GE

„ჩვენი სოფლიდან 50 ბავშვი ვეღარ დადის სკოლაში“ – აქცია ახალქალაქში

კარტიკამში მცხოვრები მოსახლეობა სოფლიდან ახალქალაქის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის გაუქმებას აპროტესტებს. მათი თქმით, მერიის გადაწყვეტილებით, მიკროავტობუსმა, რომელსაც სამი სოფლის სკოლის მოსწავლეები ყოველდღიურად ახალქალაქის ერთ–ერთ სკოლაში დაჰყავდა, მუშაობა შეაჩერა. ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით კარტიკამელები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ და დახმარება სთხოვეს.

„ჩვენი სოფლიდან 50 ბავშვი ვეღარ დადის სკოლაში, როგორმე უნდა გადაწყდეს ეს საკითხი. შეგვიძლია მგზავრობის თანხა ჩვენ გადავიხადოთ, მთავარია ტრანსპორტის მოძრაობა აღდგეს“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი

მაჟორიტარი დეპუტატის სამველ მანუკიანი განმარტებით, ტრანსპორტის გაჩერება ახალქალაქის მერიას შემოსავლების შემცირების გამო მოუწია.

„პანდემიის გამო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ არის. ამიტომ ავტობუსის მოძრაობა შეჩერდა იქამდე, ვიდრე სხვა რესურსი არ გამოჩნდება“, – განაცხადა მანუკიანმა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხულგუმოში, კარტიკამსა და კულიკამში მცხოვრებ მოსწავლეებს უფასოდ სამი წლის განმავლობაში ემსახურებოდა. მგზავრობის თანხას კი მერია იხდიდა, რისთვისაც ყველწლიურად ბიუჯეტიდან 60 000 ლარზე მეტი იხარჯებოდა.

„პანდემიასთან დაკავშირებული ფინანსური კრიზისის გამო, ჩვენ შევაჩერეთ ტრანსპორტის მოძრაობა. ის ადგილობრივ ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. ამ ეტაპზე, ვერ გეტყვით როდის განახლდება მუშაობა. ობიექტები, საიდანაც ბიუჯეტში ფული შემოდიოდა პანდემიის გამო გაჩერებულია, შესაბამისად შემოსავალიც ნაკლები გვაქვს“, – ამბობს მაჟორიტარი დეპუტატი.

წყარო: sknews.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური