GE

ბულგარეთის ელჩის სტუმრობა და წიგნის პრეზენტაცია CIU-ში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში გაიმართა დარგობრივი სახელმძღვანელოს – „კონვერგენტული ჟურნალისტიკა: შესავალი“ – პრეზენტაცია.

ღონისძიებას ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ვესსელინ ვალკანოვი ესწრებოდა. შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ გახსნა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ელჩს სტუმრობისთვის, აღნიშნა საქართველო-ბულგარეთის ნაყოფიერი თანამშრომლობა საგანმანათლებლო თუ სხვა მიმართულებებით და ყურადღება ახალგამოცემული წიგნის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თავის სიტყვაში აღნიშნა ბულგარეთის საელჩოს როლი საქართველოში საგანმანათლებლო პროექტების მიმართულებით და კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების საკითხში.

პროექტისა და წიგნის შინაარსობრივი მხარე მიმოიხილა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ციფრული მედიისა და ინოვაციების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, პროფესორმა ინგა შამილიშვილმა.

შეხვედრაზე ასევე სიტყვით წარდგა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის მრჩეველი, მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო ჭალაგანიძე. მან აღნიშნა, რომ თანამედროვე საზოგადოება უსაზღვრო შესაძლებლობებისაა, საკომუნიკაციო სისტემების საფუძველზე ვითარდება და მნიშვნელოვანი სამეცნიერო, ტექნიკური, მხატვრული ინფორმაციის მოპოვება- გავრცელებას უზრუნველყოფს. ეს მიღწევები საინფორმაციო ქსელების განვითარებისა და გლობალურ საინფორმაციო სივრცეში ინტეგრაციის შესაძლებლობებს ქმნის.

CIU-ს ჟურნალისტიკის მიმართულების საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელმა ზაზა ცოტნიაშვილმა კი მოკლედ მიმოიხილა კონვერგენტული ჟურნალისტიკის შესაძლებლობები. აღსანიშნავია, რომ წიგნი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ Bulgarian Development Aid-ის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. ახალი სახელმძღვანელო საჩუქრად გადაეცემა საქართველოს წამყვან მედიასკოლებს, ერთ-ერთი პირველი კი, ამ მიმართულებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეირჩა.

„კონვერგენტული ჟურნალისტიკა: შესავალი“ 21-ე საუკუნის პრაქტიკული ჟურნალისტიკის ინოვაციული სახელმძღვანელოა. თითოეული თავი დაწერილია შესაბამისი სფეროს ექსპერტის მიერ და ასახავს თანამედროვე ჟურნალისტიკის სხვადასხვა ასპექტის პრაქტიკულ და საკვანძო უნარებს. წიგნი გამოსადეგი წყაროა სტუდენტებისთვის, რომლებიც თანამედროვე მედიაგარემოზე მოსარგებად პრაქტიკულ უნარებსა და ეთიკურ ცოდნას ეძებენ.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური