GE

ბსუ-ს რექტორის ასარჩევად განმეორებით არჩევნები დაინიშნა

დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებზე გამარჯვებული კანდიდატი ვერ გამოვლინდა. აკადემიური საბჭოს ფარული კენჭისყრის შედეგებით, ხმები ოთხ კანდიდატზე გაიყო. ყველაზე მეტი რაოდენობა 3 ხმა ანთაზ ქიქავამ მოიპოვა. რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ბარამიძემ და მანუჩარ ლორიამ 2-2 ხმა მიიღეს. მალხაზ ნაკაშიძემ კი,  რომელიც პარლელურად აკადემიური საბჭოს წევრია, ერთი ხმა.  გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად 8 წევრისგან შემდგარი აკადემიური საბჭოს უმრავლესობის ხმათა რაოდენობა იყო საჭირო.

საბჭოს თავმჯომარის გიორგი დიასამიძის თქმით, რექტორის განმეორებით არჩევნები ერთი თვის ვადაში დაინიშნება. როგორც მან Aris.ge-განათლებას განუცხადა, განმეორებითი არჩევნების დღე სავარაუდოდ, 15 მაისი იქნება. 

„მეორე ტური რომ ჩატარებულიყო საჭირო იყო  საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი, რომელიც არ გამოიკვეთა. უნივერსიტეტის სააჩევნო დებულების შესაბამისად, საჭიროა აკადემიურმა საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება და გამოაცხადოს რექტორის განმეორებითი არჩევნები.“

შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ  ხვალ ასევე უნდა გადაწყვიტოს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ვინაობაც. თუ ირაკლი ბარამიძე (რექტორის მოვალეობის ამჟამინდელი შემსრულებელი) განმეორებით არჩევნებშიც წარადგენს რექტორობაზე საკუთარ კანდიდატურას, ამ შემთხვევაში, უნივერსიტეტის საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მეორე მოადგილე, ნათია წიკლაშვილი დაინიშნება.

საბჭოს წევრების თქმით, არჩევნები წინა წლებისგან განსხვავებით პოლიტიკური ჩარევების გარეშე წარიმართა. ამასთან საბჭოს წევრები ყურადღებას ამახვილებდნენ ძლიერი კანდიდატების სიმრავლეზე, რამაც ხმების გაყოფა და განმეორებითი არჩევნების ჩატარება განაპირობა.

შეგახსენებთ, რომ რეტორის არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიაში 8 კანდიდატი დარეგისტრირდა. ორმა  კანდიდატმა: როსტომ ბერიძემ და ბესიკ ბერიძემ კანდიდატურა არჩევნების დაწყებამდე მოხსნეს. ხოლო მარინა გიორგაძეს და რამაზ ხალვაშს  არჩევნებში ხმები არ მიუღიათ.

მაია შავაძე – ბათუმი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური