„ჩვეულებრივად გაუშვით ბავშვები სკოლაში“ – პედიატრი თემურ მიქელაძე მშობლებს მიმართავს
![](https://edu.aris.ge/news/wp-content/uploads/2024/01/mikeladze-temuri-458x257.jpg)
15 იანვრიდან სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები სრულდება და სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი უნდა განახლდეს. გავრცელებული ვირუსების ფონზე კი, მშობლების მთავარი საზრუნავი ბავშვების ჯანმრთელობაა და შესაბამისად, აქტუალურია თემა – უშვებენ თუ არა შვილებს სკოლასა და ბაღში.
EDU.ARIS.GE-მ სოციალური ქსელის დახურულ ჯგუფებში მცირე გამოკითხვა ჩაატარა და რამდენიმე ათეული მშობლის პოზიცია შეიტყო. არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ მშობლების აზრი ორად გაიყო. ნაწილი ფიქრობს, რომ როდესაც ბავშვი ჯანმრთელია, ვირუსის შიშის გამო სახლში არ უნდა დარჩეს. ნაწილისთვის კი თავდაცვის მიზნით, სახლში დარჩენა უკეთესი გამოსავალია.
მშობლებში აზრთა სხვადასხვაობა ბავშვთა ასაკიდანაც გამომდინარეობს. ბაღის ბავშვების მშობლები, რომლებსაც შვილების სახლში დატოვების შესაძლებლობა აქვთ, ამჯობინებენ, რომ არ ატარონ დაწესებულებაში და ასე აარიდონ თავი ვირუსებს.
სასკოლო ასაკის მოზარდების მშობლები კი ცდილობენ, რეგულაციების გათვალისწინებით დაიცვან შვილების ჯანმრთელობა და ისინი საგაკვეთილო პროცესს არ მოწყვიტონ. თანაც, იმის ფონზე, რომ სახლში დარჩენის რეკომენდაცია არც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას და არც სპეციალისტებს გაუვრცელებიათ.
მაგალითად, ანანო ხარიტონაშვილი 3 წლის იოანე თაბაგარის მშობელია, რომელიც ბავშვის ბაღში გაშვებას არ აპირებს:
„ზამთრის დადგომასთან ერთად მატულობს გრიპის ვირუსები. რთულია თავიდანვე მიხვდე, უბრალოდ გაციებულია, თუ ვირუსი აქვს… არაერთ მშობელს, რომელიც მუშაობს, მაინც მიჰყავს შვილი ბაღში, რადგან სხვა გამოსავალი არ აქვთ და ეს იწვევს ვირუსის სწრაფ გავრცელებას. აქედან გომდინარე, ვამჯობინებ, ჩემი შვილი სახლში დარჩეს. ვფიქრობ, ვისაც ბავშის სახლში დარჩენის პრობლემა არ აქვს, ეს საუკეთესო გამოსავალია შვილების ვირუსისგან დასაცავად“.
ანანოსგან განსხვავებული შეხედულება აქვს ცირა მახალდიან-სირაძეს, რომლის შვილიც მე-10 კლასის მოსწავლეა.
„ვირუსები ყოველთვის იყო, არის და იქნება. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მედიაში ყოველდღიურად ვიღებთ ცნობებს ვირუსთან გამკლავების საშუალებებზე. მშობლებს მიღებული აქვთ გარკვეული რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ და იციან, რომ მცირედი სურდოს შემთხვევაშიც არ უნდა გაუშვან ბავშვი სკოლაში. მე მივყვები ამ რეკომენდაციებს და მჯერა შეგნებული მშობლების, რომლებიც ანალოგიურად მოიქცევიან. ამიტომ არ მესმის, რატომ არ უნდა გავუშვა ჯანმრთელი ბავშვი სკოლაში?“
ამ აზრთა სხვადასხვაობის გათვალისწინებით, EDU.ARIS.GE პედიატრ თემურ მიქელაძეს დაუკავშირდა და ჰკითხა – ურჩევს თუ არა მშობლებს შვილების ბაღებსა და სკოლაში გაშვებას?
ექიმი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მსოფლიოში არ არსებობს რეგულაცია, რაც მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ ვექვემდებარებით, სტანდარტებს და მკაცრ მარეგულირებლებს. ჯერ მსგავსი არაფერი გაჟღერებულა. ჩვეულებრივად გაუშვით ბავშვები სკოლაში და დაიცავით ჰიგიენური ნორმები. რაც შეეხება სტატისტიკას, მიმართვიანობა სკოლამდელი ასაკის ბავშვების უფრო მეტია, ვიდრე მოსწავლეების“, – ამბობს თემურ მიქელაძე.
მოამზადა ხატია გლოველმა
-
სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
-
საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
-
500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება