GE

ნანა ლოლაძე განმარტავს, რა შემთხვევაში განულდება აბიტურიენტის თხზულება ქართულში და რა უნდა იცოდეთ მოსაზრებების წერისას

ფოტო –
EDU.ARIS.GE, ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი, ნანა ლოლაძე

„მინდა, კიდევ ერთხელ გთხოვოთ, რომ იყოს გარკვეული ხელით ნაწერი“, – ასე უპასუხა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნანა ლოლაძემ აბიტურიენტების კითხვას ონლაინ ღია კარის დღეზე, რომელიც შემდეგნაირად ჟღერდა: „რა შემთხვევაში მინულდება თხზულება“.

სპეციალისტმა დეტალურად ისაუბრა, რა შემთხვევაში შეიძლება, აბიტურიენტს თხზულება გაუნულდეს და მათ დაკვირვებისკენ მოუწოდა.

„თხზულება გინულდებათ პირველი, იმ შემთხვევაში, თუ ის არაადეკვატურია, საერთოდ არ პასუხებს იმ დავალებას, რომელიც ჩვენ შემოგთავაზეთ. მეორე, თუ იმდენად გაურკვეველი ხელით არის ნაწერი, რომ უბრალოდ ჭირს ამოკითხვა“.

აქვე დასახელდა, კიდევ რამდენიმე შემთხვევა, რომელიც ზრდის რისკს აბიტურიენტისთვის თხზულების განულების.

„ის ადგილებიც კი, რომელიც ძალიან გაკრული ხელით იქნება და ამოკითხვა გაჭირდება, ის არ იქნება გათვალისწინებული, მაგრამ თუ მთელი თხზულება ასეა დაწერილი, ამ შემთხვევაში… თუ არის მხოლოდ 2-3 წინადადება, ან აზრი იმდენად ბუნდოვანია, რომ შეფასება ჭირს – (განულდება ავტ.). სხვა ყველა დანარჩენ შემთხვევაში, შეფასდება თქვენი ნაშრომი. ასევე, რაც ყველა გამოცდას ეხება, საკუთარი გვარი და სახელი ან იდენტიფიკაციის სხვა საშუალება გამოცდაზე არ უნდა იყოს“, – განაცხადა ნანა ლოლაძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ისიც განმარტა, თუ რატომ ურჩევს აბიტურიენტებს, რომ გარკვევით წერონ:

„ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როდესაც თხზულება გავანულეთ და ამ აბიტურიენტმა საპროტესტო განაცხადი არც შემოიტანა იმიტომ, რომ როგორც ჩანს ნახეს, რომ იმის წამკითხავი არავინ იყო, მთელი ცენტრი ვკითხულობდით…“

„ნაშრომი სუფთა წერის თვალსაზრისით არ ფასდება, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ იყოს გარკვეული ხელი. ჩვენ, სხვათა შორის, 2 წერითი დავალება ერთით რომ შევცვალეთ, ერთ-ერთი არგუმენტი სწორედ ეს იყო, რომ აშკარად ვხედავდით, რომ ძალიან იღლებოდა აბიტურიენტი და მის ხელწერას ეტყობოდა, რომ ბოლო დავალებას, რასაც გადაწერდა პასუხების ფურცელში, აშკარად ძალიან მძიმე ხელწერა იყო და ამიტომ ვთავაზობთ მხოლოდ ერთ წერით დავალებას და თქვენც გაგვიწიეთ ანგარიში, რომ დავინახოთ. არც ძალიან წვრილი ასოები არ იყოს, არც ძალიან გაკრული ხელი, რომ შეფასება შევძლოთ ადეკვატურად“, – მიმართა აბიტურიენტებს ნანა ლოლაძემ 24 მარტს გამართული შეხვედრისას.

მოგვიანებით აბიტურიენტებმა კიდევ დააზუსტეს თხზულებასთან დაკავშირებული საკითხი და ასეთი კითხვა დაისვა: „თუ თხზულება, ნაშრომი იქნება ძალიან კონტროვერსიალური (კონტროვერსიალური/წინააღმდეგობითი საკითხები სხვადასხვა ტიპის მხატვრულ თუ დოკუმენტურ ტექსტებში) განულების შანსი არის ასეთ ნამუშევარზე?“.

„რა გითხრათ, თუ არის ის საკითხი განხილული, რომელიც ჩვენ განსახილველად შემოგთავაზეთ, თუ ეს საკითხი არის განხილული იმ ნაწარმოების საფუძველზე, რომელიც ასევე თქვენ აირჩიეთ როგორც წაკითხულის გააზრებისათვის, ისე წერითი დავალებისათვის, თქვენი კონკრეტული მოსაზრებები, ვეთანხმებით თუ არ ვეთანხმებით, არ იქნება გათვალისწინებული გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თქვენ ვერ გვისაბუთებთ. თუ ვერ ასაბუთებთ თქვენს მოსაზრებას, მაღალ შეფასებას ვერ დაიმსახურებთ. თუ ასაბუთებთ კარგად, მაშინ…

„ოღონდ, როდესაც მხატვრული ტექსტის ანალიზს გვთავაზობთ, არ გამოგრჩეთ ის, რომ თქვენი მოსაზრება არ მოახვიოთ თავს მწერალს. თქვენ უნდა დაგვანახოთ მწერალი როგორ უყურებს ამ პრობლემას და მერე გვითხრათ თუ თქვენ არ ეთანხმებით მას, თორემ, თუ თქვენი მოსაზრება არ იქნება მკაფიოდ გამიჯნული მწერლის თვალსაზრისიდან, მწერლის მიზანდასახულობისაგან, მაშინ, ბუნებრივია, ეს არ იქნება სრულფასოვანი მსჯელობა ამ საკითხზე“, – უთხრა რჩევის სახით აბიტურიენტებს გამოცდების ცენტრის წარმომადგენელმა.

ნანა ლოლაძე აბუიტურიენტებს მოუწოდებს, რომ ის რაც არ ახსოვთ, მაგალითად გვარსახელი ზუსტად, ან ის ფაქტი, რაშიც ეჭვი ეპარებათ არ დაწერონ, რადგან ეს, შეიძლება, მათ საწინააღმდეგოდ შემობრუნდეს: „დაწერეთ ის, რაც დანამდვილებით გახსოვთ. ის მოვლენა, ის ამბავი თუ კარგად გახსოვთ, დაწერეთ. არ არის აუცილებელი დაწეროთ თუ რაიმე არ გახსოვთ ზუსტად, რადგან ფაქტობრივ შეცდომაში ჩაგეთვლებათ და ქულა დაგაკლდებათ“.

ასევე იხილეთ:

რომელ სტუდენტებს მოუწევთ მობილობისას ეროვნული გამოცდის ჩაბარება და რა შემთხვევებში – NAEC-ის პასუხი

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური