„განათლების სამინისტრო ამჯერად ხარისხის განვითარების ცენტრის მეშვეობით ემუქრება უნივერსიტეტებს“
განათლების ექსპერტები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ-ის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სასწავლო დაწესებულებების მისამართით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან და თვლიან, რომ ეს მუქარაა.
სიმონ ჯანაშია, განათლების საკითხების მკვლევარი: “განათლების სამინისტრო ამჯერად ხარისხის განვითარების ცენტრის მეშვეობით ემუქრება უნივერსიტეტებს, არ გაბედოთ გაფიცვა, თორემ შეიძლება ავტორიზაცია/აკრედიტაციის პრობლემები შეგექმნათო. კარგი ისაა, რომ ამ ცენტრში ბევრი სწორი პრინციპების, მაღალი ცოდნის მქონე პროფესიონალია, რომელიც საჯაროდ ემიჯნება ამ განცხადებას. ასეთი საქციელი სამაგალითო უნდა იყოს ყველა საჯარო მოხელისთვის, ვისაც ამ ქვეყანაში დემოკრატია სურს! არ შეიძლება განათლების სფერო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, და ძალოვანი სტრუქტურებიდან სამინისტროს მენეჯმენტში მოსული არაპროფესიონალების მიერ იმართებოდეს”.
განათლების სპეციალისტი შალვა ტაბატაძე, ცენტრის განცხადებას არაადეკვატურს უწოდებს და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომლის პოზიციას ასაჯაროებს: “ღირსეული და პროფესიონალი საჯარო მოხელეების რეაგირება მათი სამსახურის არადეკვატურ განცხადებებზე, საამაყო და ღირსეული ხალხიც გვყავს განათლების სისტემაში! ლიზა ებრალიძე – დიდი მადლობა კიდევ ერთხელ!
“მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე თავს ვალდებულად მივიჩნევ გამოვეხმაურო სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებას. მსურს განვაცხადო, რომ კატეგორიულად ვემიჯნები აღნიშნულ განცხადებას, რომელიც ეწინააღმდეგება ცენტრის მისიას, ხედვას, ყველა იმ პრინციპსა და ღირებულებას, რომელსაც წლების მანძილზე მუხლჩაუხრელად ვემსახურებოდი-ლიზა ებრალიძე”, – წერს შალვა ტაბატაძე.
თამარ მოსიაშვილი, განათლების სპეციალისტი: “ცენტრი უნივერსიტეტებს ემუქრება!
ცენტრის კეთილსინდისიერი თანამშრომლები ემიჯნებიან ამ სამარცხვინო განცხადებას.
ამ მძიმე დროს უფრო თვალსაჩინო უნდა გახდეს, რა საშიშია ცენტრალიზებული მართვა და ინსტიტუციების პარტიული კონტროლი”.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილი ცენტრის განცხადებას ემიჯნება, რის შესახებაც სპეციალურ განცხადებაში წერენ.
“განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომელთა უმრავლესობა და ზოგადად, ცენტრის თანამშრომელთა ნაწილი, კატეგორიულად ვემიჯნებით ცენტრის ფეისბუქ გვერდზე გაკეთებულ დღევანდელ განცხადებას, რომლითაც ჩრდილი ადგება საქართველოს ახალგაზრდობის ნათელ, გულწრფელ და სამართლიან პროტესტს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად. ქვეყანაში შექმნილია უმწვავესი მდგომარეობა, საფრთხე შეექმნა მოსახლეობის ცალსახა არჩევანს, რასაც ცენტრის თანამშრომლები დაარსების დღიდან ვემსახურებით. ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა ეყრდნობა სახელმწიფოს მიერ 33 წლის მანძილზე გაცხადებულ ევროატლანტიკურ დღის წესრიგს, ჩვენი წილი პასუხისმგებლობის ფარგლებში, გასული ორი წლის მანძილზე დაუღალავად ვმუშაობდით სამინისტროსთან ერთად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და სტუდენტებთან, პროფესორებთან, უნივერსიტეტების ადმინისტრაციებთან თუ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ვიზეიმეთ მიღებული შედეგი.
ვხელმძღვანელობთ რა უმაღლესი განათლების ევროპული სტანდარტებითა და სახელმძღვანელო პრინციპებით, ჩვენი უმთავრესი ღირებულებებია სტუდენტზე ორიენტირება, საგანმანათლებლო პროცესის მოქნილობა, ინდივიდუალური სასწავლო გეგმები, სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიის მრავალფეროვნება, აკადემიური თავისუფლება და ინსტიტუციური ავტონომია. მზად ვართ ვემსახუროთ განათლების ხარისხის განვითარების მიზნებს როგორც ამას ვაკეთებდით პანდემიის პირობებში და გვწამს, რომ საუნივერსიტეტო სივრცე ღირსეულად უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესის ადეკვატურად წარმართვას, სწავლის შედეგების მიღწევას და საზოგადოების მსახურებას, რადგან არასდროს ასე საჭირო და დროული არ ყოფილა უნივერსიტეტის მესამე მისიის აღსრულება.
საქართველო უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ნაწილია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპული ქსელის სრული წევრია, აღიარებულია სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ, ჩართული ვართ ბოლონიის პროცესის განგრძობითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, ხელს ვუწყობთ ევროპული და ამერიკული კვლევითი გრანტების ქვეყანაში შემოდინებას, ქართული საგანმანათლებლო სისტემის მუდმივ ინტერნაციონალიზაციას და ათიათასობით საერთაშორისო სტუდენტიც ამ დამსახურებების საფუძველზე გვიერთდება ყოველწლიურად, რაც ამავდროულად მილიონობით დოლარის კონტრიბუციას უდრის ქვეყნის ეკონომიკაში. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ემსახურება ქართველი სტუდენტების დაწინაურებას და თანასწორობას მსოფლიო ასპარეზზე.
ღრმად გვწამს, რომ უნივერსიტეტი უნდა იყოს ავტონომიური, თითოეული პროფესორი და სტუდენტი კი თავისუფალი საკუთარი სინდისის წინაშე. ჩვენ ვდგავართ ჩვენი უნივერსიტეტების, სტუდენტების, პროფესორების, ექსპერტების გვერდით ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად”.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება