GE

CAT-ის გამოცდების ორგანიზებისთვის გამოყოფილი თანხების დიდი ნაწილი დამკვირვებლების ანაზღაურებას ხმარდებოდა

CAT-ის გამოცდებზე საუბრის დროს, განათლების უწყების მაღალჩინოსნები ხშირად აღნიშნავენ, რომ ეს იყო ზედმეტი ხარჯი, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე – მშობლებისთვის.

„ის მიზნები, რაც CAT-ის  გამოცდას ჰქონდა ვერ გამართლდა, შესაბამისად, ინვესტიციის ჩადებას ამ გამოცდებში აზრი არ აქვს და ვფიქრობ, გაცილებით უკეთესი იქნება ჩვენ ეს დანახარჯები გავიღოთ იმისთვის, რომ 12 წლის მანძილზე 2-ჯერ ან 3-ჯერ შევაფასოთ სკოლები და მივცეთ მათ ე.წ. განმავითარებელი ან დიაგნოსტიკური შეფასება. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, რომ მე-4, მე-6 და მე-10 კლასებში მოვამზადოთ შეფასებები, რა თქმა უნდა, ეს იქნება პირველ ეტაპზე მხოლოდ სკოლის განვითარებისთვის. როდესაც ჩვენ ვიქნებით მზად რომ ეს გახდეს გადასაყვანი გამოცდები, შემდეგ ამაზე იქნება გადაწყვეტილებები მიღებული“, – ამბობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე.

გამოცდების გაუქმების კონტექსტში ასევე ხშირად საუბრობენ იმაზეც, რომ საატესტატო გამოცდების მოსამზადებლად, მშობლების მიერ შვილებისთვის გაღებული ფინანსები მილიონებს სცდებოდა. კონკრეტულად რა თანხას ხარჯავდა თითოეული მშობელი რეპეტიტორებთან, ამის დადგენა რთულია, თუმცა EDU.ARI.GE შეეცადა ბოლო სამი წლის მანძილზე CAT-ის გამოცდებისთვის სახელმწიფოს მიერ გაღებული თანხების ოდენობა გაერკვია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2018-2019 სასწავლო წლების გამოსაშვები გამოცდების ორგანიზებისთვის ბიუჯეტით 1,860,000.0 ლარი იყო გათვალისწინებული, რაც გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ, ბუნებრივია, გამოთავისუფლდება. საჯარო ინფორმაციით, ასევე ცხადი ხდება, რომ გამოცდების ორგანიზებისთვის გამოყოფილი თანხების დიდი ნაწილი მეთვალყურეების (დამკვირვებლების) ანაზღაურებას ხმარდებოდა.

მაგალითისთვის 2016 წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდების ორგანიზებისათვის დაიხარჯა – 1,947,000.0 ლარი, აქედან მეთვალყურეების შრომის ანაზღაურებაზე დახარჯულია – 1,894,000.0 ლარი. 2017 წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდების ორგანიზებისათვის დაიხარჯა – 1, 893,000.0 ლარი, მეთვალყურეების ანაზღაურებისთვის – 1,854,000.0 ლარი; 2018 წელს კი სკოლის გამოსაშვები გამოცდების ორგანიზებისათვის დაიხარჯა – 1,700,000.0 ლარი; მეთვალყურეების შრომის ანაზღაურებისთვის – 1,673,000.0 ლარი.

როგორც ვხედავთ, თანხის ძირითადი ნაწილი სწორედ დამკვირვებლების ხელფასებზე მოდიოდა. გამოსაშვები გამოცდები საქართველოში 1600-მდე სკოლაში ტარდებოდა და ბუნებრივია, თითოეულ საგამოცდო ცენტრში იმყოფებოდა მეთვალყურე, რომელიც პროცესის ობიექტურობას უზრუნველყოფდა. გარდა ამისა, თითოეულ საგამოცდო ოთახში დამონტაჟებული იყო კამერა, რომელსაც ეროვნული გამოცდების ცენტრის ოფისიდან მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები აკონტროლებდნენ.

რაც შეეხება გამოსაშვები გამოცდებისთვის გაწეულ სხვა ხარჯებს, დამკვირვებელების ხელფასების გარდა, ეროვნული გამოცდების ცენტრს 2016 წელს – 53 000 ლარი, 2017 წელს -39 000 ლარი, ხოლო 2018 წელს -27 000 ლარი აქვს დახარჯული.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახა ჯამბურია, რომელიც, CAT-ის გამოცდების შექმნაში იყო ჩართული, ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ ამ სისტემის შექმნაზე უზარმაზარი რესურსი დაიხარჯა.

„სხვათაშორის ძალიან დიდი თანხები დაიხარჯა არა მარტო იმიტომ, რომ კომპიუტერები უნდა შეეძინა სამინისტროს, არამედ ვიდეო თვალები, ჩამწერი აპარატურაც. იქ რომ ვინმეს გაეპროტესტებინა, რომ მე დამჩაგრეს ან ვიღაცას გადააწერინეს, ჩანაწერი უნდა ამოგვეღო. გარდა ამისა უნდა მომზადებულიყო ისეთი მექანიზმი, რომელიც საშუალებას მოგვცემდა არავინ არავის მიხმარებოდა. წარმოიდგინეთ, ქაღალდის ტესტი რომ გაგვეკეთებინა 8 საგანში ამ 2000 სკოლაში გვეტარებინა. ამიტომ მაია მიმინოშვილმა თავიდანვე თქვა, რომ მოდი ავიღოთ ორიენტაცია კომპიუტერზე ადაპტირებულ  ტესტზე“, – ამბობს ჯამბურია.

სკოლებში საატესტატო გამოცდების შემოღების გადაწყვეტილება 2010 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო. ტესტირების შინაარსობრივი, ადმინისტრაციული თუ ტექნიკური მხარის მომზადება და განხორციელება გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაევალა. რამდენიმე თვის განმავლობაში უნდა მომზადებულიყო და საქართველოს ყველა სკოლაში ერთდროულად, ცენტრალიზებულად ჩატარებულიყო სკოლის გამოსაშვები (საატესტატო) გამოცდები 8 საგანში – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია.

საატესტატო გამოცდებისათვის ეროვნული გამოცდების ცენტრმა კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება შეარჩია. ცენტრის ექსპერტების მიერ IRT (item response theory) თეორიაზე დაყრდნობით შემუშავდა ალგორითმი. საინფორმაციო ტექნოლოგიების ჯგუფმა კი შექმნა პროგრამა, რომელიც, ყველა შესაძლო რისკის გათვალისწინებით უზრუნველყოფდა ცენტრალიზებული, კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ჩატარებას საქართველოს 1600-მდე სკოლაში.

კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული ვერსია (Gcat) 2011 წელს, გენერალური რეპეტიციისას გამოსცადეს. 2011 წლის 23 მაისს კი ქვეყანაში პირველი, კომპიუტერზე ადაპტირებული გამოსაშვები გამოცდები ჩატარდა.

2013 წლიდან გამოსაშვები გამოცდები ორ ეტაპად, მე-11 და მე-12 კლასებში ტარდებოდა მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს აბარებდნენ, რომლის სწავლასაც დაასრულებდნენ (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია). დარჩენილ 4 საგანში ტესტირებას (მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია) მოსწავლეები სკოლის დამთავრებისას გადიოდნენ.

გამოსაშვებ გამოცდებში ყოველწლიურად 45 ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა, თუმცა შთამბეჭდავი იყო ჩაჭრილთა რიცხვიც, დაახლოებით, 11-12 ათასი.

პარლამენტში უკვე შეტანილია კანონპროექტი, რომლის ამოქმედების შემდეგაც 2019 წლიდან, საქართველოში სკოლების გამოსაშვებ გამოცდებს სახელმწიფო აღარ ჩაატარებს.

ამავე თემაზე:

CAT-ის გამოცდების გაუქმებით ბიუჯეტიდან მილიონ-ნახევარი ლარი გამოთავისუფლდება – რაში დაიხარჯება თანხა

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური