GE

„ბევრი პედაგოგი სკოლიდან წასვლაზე დაფიქრდება“ – ორად გაყოფილი პოზიცია გორის საგამოცდო ცენტრიდან და პროგნოზები სახელფასო პოლიტიკაზე

პედაგოგების სახელფასო პოლიტიკა – ეს იყო თემა, რომელზეც როგორც მასწავლებლების, ასევე მასწავლებლის საგნის გამოცდაზე მისული მასწავლებლობის მსურველების პოზიციის მოსმენა და მკითხველისთვის მათი პასუხების შეულამაზებლად მიწოდება გვსურდა.

EDU.ARIS.GE-მ გამოკითხვა გორში, მესამე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრთან ჩაატარა და სხვადასხვა ასაკის გამოსაცდელებს გაესაუბრა:

“ამ ახალი სახელფასო პოლიტიკის გამო, ბევრი პედაგოგი სკოლიდან წასვლაზე დაფიქრდება და ამის წინაპირობა ჩემს კოლეგებში უკვე შექმნილია”, – ამბობს ერთ-ერთი გამოსაცდელი, რომელიც ჩვენთან საუბრისას მღელვარებას ვერ მალავდა.

ყველა, ვინც ჩვენთან გასაუბრებაზე უარი არ თქვა, გვიხსნის, რომ ამ დრომდე არ ესმით, რატომ შემცირდა წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატები, როცა მათ ამ სტატუსებისთვის დიდი შრომა გასწიეს:

შიდა ქართლში მოღვაწე პედაგოგმა, მანანა მუზაშვილმა, გვითხრა: “ახლა დაიწყება ბრძოლა საათებისთვის, რადგან ხელფასის მატება რეალურად იგრძნოს მასწავლებელმა. გაგვიხარდა, ვიფიქრეთ, რომ ხელფასები რეალურად გაიზრდებოდა და ყველა კმაყოფილები ვიქნებოდით, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ამ ფორმულით ყველაფერი აზრს კარგავს. ამ ახალი სახელფასო პოლიტიკის გამო, ბევრი პედაგოგი სკოლიდან წასვლაზე დაფიქრდება და ამის წინაპირობა ჩემს კოლეგებში უკვე შექმნილია. ფორმულა გამოიყურება ასე, როგორც ვიცი, გარკვეული დანამატებია საათებზე, სტაჟზე, ხარისხზე, დამრიგებელზე და რაღაც ფუნქციებზე. სტატუსების დანამატი კი უქმდება ორი წლის შემდეგ”.

პედაგოგი ხაშურიდან: “აუცილებელია გადაიხედოს პედაგოგების სახელფასო პოლიტიკა და ერთხელ და სამუდამოდ დაფასდეს მათი შრომა. ჩვენი საქმიანობა შრომატევადი და ძალიან საპასუხისმგებლოა. როცა ადამიანს უამრავი ვალდებულება გაქვს საოჯახო, საბანკო თუ სახელმწიფო სერვისების მიმართ, რა თქმა უნდა, ხელფასიც უნდა იყოს ღირსეული. სტაჟიანი პედაგოგი ვარ და უსამართლობაა ის, რომ დამწყებ მასწავლებელს უფრო მეტი მატება შეეხო, ვიდრე მე. ესაა უსამართლობა და არაფერი სხვა. ჩვენი შრომა, რომ გვეგონა ფასდებოდა, აღმოჩნდა, რომ არ დაფასდა. ახლა ხელფასი მოიმატებს საათების ხარჯზე და არა ჩვენი დაგროვილი ცოდნის, ხარისხისა და შრომის, რაც საწყენია.

პედაგოგი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა: “მასწავლებელი, როცა სტატუსის მოსაპოვებლად წლების განმავლობაში იბრძვის, მოსწავლეებთან ერთად მუშაობს სხვადასხვა პროექტებზე, აბარებს გამოცდებს, დანამატი შეუნარჩუნდებათ ორი წელი, შემდეგ დააკლდებათ. ხოლო მასწავლებლებს, რომლებსაც გამოცდები არ ჩაუბარებიათ, ხელფასი საგრძნობლად გაეზრდებათ. ხომ არის ეს უსამართლობა?! როგორ შევხედო ამ ყველაფერს ისე, ვითომ არაფერი მომხდარა. ძალიან განაწყენებული ვარ!“.

სამცხე-ჯავახეთიდან გორში ჩამოსული პედაგოგი: “გადაწყვეტილებას თავიდანვე აკლდა სიცხადე და როცა ყველა დეტალი გახდა ცნობილი, გაირკვა, რომ ტყუილად გვიხაროდა ხელფასების მატება. განსაკუთრებით გულისწყვეტას იწვევს ეს გადაწყვეტილება წამყვან მასწავლებლებში, რომლებიც სტატუსის მისაღებად თავს არ ზოგავდნენ და პროფესიული განვითარებისთვის ყველაფერს აკეთებდნენ. ვინც ახლა დააპირებს სტატუსის ამაღლებას, სწორედ 200 ლარიან დანამატს მიიღებს. ხოლო ვინც ძველი წესით იღებდა დანამატს, ეს 2 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ. ასევე დამატებით მიიღებენ კიდევ 200 ლარს“.

“ჯერ კიდევ დაბნეული ვარ და ჩემი ხელფასის გამოთვლის პროცესში ვიმყოფები. ვფიქრობ, რომ მოტივაციადაკარგული მასწავლებლები, რომლებსაც ხელფასები საგრძნობლად მოემატათ, პროფესიული განვითარებისთვის თავს აღარ შეიწუხებენ. პირიქით არ უნდა ყოფილიყო? სამართლიანი ის იქნებოდა, ვისაც აქვს მიღწევები და წარმატებები, ხელფასებიც მათ ჰქონოდათ ღირსეული და არა პირიქით“, – გვიხსნის კიდევ ერთი გამოსაცდელი.

EDU.ARIS.GE-მ ჩაწერა ისეთი მასწავლებლებიც, ვისთვისაც მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკა და ახალი ფორმულა მისაღებია:

თეა მახარობლიძე: “მე დაწყებითების მასწავლებელი ვარ და, რა თქმა უნდა, ჩემთვის მისაღებია ხელფასის მატება. მიუხედავად ამისა, არის რაღაცები, რაც უნდა გამოსწორდეს. ჩვენ, მაგალითად, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები, რომლებიც ვასწავლით მოსწავლეებს სპორტს და ხელოვნებას, მაგრამ არ ვართ სერტიფიცირებულები, ამ საათების ანაზღაურება არის ჯერ კიდევ ძველი წესით. რა თქმა უნდა, ის, რაც მოხდა არის ძალიან კარგი, თუმცა ამ კუთხითაც რომ ყოფილიყო ცვლილება, კარგი იქნებოდა. ხელოვნებისა და სპორტის საათები ჯერ ისევ ძველი წესით აგვინაზღაურდება“.

მარინე ბერუაშვილი: “მე არ ვარ წამყვანი პედაგოგი, უფროსი მასწავლებელი გახლავართ, თუმცა ვიცი, რომ ხელფასების პოლიტიკამ პედაგოგებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მათ გული დასწყდათ. რაც შეეხება ჩემს აზრს, მე კმაყოფილი ვარ ხელფასის მატებით, რადგან ამდენი პედაგოგია განაწყენებული, ალბათ, გადაწყვეტილება გადახედვას საჭიროებს. იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ ყველაფერი დაიხვეწება და უფრო კარგი შედეგები გვექნება. მთავრობა ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს ხელფასების გაზრდას“.

უფროსი მასწავლებელი: “მე კმაყოფილი ვარ, აქამდე ვიჩაგრებოდი და არ მქონდა შესაბამისი ანაზღაურება. ახალი ფორმულა კი მაძლევს საშუალებას, ჩემი ანაზღაურება გაიზარდოს, რაც მახარებს. მე მესმის სხვა პედაგოგების გულის წყვეტის, მაგრამ ჩვენიც ხომ უნდა ესმოდეთ. პოზიტიური ამბავია და ასევე უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს“.

პედაგოგი გორიდან: “რატომ ხედავს ეს ხალხი ყველგან ცუდს. ძალიან კმაყოფილი ვარ სიახლით. მე მეზრდება ხელფასი და საკმაოდ სოლიდურ თანხას მივიღებ თვის ბოლოს. ხომ არ იქნებოდა სწორი, რომ ყველას ერთნაირად მომატებოდა ხელფასი. ასეთია ახალი პოლიტიკა და უნდა შევეგუოთ. დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლებშიც გაგრძელდება პედაგოგებისთვის ხელფასების მატების პოლიტიკა. ვითარდება სახელმწიფო და ჩვენც არ გვტოვებენ ისე. ჩემ გარშემო ყველა კმაყოფილია და ყველას უხარია ხელფასების მატება, თუნდაც ეს იყოს 200 ლარით. ჩვენთვის დიდი სტიმულია“.

ახალი ფორმულით მასწავლებლების ხელფასი პირველი ივლისიდან გამოითვლება. პედაგოგის ხელფასის მატებაზე რამდენიმე კრიტერიუმი მოახდენს გავლენას. საბოლოო ხელფასი დაანგარიშდება განათლებისა და კვალიფიკაციის, სამუშაო სტაჟის, დატვირთვისა და სხვა გარემოებების მიხედვით.

ამავე თემაზე:

წერილი პრემიერ-მინისტრს და 15 არგუმენტი, თუ რატომ უნდა შეიცვალოს მასწავლებელთა ახალი სახელფასო ფორმულა – ხელმომწერები

„ამ ფორმულით დაწყებითების მასწავლებლები განსაკუთრებით დაზარალდნენ…“ – წამყვანი მასწავლებლის დიალოგი განათლების სამინისტროსთან

„გავიხედოთ ოდნავ წინ, რას გამოიწვევს ეს სახელფასო პოლიტიკა…“ – ნანა დაბრუნდაშვილის ანალიზი

„ახლა მე მოგიყვებით განათლების სამინისტროს, მასწავლებლის სქემისა და ხელფასების ამბავს გლეხურ ენაზე“

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური