GE

„ბედნიერების მომტანი კედები“ – რა ჩავიცვათ გამოცდის დღეს და სხვა სასარგებლო რჩევები სტრესის დასაძლევად

ავტორი დავით ოქროპირიძე, ჟურნალისტი

სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის

როდესაც საქმე გამოცდებს ეხება, მით უმეტეს ეროვნულ გამოცდებს, რომელიც დამოუკიდებელ ცხოვრებაში შებიჯების და მომავლის ნახატის პირველი შტრიხებია, სტრესის არიდება არცთუ ისე მარტივი საკითხია. როდესაც მარტო ვართ, ათასჯერ გადავწონით თავში სიტუაციას, ჩვენს გამოცდილებებს, კბილს მოვუსინჯავთ ისტორიულ თარიღებსა და სახელებს და თავდაჯერებულად ჩავიღიმებთ – ეს ყველაფერი როდია. შენთან ერთად საგამოცდო ცენტრთან მყოფი სხვა ჩაფიქრებული აბიტურიენტები და მათ დასამშვიდებლად მყოფი მშფოთვარე მშობლებიც გავლენას მოახდენენ და თავდაჯერებულობასთან ხელგადახვეული, სიმშვიდეში დალაგებული აზრები, შესაძლოა, უდაბნოში დარჩეს, მირაჟივით. მიუხედავად იმისა, რომ საკითხების ცოდნა უდავოდ წარმატების უპირველეს ფაქტორად ითვლება, სასურველი ქულების მიღება სიმშვიდითა და ყურადღების კონცენტრირებითაც შეგიძლია, რაშიც ერთი ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა დაგეხმარება. თუმცა ეს სათქმელად უფრო ადვილია, ვიდრე შესასრულებლად. ამას კი, მე და შენ მაგრად უნდა დავუდგეთ, რაშიც ეს მცირე რჩევები დაგეხმარება. მეც ვიყავი შენს ადგილას არცთუ ბევრი წლის წინ და ჩათვალე, შენიანი ვარ.

გაღვიძება

დილით გაღვიძება ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. დღევანდელობიდან გამომდინარე, ხშირად, ახალგაღვიძებულები სოციალურ ქსელებს მივაშურებთ, წინა ღამით მიღებულ წერილებს ვპასუხობთ და ჯერ კიდევ საწოლში მყოფები, გონებით უკვე ათას საფიქრალს ვეჭიდებით. გამოცდის დღეს, დილის მოწესრიგების შემდეგ, კარგი იქნება საყვარელი მუსიკის მოსმენა. შემდეგ ნაკლები კოფეინითა და შაქრით დატვირთული საუზმე – რომელიც მომენტალურად ენერგიის მოზღვავებას იწვევს, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში პირიქით, ამის ჩანაცვლება მაგალითად ბანანით შეიძლება, დამატებით კი, ტვინის გასახსნელად შავი შოკოლადის მირთმევაც (თუმცა უსწავლელ მასალას ეს არ უშველის).

ჩაცმულობა

სანამ საგამოცდო ცენტრში მიხვალთ, სწორი ტანსაცმლის არჩევით, რომელიც კონცენტრაციასა და კომფორტის შეგრძნებას გაგიჩენთ, თქვენ ერთი ნაბიჯით (და უკვე რამდენიმე დამატებითი საგამოცდო ქულით) დაუახლოვდებით წარმატებას.

საგამოცდოდ ტანსაცმლის არჩევის პირველი წესი – ყოველთვის არჩიეთ კომფორტი მოდას. არ დაგავიწყდეთ, რომ ტესტის ჩაბარებისას, თქვენს ვიზუალს არავინ აფასებს და ეს ქულებს ვერ მოგიტანთ. თუ არჩეული ტანსაცმელი ახალია, მოურგებელი და მასში თქვენს თავს გარკვევით ვერ ხედავთ – ეს უკვე ცუდი არჩევანია.

როდესაც ეროვნულ გამოცდებს ვაბარებდი, ფეხზე ოდნავ შელახული, თუმცა ჩემთვის ბედნიერების მომტანი კედები მეცვა. რეალურად, ეს კედები არ იყო რომელიმე დიზაინერის შედევრი, ან ვან გოგის „ყველგან ნასიარულები“ ფეხსაცმელი, უბრალოდ მას ჩემთვის განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. მასთან იყო დაკავშირებული ბედნიერი ისტორიები, კარგი მოგონებები და ის კომფორტიც, რომელსაც „მოთელილი“ ფეხსაცმელი იწვევს, შენი ფეხის ხუშტურებს შეჩვეული. რაც შეეხება ქუსლიან ფეხსაცმელს, ისიც გაითვალისწინეთ, რომ სიარულისას კაკუნი სხვების ყურადღებასაც გაფანტავს.

გნებავთ ცრურწმენა დაარქვით, მაგრამ ტანსაცმლის გარდა, თილისმებიც არსებობს – ეს ჩვეულებრივი ნივთებია, რომლებსაც ჩვენთვის განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია, რაც არ გვავიწყებს, რომ მიუხედავად საგამოცდო მაგიდაზე წინ დადებულ ფურცელზე გამოსახული „გასაშიფრი იეროგლიფებისა“, რომელზეც ბევრი რამაა დამოკიდებული, მათ შორის ჩვენი სურვილი, ამოვხსნათ და სწორ პასუხს მივაგნოთ – ჩვენ მაინც ინდივიდები ვართ, ერთადერთი და განუმეორებლები, ყველა ჩვენგანის შიგნით დიდი სამყარო ცოცხლობს, რის დავიწყებაც არ შეიძლება.

არ არსებობს ძალიან ადრე მისვლა!

ჩვენს რეალობაში საცობები ნამდვილად არ არის მოულოდნელი ამბავი, მით უმეტეს გამოცდების თვეში. თანამედროვე ტექნოლოგიები გვეხმარება, ფერადი ხაზებით გავარკვიოთ რომელ ქუჩაზეა საცობი და სავარაუდოდ რა დრო დაგვჭირდება ადგილზე მისასვლელად, თუმცა ჯობს, მაინც იმაზე ადრე გამოვიდეთ სახლიდან, ვიდრე ამას რუკაზე გამოსახული დრო გვიჩვენებს. თითქმის ყოველ წელს ხდება შემთხვევა, როცა ტაქსი ვერ აგნებს ზუსტ მისამართს, ასევე ხდება გაუთვალისწინებელი შემთხვევები გზებზე, რასაც საგამოცდო ინსტრუქციებში ვერ ამოიკითხავთ. რაც არ უნდა ნაცნობი იყოს გარემო თქვენთვის, ჯობს, რომ ცოტა თავისუფალი დროც დაიტოვოთ მასთან შესაგუებლად, მით უმეტეს, როცა თქვენ გარდა ადგილზე სხვა ადამიანებიც იქნებიან, თავიანთი ხასიათებითა და ემოციებით, რაც შესაძლოა, დამატებითი სტრესის გამომწვევად იქცეს.

რჩევები ადვილად დამახსოვრებისთვის

ხანდახან, გამოცდის წინ გადამეორება არ არის საკმარისი, ყოველთვის თავს იჩენს რომელიმე კონკრეტული ფაქტი, თარიღი, ფორმულა რომელიც მიუხედავად მრავალი მცდელობისა, საჭირო დროს ტვინის ყველაზე შორეულ უჯრედში იმალება და ათას გზას პოულობს თქვენს დასაბნევად. ამისთვის კარგი მეთოდია თქვენი ჩანაწერების ერთგვარ მიუზიკლად გადაკეთება, ან რაიმე მოვლენასთან დაკავშირებით გახსენება. სხარტულები და რითმები მსგავსი ინფორმაციის ადვილად დამახსოვრებაში დაგეხმარებათ.

არ დაგავიწყდეთ, რომ გამოცდის წინა სტრესი ნორმალური მოვლენაა. ეს პატარა რჩევები მათ დაძლევას გაგიადვილებთ და თქვენი ცოდნის საჭირო დროსა და ადგილას გამოყენებისთვის ბიძგს მოგცემთ. თუმცა როგორც ჰანტერ ტომპსონი იტყოდა, ამაყად იარეთ და არ დაგავიწყდეთ, რომ სიმართლის მაძიებელთა, შეყვარებულთა და მეომართა გრძელი წარსულიდან მოდიხართ! ამიტომ, ნერვიულობა თქვენი მეგობარი ვერ იქნება.

ასევე იხილეთ:

ნანა ლოლაძე განმარტავს, რა შემთხვევაში განულდება აბიტურიენტის თხზულება ქართულში და რა უნდა იცოდეთ მოსაზრებების წერისას

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური