GE

„ამ ფორმულით დაწყებითების მასწავლებლები განსაკუთრებით დაზარალდნენ…“ – წამყვანი მასწავლებლის დიალოგი განათლების სამინისტროსთან

ავტორი: ირმა სტეფნიაშვილი, დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებელი

სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისათვის:

„შეუძლებელია არ გამოვეხმაურო მიმდინარე მოვლენებს და არ დავაფიქსირო ჩემი აზრი. ეს წერილი ეხება მათ, ვისაც სურს, რომ ჩვენს ქვეყანას განათლებული თაობა ჰყავდეს, ეხება მათაც, ვინც ამისთვის იღწვის და ცხადია მათაც, ვინც ამ სფეროში მიმდინარე დაუსრულებელი რეფორმების პროცესების სათავეშია.

მოდით, ავირჩიოთ დიალოგის ფორმა:

როგორც თქვენ ამბობთ, ეს სახელფასო ფორმულა ავტომატურად დაფასებულ მასწავლებელს ნიშნავს. ის აგრეთვე ხარისხიანი განათლების საწინდარია (ტელეარხებიდან ასეთი სიტყვები გვესმის), თქვენ შექმენით ისეთი სახელფასო სისტემა, რომელშიც ბევრი საათი ავტომატურად დიდი ხელფასის ტოლია. ე.ი მასწავლებელი უნდა ეცადოს, რომ აიღოს ბევრი საათი.

ბევრი საათის ქონა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მასწავლებელი ჩაატარებს ერთ კლასში გაკვეთილს და უნდა გაიქცეს შემდეგ კლასში. კლასები ხშირად დაშორებულია ერთმანეთისგან და დასვენების დრო სრულად კლასიდან კლასში გადაადგილებისთვისაა საჭირო და ეს გრძელდება ყოველდღე, ყველა დასვენებაზე. როგორც წესი, დასვენების პერიოდში მასწავლებელი ხარისხიანი გაკვეთილის ჩასატარებლად ამზადებს პროექტორს, ლეპტოპს, სასწავლო ბარათებს, კიდებს და ათავსებს თვალსაჩინოებებს და ა.შ. ასე უნდა გაგრძელდეს სხვა კლასების შეთხვევაშიც. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს მასწავლებელი, რომელსაც აქვს ბევრი საათი, ამავე დროს არის დამრიგებელიც. ახლა მიპასუხეთ შემდეგ შეკითხვებზე:

1. შეძლებს თუ არა ამ პირობებში მყოფი მასწავლებელი ჩაატაროს ხარისხიანი, მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი?

2. შეძლებს თუ არა ამ პირობებში მყოფი მასწავლებელი დამრიგებლის მოვალეობის შესრულებას? ან მინიმუმ, საკლასო ოთახში ფიზიკურად რამდენი წუთი შეძლებს რომ იყოს?

ახლა არ თქვათ, რომ ბევრი საათის მქონე მასწავლებელი დამრიგებლობისგან გავათავისუფლოთო. ხომ იქნება ჩვეულებრივი დისკრიმინაცია, ადამიანს ცოტა საათი და კიდევ „მისჯილი“ დამრიგებლობა? „მისჯილი“ იმიტომ რომ ამ დიდად საპასუხისმგებლო მოვალეობას თქვენ გაცილებით ნაკლებად აფასებთ, ვიდრე ერთი ჩატარებული საათის ღირებულებას. პასუხისმგებლობისა და ანაზღაურების რაოდენობის გათვალისწინებით, ამ სტატუსის ფლობა სკოლაში თითქმის არავის უნდა…

ვთქვათ, გვაქვს შემდეგი სიტუაციები: 1.თქვენ გადაწყვიტეთ სკოლაში შვილის მიყვანა. არჩევთ მასწავლებელს, იგებთ პირობებს. აღმოჩნდა, რომ არის ორი მასწავლებელი, ორივე ერთნაირი განათლებით, მონდომებული, თავისი საქმის პროფესიონალი.. ერთს აქვს 23, 24, 25 საათი, მეორეს კი-მაგ,16, 17, 18 საათი. რომელ მასწავლებელთან გადაწყვეტთ შვილის მიყვანას და რატომ?

გამოდის, რომ მაქსიმალური საათების ანაზღაურების ამსახველი ხელფასი, რეალურად საერთოდ არ არის ხარისხიანი განათლების გარანტორი. თუ გადაწყვეტთ, რომ მასწავლებლებს ამ რაოდენობის საათები არ ჰქონდეთ, მაშინ რისთვის ატრიალებთ 24, 25 საათის ანაზღაურების ამსახველ რიცხვებს ტელეარხებიდან?

სიტუაცია 2: თქვენ გადაწყვიტეთ სკოლაში შვილის მიყვანა. სკოლაში არის ორი ირმა სტეფნიაშვილი. ერთი, რომელიც სულ ვითარდება, ახორციელებს საინტერესო, შემოქმედებით აქტივობებს, ცდილობს მოსწავლეებისთვის საინტერესო გახადოს სასწავლო პროცესი. არ უშინდება სიახლეებს, ეცნობა ლიტერატურას და ა.შ.. და მეორე ირმა სტეფნიაშვილი, რომელიც არანაირი სიახლეების ძიებით არ არის დაინტერესებული, ცდილობს საკუთარ თავს შეუქმნას კომფორტული გარემო, მშვიდად მიყვება დინებას და ა.შ. გულწრფელად მიპასუხეთ, რომელი ირმას მიაბარებდით შვილს აღსაზრდელად? რატომ? (პასუხი ცხადია)
მაგრამ თქვენ სწორედ თქვენი რჩეული მასწავლებლის შრომას გადაუსვით ხაზი. მეტიც, თქვენ მათ მრავალი უძილო ღამის თენებით და უამრავი ლიტერატურის გაცნობის, ურთულესი გამოცდის ჩაბარებით მიღწეული სტატუსი ფეხქვეშ გათელეთ! მე არ ვამბობ, რომ ვინც გამოცდაზე ვერ გავიდა ან ვერ ჩააბარა ის ცუდი მასწავლებელია. არა და არა! მე ბევრჯერ გამოვხატე ჩემი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით, რომ იმ სქემაში ბევრი შეუსაბამო მოთხოვნა იყო. მაგრამ ვინც ის ეკლიანი გზა გაიარა, როგორ შეიძლება მისი შრომა ასე არაფრად ჩააგდო?! ორი იდენტური ადამიანი არ არსებობს და როგორ შეიძლება ასე ხელაღებით ყველა გაათანაბრო?

თუმცა, თქვენგან თვეებია გვესმის, რომ სტატუსებს არავინ შეეხება და საბაზო ხელფასის ზრდა მოხდება.. ანდა ვის აქვს უფლება შეეხოს სტატუსს (ნებისმიერს ვგულისხმობ), ის ხომ ყველამ, ყველამ ჩვენი შრომით მოვიპოვეთ! მენტორებს და წამყვანებს ფუნქციური დანამატი მაინც დაუტოვეთ და რატომ გააქრეთ უფროსის ფუნქციური დანამატი? მას არ აქვს ფუნქცია?!

განათლების მინისტრის პასუხი წამყვან და მენტორ მასწავლებლებს სტატუსის დანამატის შემცირებაზე

ამ სახელფასო ფორმულით არსებობისას კი განსაკუთებით დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები დაზარალდებიან (ნებისმიერი სტატუსის) გეტყვით რატომ. დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს (თუ სკოლა საგნობრივ სწავლებაზე არ არის) შეუძლია ჰქონდეს 13 საათი (ანუ დადასტურებული ქართული, მათემატიკა და ბუნება) სახელფასო ფორმულის გამოქვეყნებისას ჩვენ უნებურად ვიმოგზაურეთ დროის მანქანით და მთელი რეალობით შევიგრძენით ის სიტუაცია, რაც ორი წლის მერე გველის… ანუ დაწყებითი საფეხურის მასწავლებელმა, იმისათვის რომ სრული განაკვეთის ხელფასი აიღოს აუცილებლად უნდა ჩააბაროს სპორტის და “მე და საზოგადოების” გამოცდა. როგორც ვიცი, ეს უკანასკნელი ეკუთვნის სამოქალაქო განათლებას, ამ საგნის გამოცდა კი VII-XII კლასებს მოიცავს. ანუ დაწყებით საფეხურზე ამ საგნის გამოცდა არ არსებობს. აბა, რის ჩაბარებას გვთხოვთ?

რაც შეეხება სპორტის გაკვეთილს, ის ფასდაუდებელია დამრიგებლისთვის, რადგან გონიერი და დაკვირვებული მასწავლებელი სწორედ ამ დროს ამოიცნობს მისი მოსწავლეების საჭიროებებს და სოციალური უნარების განვითარების ხარისხს. ამავე დროს, ეს უშუალო ურთიერთობა საოცრად აახლოებს მასწავლებელს მოსწავლეებთან. თუ რაიმე პრობლემური სიტუაცია არ არის, დაწყებით საფეხურზე ნამდვილად სჯობს, რომ დამრიგებელმა ასწავლოს საკუთარ მოსწავლეებს ეს საგანი.

არსებული მდგომარეობით დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები უკვე უნდა იწყებდნენ ორი გამოცდისთვის მზადებას, ანუ მინიმუმ ორი წელი, ისევ საშინელი ნერვიულობისთვისაა განწირული. ორი წელი- საუკეთესო შემთხვევაში!

პირადად მე, საკმაო გამოცდები მაქვს ჩაბარებული იმისთვის, რომ „საათებზე ომიანობის“ დროს ნაკლებად გავისარჯო. იმ 25 საათსაც მარტივად შევივსებ. არც გამოცდების ჩაბარებას გავურბივარ, მაგრამ ძალიან მომბეზრდა ეს საგამოცდო მარათონი. ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელი იყო ჩემი გრაფის გასწვრივ სიტყვა-დაუდასტურებელის-ამოკითხვა. საქათმეში შეპარული მელას სიმღერა გამიგია და გაკვეთილზე შეპარული მასწავლებელი ნამდვილად არ მინდა ვიყო.

ამდენი ლაპარაკიც ამ ხელფასზე ძალიან, ძალიან დიდ უხერხულობას მიქმნის, მაგრამ უამრავი ღამის თენებით, კითხვით, სწავლით, წვალებით მიღწეულ სტატუსით მიღებულ ანაზღაურებას რომ ვიღებდი, თითქოს შრომის შედეგს ვიმკიდი და უცებ ის თითქოსდა ვინმემ მაჩუქა ან სადმე ვიპოვე და არაფერიაო, გაქრეს- ბოდიში! ამას ვერაფრით შევეგუები… არც იმას ვამბობ, რომ ხელფასი მომაკლდა. ამ მონაცემებით (რადგან იმდენჯერ შეიცვალა ამ რამდენიმე დღეში თვალის მიდევნებაც მიჭირს) რა მატებაც მიწერია იანვარში განხორციელებული ათპროცენტიანი ზრდითაც ავიღებდი, და თუ ეს უპრეცედენტო ზრდაა, იანვარში რატომ არ დააანონსეთ ხელფასების უპრეცედენტო ზრდა და ყველა საბიუჯეტო სექტორში მომუშავე ადამიანის ხელფასი ასე საჯაროდ არ დადეთ?! (დადეთ და თან უამრავჯერ შეცვალეთ, ისევე, როგორც ჩვენ შემთხვევაში).

„მართლაც უპრეცედენტოა სახელფასო პოლიტიკა?“ – კალკულაცია, შედარება და პროგნოზები მენტორი მასწავლებლისგან

ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინოთ ის გარემოებები რაც ჩემს წერილში მაქვს აღწერილი და მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები. განათლებული თაობის აღსაზრდელად მართლაც აუცილებელია განათლებული და საღად მოაზროვნე მასწავლებელი. საათების რაოდონობაზე გამოკიდებული, უეცრად თურმე კარზე მომდგარი გამოცდების მქონე მასწავლებელი ნამდვილად ვერ შეძლებს თავისი მოვალეობის პირნათლად შესრულებას და ამით კი ისევ მომავალი თაობა, საბოლოოდ კი ჩვენი ქვეყანა დაზარალდება…“

ასევე იხილეთ:

„გავიხედოთ ოდნავ წინ, რას გამოიწვევს ეს სახელფასო პოლიტიკა…“ – ნანა დაბრუნდაშვილის ანალიზი

„ახლა მე მოგიყვებით განათლების სამინისტროს, მასწავლებლის სქემისა და ხელფასების ამბავს გლეხურ ენაზე“

გამოქვეყნდა მასწავლებელთა ახალი სახელფასო ფორმულა – ბრძანება

განათლების სამინისტრო სახელფასო ფორმულის განმარტებებს აქვეყნებს – დოკუმენტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური