუცილებელია, ისიც აღიარებს.

„მირჩევნია, თავად გამოვატანო, რადგან ასე უფრო დაცულად ვგრძნობ თავს, თუმცა ბუფეტი მაინც აუცილებელია. შეიძლება დაგავიწყდეს საკვების გამოტანება ან ვერ მოახერხო. მთავარია, ბავშვს არ მოშივდეს“, – ამბობს მშობელი.

კიდევ ერთი მშობელი EDU.ARIS.GE-სთან ყვება, რომ ურჩევნია, ბავშვმა თავად აირჩიოს ბუფეტში, რის ჭამას ისურვებს, თუმცა მისთვის მნიშნელოვანია, რამდენად უსაფრთხოა სკოლის სასადილოში ჭამა.

„სკოლაში ბუფეტი, რა თქმა უნდა, აუცილებელია! ორი მოსწავლის მშობელი ვარ – მე-2 და მე-6 კლასელის. ორივეს სხვადასხვა გემოვნება აქვს. მირჩევნია, ფული მივცე და თავად გააკეთონ არჩევანი, რას შეჭამენ. ახლა ძალიან მიჭირს – ყოველდღიურად რა გამოვატანო, არ ვიცი. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, საკვები იყოს უსაფრთხო. ამას უნდა მიექცეს ძალიან დიდი ყურადღება. იმედია, როცა ბუფეტები აღდგება, სკოლის დირექცია გააკონტეროლებს ჰიგიენურ ნორმებსაც, საკვების ხარისხსაც და ვადებსაც, რომ მშვიდად ვიყოთ”, – გვითხრა მოსწავლეების მშობელმა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ზოგადი რეკომენდაციებში ნათქვამია: ბუფეტის/სასადილოს შესასვლელთან ახლოს, შიდა სივრცეში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფუნქციონირებისთვის გამართული ხელსაბანები. საკვების მიღების წინ სანიტაიზერით ხელის დამუშავება არ არის რეკომენდირებული; თითოეულ მოსწავლეს მიეცით საკუთარი, მარკირებული (სახელი, გვარი) წყლის ბოთლის სკოლაში ტარების რეკომენდაცია; უზრუნველყავით დღის განმავლობაში მოსწავლის მიერ ბოთლის ხარისხიანი სასმელი წყლით შევსების შესაძლებლობა ონკანიდან, ჭიდან, სასმელი წყლის ავზიდან, დისპენსერიდან; უზრუნველყავით საკმარისი რაოდენობის წყლის მუდმივი ხელმისაწვდომობა სასმელად, პირადი ჰიგიენისათვის, საკვების მოსამზადებლად, დასუფთავებისა და რეცხვისათვის.

ასევე იხილეთ:

ბუფეტები გაიხსნება და ტესტირება კორონავირუსზე აღარ იწარმოებს – რა კოვიდრეგულაციებით დაიწყება სასწავლო პროცესი სკოლებში

„ბავშვისთვის დიდი სტრესია, როდესაც ხედავს, როგორ ჭამს მისი მეგობარი იმას, რაც მას ძალიან ენატრება“ – სკოლებში უფასო კვების შეტანა კი „დროში გაიწელა“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური