GE

„ჩვენი განთლების და საგამოცდო სისტემაც უცნაურია“ – ეროვნული გამოცდები 2020 დასრულდა

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020 დასრულდა. საერთო სამაგისტრო გამოცდების ბოლო დღეს მაგისტრობის მსურველები  გამოცდების არსებულ სისტემას, ბაკალავრიატზე მიღებულ გამოცდილებასა და მაგისტრატურასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე საუბრობენ. ზოგიერთი მათგანი სისტემასაც უარყოფითად აფასებს და უნივერსიტეტებში არსებულ დაბალ ხარისხზეც ღიად საუბრობს, ზოგისთვის კი, არსებული საგამოცდო მოდელი აბსოლუტურად მისაღებია და საუნივერსიტეტო გამოცდილებითაც კმაყოფილია.

შეგახსენებთ, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 12 600-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა. განსხვავებით აბიტურიენტებისაგან, რომლებიც თითოეულ გამოცდას მარტივად აფასებდნენ, მაგისტრობის მსურველები, ჩვენთან საუბრისას, აცხადებდნენ, რომ გამოცდა იმ სირთულის იყო, რასაც მოელოდნენ.

ისევე, როგორც გამოცდების ყოველ დღეს, 6 ივლისიდან მოყოლებული,  EDU.ARIS.GE დღესაც საგამოცდო ცენტრებთან მუშაობდა და გამოცდებთან დაკავშირებულ შთაბეჭდილებებსაც აპლიკანტებისაგან უშუალოდ ისმენდა. სწორედ 177-ე სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრთან ჩავწერეთ ნანა ბასილაძე, რომელიც ფიქრობს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები და ერთიანი სამაგისტრო გამოცდები „არაფერ შუაში არ არის იმ პროფესიასთან, რომელზეც აბარებ“.

მეტიც, მისი თქმით, არც ჩაბარებული გამოცდები და ნასწავლი საგნები არაფერში დასჭირვებია და დარწმუნებულია, რომ არც ახლა გამოადგება სწავლის პროცესში.

„უფრო პროფესიული საგნები უნდა იყოს ჩასაბარებელი მაგისტრატურაზე და ვფიქრობ, რომ ამ გამოცდებს თავად უნივერსიტეტები უნდა ატარებდნენ. სახელმწიფო უნივერსიტეტებში როგორც ტარდება გამოცდები – ანონიმურად, ისე. მე ტურიზმზე ვისწავლე და ბაკალავრიატზე არაფერში გამომადგა ის ყველაფერი, რასაც ეროვნული გამოცდებისთვის ვსწავლობდი და რაც ჩავაბარე. თავად ბაკალავრიატზეც ის შემიძლია ვთქვა, რომ ერთი თვის განმავლობაში სამსახურში ბევრად მეტი რამ ვისწავლე, ვიდრე 4 წლის განმავლობაში უნივერსიტეტში.  რეალურ საქმესთან პროგრამები აცდენილი და აშკარად შესაცვლელია. პრაქტიკა, იდეაში, არის, მაგრამ არ არის, ფორმალურია. თეორიული ნაწილიც ძალიან მოძველებულია და თავად საგნებიც ისეთია, რომ პროფესიასთან კავშირში არ არის. ანუ, პროფესიის შესახებ ძალიან ზოგად წარმოდგენას გიქმნის. არც დიპლომი გამომდგომია რამეში, დასაქმებისას არავის უკითხავს მქონდა თუ არა დიპლომი. ერთადერთი, სადაც დიპლომი გამომადგა, საზღვარგარეთ სტაჟირება იყო. აქ დასაქმებისას არც მოუკითხავთ. მუშაობა რომ დავიწყე სტუდენტი ვიყავი და არც სხვა სამსახურში გადასვლისას უკითხავთ,“ – ამბობს ნანა.

ქართული განათლების სისტემას უცნაურს უწოდებს დავით ჩელებაძე, რომელმაც ბაკალავრიატი პოლიტიკურ მეცნიერებებში გაიარა და დასძენს, რომ გამოცდებიც, შესაბამისად, უცნაურია. მისი თქმით, სკოლაში 11 წელი არაფერი კეთდება და აბიტურიენტები ბოლო ერთი წლის განმავლობაში „თავს იკლავენ“. ოღონდ, ცოდნის მისაღებად კი არა, გამოცდების ჩასაბარებლად.

„ანუ, მთავარია გამოცდა გავიაროთ. ბაკალავრიატზეც მხოლოდ კრედიტების დასაგროვებლად და დიპლომის ასაღებად ვწვალობთ, ცოდნას არც აქ ვიღებთ. მაგისტრატურაზე, იმედია სხვანაირი სიტუაცია დამხვდება. არ მაქვს იმედი, რომ ბაკალავრიატზე ნასწავლი, სამომავლოდ, ჩემს პროფესიაში გამომადგება. დიპლომს ჩვენთან არც არავინ უყურებს. სულერთია წითელ დიპლომზე დაამთავრე თუ საგნებში ზღვარი ძლივს გადალახე. არანაირი პრივილეგია არ გენიჭება დასაქმებისას, თუკი შენ სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც მაგრად სწავლობდი. ეს, რა თქმა უნდა, მოტივაციას აკარგინებს ადამიანს. შეიძლება წარჩინებული მოსწავლე და სტუდენტი იყო, მაგრამ სამსახური იმან შენზე მარტივად იშოვნოს, ვინც კურსიდან კურსზე ძლივს გადადიოდა. უცხოეთში როგორ არის ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან არსად მიცხოვრია, მაგრამ როგორც ვიცი, იქ უნივერსიტეტში მიღებისასაც კი იმას უყურებენ თუ რა გააკეთე სკოლაში სწავლის წლებში. იქ უფრო ფასდება სწავლაც და შრომაც. ჩვენთან ყველაფერი მაინც გამართლებაზეა და არა ბევრ სწავლაზე“, – მიიჩნევს დავითი.

ანა მუშკუდიანმა ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე ბაკალავრიატი 1 კვირის წინ დაასრულა და მაგისტრატურაზე სწავლის გასაგრძელებლად ემზადება. ფიქრობს, რომ მისაღები გამოცდების ერთიანი მოდელით ჩატარება აბსოლუტურად სწორი ფორმაა, რადგან იგი ზოგად განათლებას ზომავს, უნივერსიტეტებში ჩასაბარებელი შიდა გამოცდები კი, ვიწრო სპეციალობის ცოდნას. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ ორივე გამოცდა საჭიროა და ცვლილებას არ საჭიროებს.

„ამ გამოცდებზე ზოგადი აზროვნება და ცოდნა ჩანს. მართალია, პროფესიიდან არაფერს გვეკითხებიან, მაგრამ საერთო ცოდნა ჩანს, ამიტომ მიმაჩნია, რომ საჭიროა. ბაკალავრიატმაც ნამდვილად გაამართლა ჩემი იმედები და ამიტომაც სწავლას კიდევ ვაგრძელებ. დიდი იმედებით ვიღებ დიპლომს და ვფიქრობ, რომ დასაქმებაში დამეხმარება.  ჩემი აზრით, ყველგან არის იმის შესაძლებლობა, რომ თუ ადამიანი ხელს გაანძრევს, ყელაფერს მიაღწიოს და თავი მაინც ირჩინოს“, – აღნიშნავს ანა.

გამოცდიდან კმაყოფილი გამოვიდა თინათინ ფეიქრიშვილი, რომელიც სწავლას იურიდიულ ფაკულტეტზე აგრძელებს. მიიჩნევს, რომ განათლების რეფორმა აუცილებელია და როგორც ყველაფერი, ჩვენთან ესეც მოძველებულია. მიუხედავად ამისა, ერთიან ეროვნულ გამოცდებს და ერთიან სამაგისტრო გამოცდებს იგი, მეტ-ნაკლებად, დადებითად აფასებს. ფიქრობს, რომ სავალდებულო გამოცდიდან ზოგადი უნარების ამოღება შეცდომა იყო, რადგან იგი ადამიანის ინტელექტს  ყველაზე უკეთ ამოწმებდა.

თინათინის აზრით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ძალიან დაბალი ბარიერია და ამის გამო ჩაბარება ყველას შეუძლია. აღნიშნული მოდელი კი, მისი აზრით, სავარაუდოდ იმიტომ არ იცვლება, რომ ეს უკვე აპრობირებული და მარტივია.

„უცხოური მოდელი, თავად უნივერსიტეტები რომ ატარებენ მისაღებ გამოცდებს, ვფიქრობ, რომ აქ სანდო არ იქნებოდა. არ მგონია ჩვენს ქვეყანაში ამას კარგად ემუშავა არაობიექტურობის გამო. თანაც, საზოგადოებაში დიდ პროტესტს გამოიწვევდა. ხალხი ისედაც ყველაფერზე ყაყანებს და კიდევ ერთი ახალი საყაყანო ექნებოდათ.

„რაც შეეხება ბაკალავრიატს, ვერ ვიტყვი, რომ სხვა რამეს ველოდი და სხვა რამ დამხვდა. ძალიან კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, უკეთესიც შეიძლება, ნაკლოვანებებსაც ვხედავ, მაგრამ საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ. ეჭვი არ მეპარება, რომ დასაქმებაში დიპლომები დამეხმარება. თუმცა, არც უცხოეთში გამოვრიცხავ სწავლის გაგრძელებას“, – ამბობს თინათინი.

გამოცდები 2020, დღეს, ერთიანი სამაგისტრო გამოცდებით დასრულდა.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური