GE

„გავიხედოთ ოდნავ წინ, რას გამოიწვევს ეს სახელფასო პოლიტიკა…“ – ნანა დაბრუნდაშვილის ანალიზი

20 ივნისს გასაჯაროებული მასწავლებელთა ახალი სახელფასო ფორმულის გარშემო უკმაყოფილება მატულობს. მასწავლებლების დიდი ნაწილი თავს მოტყუებულად მიიჩნევს, ნაწილს ჯერ ვერ გაურკვევია, გაიზარდა თუ არა და რამდენად მათი ანაზღაურება; ერთზე კი ყველა თანხმდება – პროფესიული განვითარება, რასაც წლები შეალიეს, ახალი სახელფასო ფორმულით წახალისებული არ არის.

მენტორი მასწავლებელი, ნანა დაბრუნდაშვილი, ახალ სახელფასო ფორმულას გრძელვადიან პერსპექტივაში აანალიზებს და თვლის, რომ საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე დამტკიცებულ ბრძანებაში არაერთი უსამართლობაა.

EDU.ARIS.GE პედაგოგის 21 ივნისის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

“დავიწყებ იმით, რომ ვარ მაგისტრი-მენტორი მასწავლებელი, 35-წლიანი სამუშაო-პედაგოგიური გამოცდილებით, მაქვს 20 საათი, ხელფასი მომემატა 190 ლარით.

ახალი სახელფასო პოლიტიკით, თითქმის 3-ჯერ მოიმატა 1 საათის ღირებულებამ, რაც კარგია, თუმცა სრულიად უგულვებელყოფილია მასწავლებელთა სტატუსები – ანუ თვითგანვითარებისა და წინსვლისთვის დახარჯული უზარმაზარი ენერგია, დრო, თანხა და ძალისხმევა.

ამ ახალი სახელფასო პოლიტიკიდან ჩანს, რომ ხელფასისთვის მთავარია ჩატარებული გაკვეთილების რაოდენობა, ხარისხი აღარაა მნიშვნელოვანი, თუ მაინც და მაინც მონიტორინგით შეგვაშინებენ, წელიწადში 1-2 ღია გაკვეთილს ისედაც ყველა ატარებს-არც ეგაა პრობლემა.

გავიხედოთ ოდნავ წინ, რას გამოიწვევს ეს სახელფასო პოლიტიკა: 

1. პირველ რიგში შიდა სასკოლო სივრცეში დაძაბულობის მატებას და კოლეგების დაპირისპირებას.

მასწავლებლები ეცდებიან აიღონ რაც შეიძლება მეტი საათი, რადგან – თუ 18 საათში იღებ 1,790 ლარს, 25 საათში აიღებ 2,350 ლარს.

2. ახალი კადრი სკოლაში ვეღარ შემოვა, რადგან სკოლაში უკვე არსებული მასწავლებლები გადაინაწილებენ საათებს.

3. წინსვლაზე აღარავინ იქნება ორიენტირებული, რადგან წინსვლისთვის ბენეფიტები აღარაფერია-ვინც თავი არ შეიწუხა, ის უფრო დააფასეს, მათ უფრო მნიშვნელოვნად გაეზარდათ ხელფასები -არ თქვათ რატომაა ეს ცუდიო? ცუდი ისაა, რომ წინსვლას არ ახალისებთ.

4) ხარისხი საერთოდ უგულვებელყოფილია, რადგან ბევრი გაკვეთილი უფრო მეტ ძალას და ენერგიას მოითხოვს, ასევე რაც უნდა ბევრი იძახოთ ვისზე ნაკლებ გაკვეთილს ვატარებო, თუ წინსვლაზე არ ზრუნავ, ბევრს არ კითხულობ და სიახლეებს არ ეცნობი, იმასაც კი ვერ გაარკვევ, რომ რუსეთი მტერია – ისტორიის მასწავლებელიც რომ იყო.

5. მასწავლებლებს მოტივაცია დაუკარგეს, გადახედეთ სანაცნობოს, რამდენ აღფრთოვანებულ მასწავლებელს ხედავთ? ალბათ მხოლოდ მათ, ვისაც წინსვლაზე არასდროს უზრუნია.

6. კიდევ რამდენიმე დეტალი, რომ არ გამოგვრჩეს- მაშინ როცა 1 საათის ღირებულება თითქმის 3-ჯერ გაზარდეს, სტაჟებს შორის განსხვავება სასაცილოა, პროფესიაში ახლად შესულსა და 35 ან მეტი წლის სტაჟის მქონეს შორის განსხვავება მხოლოდ 30 ლარია, ისიც საათებზე დამოკიდებული.

სამუშაო სტაჟის სარგო:

0- 5 წლამდე – 15 ლარი (15 და მეტ საათზე სრულად და 15 საათის ქვევით პროპორციულად);
5-10 წლამდე – 30 ლარი (15 და მეტ საათზე სრულად და 15 საათის ქვევით პროპორციულად);
10 წლის ზევით – 45 ლარი (15 და მეტ საათზე სრულად და 15 საათის ქვევით პროპორციულად);

ფაქტობრივად, ჩემი 35-წლიანი გამოცდილება 17 წუთიანი გაკვეთილის ფასიც კი არ ღირებულა, რადგან პროფესიაში ახლადშესულსა და დიდსტაჟიანს შორის განსხვავება მხოლოდ 30 ლარია.

7. განათლება-კვალიფიკაციის სარგოს დაკნინება არც აქ გამორჩენიათ: ბაკალავრსა და მაგისტრს შორის განსხვავება მხოლოდ 20 ლარია, ესეც საათებზე დამოკიდებული.

ბაკალავრი – 20 ლარი (15 და მეტ საათზე სრულად და 15 საათის ქვევით პროპორციულად);
მაგისტრი – 40 ლარი.

ფაქტობრივად, ჩემი მაგისტრის დიპლომი 25-წუთიანი გაკვეთილის ღირებულების ტოლფასია.

8. წამყვანის ფუნქციური დანამატი განსაზღვრეს 150 ლარით- რაც 2 საათის ღირებულებაც კი არ არის.

მენტორის ფუნქციური დანამატი 300 ლარია -ეს კი დაახლოებით 3 საათის ღირებულების ტოლფასია.

არადა, 3 საათზე მეტს თითქმის ყოველ დღე ვხარჯავ მენტორის ფუნქციის შესასრულებლად.

ყველა სტატუსიანს ხომ დაგვცინეს, მაგრამ განსაკუთრებით მათ დასცინეს, შარშან რომ პორტფოლიოები დაუხარვეზეს, სწორედ ახლახანს რომ ატვირთეს ახალი მასალები და შიშით და გულისფანცქალით ელიან გასაუბრებებს, რა შესთავაზეს მათ?- რა ძალა გედგათ, სულ ტყუილად განერვიულეთ და გატირეთ მთელი წელიო?!

მოკლედ, კარგი წინასაარჩევნო ტრიუკი ჩაგვიტარეს, მაგრამ კარგად მაინც ვერ გათვალეს, რადგან მასწავლებელთა დიდი ნაწილი უკვე სტატუსიანია და იმედებიც ბევრს გაგვიცრუეს- აბა სადაა დაპირებული 500 ლარიანი მატება?

პროფკავშირმა რაო?
-ჩვენი წვლილიცაა ამ სახელფასო პოლიტიკაშიო?

და ბოლოს, ამ ყველაფერმა კიდევ ერთჯერ დაგვანახა, რომ სამწუხაროდ პროფესიონალიზმი არ ფასდება, სწორედ ამიტომაც გვინდა ევროპისკენ წინსვლა, იქ, სადაც ცოდნას, გამოცდილებას და წინსვლისთვის მზადყოფნას აფასებენ როგორც ვერბალურად, ასევე მატერიალურადაც!

მერე რა, რომ ხელფასი მომემატა 190 ლარით, ძალიან იმედგაცრუებული ვარ!

ერთადერთი სწორი გზაა, რომ აუცილებლად უნდა წავიდეთ ევროპისკენ.

P.S. თუ ვინმეს ჩემს პროფესიონალიზმში ეჭვი შეგეპარებათ, აგერ ბატონო, ჩემი ნამუშევრები და ნახეთ!

ასევე იხილეთ:

„ახლა მე მოგიყვებით განათლების სამინისტროს, მასწავლებლის სქემისა და ხელფასების ამბავს გლეხურ ენაზე“

გამოქვეყნდა მასწავლებელთა ახალი სახელფასო ფორმულა – ბრძანება

განათლების სამინისტრო სახელფასო ფორმულის განმარტებებს აქვეყნებს – დოკუმენტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური