GE

„ჩავარდნილი ერთი სემესტრი აუცილებლად დიდ ხარვეზად გაგვყვება“, – მშობლები სწავლის სექტემბერში განახლებაზე

მარტის დასაწყისში, როცა საგაზაფხულო არდადეგები კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო პირველად გახანგრძლივდა, ალბათ, ყველაზე პესიმისტი ადამიანიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი სექტემბრამდე ვეღარ განახლდებოდა. მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები უპრეცედენტო რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ. ხარვეზების მიუხედავად, ონლაინ გაკვეთილები თითქოს გამოსავლად იქცა, თუმცა სწავლის განახლების მოლოდინი მაინც რჩებოდა.

პრემიერის განცხადებამ საბოლოოდ დაგვარწმუნა, სასწავლო პროცესი სკოლებში სექტემბრამდე არ განახლდება – ახალი სინამდვილე ასეთია.

პრემიერის განცხადებას იმის შესახებ, რომ განათლების სამინისტრომ წარმატებით გაართვა თავი ახალ გამოწვევას, მშობლების ნაწილი არ ეთანხმება. ამის მიუხედავად, მათი უმრავლესობა ფიქრობს, რომ აკადემიური წლის გამოცხადებას ეს რეალობა ერჩივნათ.

როგორ აფასებენ სექტემბრამდე სწავლის გადაწევას, რა პრობლემებს შეუქმნის მომავალში მათ შვილებს ჩავარდნილი ერთი სემესტრი, ან რა გავლენას იქონიებს ბავშვების სწავლის მოტივაციაზე ნახევარწლიანი იძულებითი არდადეგები, ამ კითხვებით EDU.ARIS.GE -მ სხვადასხვა კლასის მოსწავლეთა მშობლებს მიმართა.

თამუნა კოჩაძე აბიტურიენტის დედაა, ონლაინ სწავლებით მეტ-ნაკლებად კმაყოფილია. იმის მიუხედავად, რომ მისი შვილი მომავალი წლიდან სკოლაში აღარ ისწავლის, ფიქრობს, რომ სემესტრის ჩავარდნა ეროვნული გამოცდების შედეგებზე იმოქმედებს.

„ონლაინ გაკვეთილებით მეტ-ნაკლებად კმაყოფილი ვარ, თუმცა ჩემი შვილი იმ ასაკშია, რომ სკოლაში სიარულის რეჟიმშიც შეიძლება არ მოეკიდონ ყურადღებით სწავლას. მით უმეტეს, შეფასებითი ნაწილი ამოიღეს და საატესტატო გამოცდებიც გააუქმეს. თითქოს თქვეს კიდეც, რომ მეორე სემესტრის პროგრამას არ შეიტანდნენ ეროვნული გამოცდების საგამოცდო საკითხებში, თუმცა არ ვიცი ეს რამდენად რეალური იქნება. ნამდვილად არ ველოდი, რომ სწავლის აღდგენა ვერ მოხერხდებოდა, ახლა კი ვფიქრობ, რომ ეროვნულ გამოცდებსაც ცვლილებები ელოდება, ნამდვილად შიშით ვუყურებ უკვე ამ პროცესებს სწავლასთან დაკავშირებით“.

ნინო სუთიძე მესამე კლასელი ნიას მშობელია, ფიქრობს, რომ ონლაინ გაკვეთილები მხოლოდ თავის მოტყუებაა და, შესაბამისად, სექტემბრამდე სწავლის გადადება განათლებისთვის, სკოლებისთვის და ბავშვებისთვის უარყოფითი შედეგის მომტანი იქნებოდა.

„ჩემი აზრით, რაც კორონავირუსის გამო ხდება განათლებაში, მხოლოდ მოვალეობის მოხდას ემსახურება და რეალურად შედეგის მომტანი არ იქნება. მშობელი ვარ და ვხედავ როგორ მიმდინარეობს სწავლა, ვერ ვიტყვი რომ არ ცდილობენ მასწავლებლები, თუმცა რასაც ვისურვებდი იმ ხარისხისგან შორს ვართ. ვფიქრობ, მომავალში, აუცილებლად დიდ ხარვეზად გაგვყვება ჩავარდნილი ერთი სემესტრი, ამ მდგომარეობის შედეგებს მომავალში უფრო კარგად დავინახავთ. ჯერ არც ის ვიცით რა პრინციპით შეფასდებიან ბავშვები. როგორ გაზომავს სამინისტრო ჩატარებული ონლაინ სემესტრის ხარისხს. 6 თვე რომ იჯდება ბავშვი სახლში, სექტემბერში სრულიად გაუცხოებული დაუბრუნდება სკოლის მერხს და ეს დამატებით პრობლემას შექმნის სწავლის მოტივაციის მხრივ, მასწავლებლებსაც უფრო გაუჭირდებათ ორგანიზება და სასურველი შედეგების მიღწევა“, – ამბობს მშობელი.

თეონა ჯანელიძე პირველკლასელის მშობელია, ის ფიქრობს, რომ სასწავლო წლის სექტემბერში დაწყება მისი შვილისთვის სერიოზულ პრობლემებს შექმნის.

„მოგეხსენებათ, პირველი კლასი, სკოლაში პირველი საფეხურები, ისედაც სტრესულია ბავშვებისთვის. მათ უმრავლესობას უჭირს ახალ წესრიგთან შეგუება, ჯერ კიდევ ბაღის გავლენის ქვეშ არიან, მეორე სემესტრში შედარებით უფრო ლაგდება სიტუაცია, წელს კი, მეორე სემესტრი არ გვაქვს. ძნელია პირველკლასელს აუხსნა, რომ ამდენი თავისუფალი დრო კი აქვს, მაგრამ პარალელურად ვალდებულებები და პასუხისმგებლობებიც აკისრია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს თავისუფლება 6 თვე გრძელდება. ამიტომ, სექტემბერში სწავლის განახლება ყველაზე მძიმე სწორედ მათთვის იქნება. არც აკადემიურ წელს მივესალმებოდი, თუმცა მერჩივნა ერთი თვით მაინც მოხერხებულიყო სწავლის განახლება“, – გვეუბნება მშობელი.

სწავლის განახლება-არგანახლებასთან დაკავშირებით, პარალელური მსჯელობა აკადემიური წლის გამოცხადებაზეც მიმდინარეობდა, თუმცა საზოგადოების უმრავლესი ნაწილი თანხმდებოდა, რომ ეს ფინანსური კუთხით მძიმე ტვირთად დააწვებოდა აბიტურიენტებს, სტუდენტებს და მოსწავლეებს, რომლებიც განათლებას კერძო სკოლებში იღებენ.

ეკეტერინე . -ს ორი შვილი ერთ-ერთ კერძო სკოლაში დადის, მისი თქმით, აკადემიური წლის გამოცხადება მისი ოჯახისთვის ფინანსურ პრობლემას შექმნიდა.

„თუ არჩევანი აკადემიურ წელსა და სექტემბერში სწავლის დაწყებას შორის უნდა მომხდარიყო, მე მეორეს მომხრე ვიყავი, რადგან ორი შვილი დამყავს კერძო სკოლაში და ეს ფინანსურად საკმაო თანხებთანაა დაკავშირებული. იმის მიუხედავად, რომ სწავლის შეწყვეტის პირველი დღიდან საკმაოდ გამართულად ტარდებოდა ონლაინ გაკვეთილები, რა თქმა უნდა, იმ შედეგს რაც სკოლაში იქნებოდა, არ ველოდები. ბავშვებს სექტემბერში გაუჭირდებათ ამდენი ხნის დასვენების შემდეგ სასწავლო პროცესთან შეგუება. ამას გარდა, ვფიქრობ, უფრო დატვირთულები უნდა იყვნენ ახალი სასწავლო წლიდან, რისი დაძლევაც ასევე რთული იქნება. გაცდენილი ერთი სემესტრი თავის შედეგების მომტანი აუცილებლად იქნება, მაგრამ ამას რამდენიმე წელში ვიგრძნობთ“, – აცხადებს მშობელი.

გარდა იმისა, რომ პრემიერმა გიორგი გახარიამ სწავლის სექტემბრამდე გადადება გვაუწყა, ასევე, განათლების საკითხებთან დაკავშირებით ცალკე ვრცელი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაც დააანონსა. დამატებითი შეფასებები საზოგადოების მხრიდან, ალბათ, ამის შემდეგ უფრო გაკეთდება. თუმცა იმ ფონზე, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში მაინც მოხერხდა სასწავლო წლის განახლება, რატომ აღმოჩნდა შეზღუდვების შერბილების ბოლო ეტაპზე საქართველოს განათლების სისტემის ამუშავება, კითხვის ნიშნებს აუცილებლად გააჩენს.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური