GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართა

9 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, უნივერსიტეტში მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართა.

უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობდა 70-მდე დამსაქმებელი ორგანიზაცია, რომელთა შორის წარმოდგენილნი იყვნენ როგორც მსხვილი და საშუალო ბიზნესის, ისე სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები.

ღონისძიება ოფიციალურად გახსნა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ. თავის გამოსვლაში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ასევე შრომის ბაზართან მჭიდრო და დინამიკური კავშირის დამყარება უნივერსიტეტის სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს.

„მსგავსი მასშტაბური ინიციატივები სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალებას აძლევს, უშუალო კონტაქტი დაამყარონ წამყვან დამსაქმებლებთან და სწორად განსაზღვრონ საკუთარი კარიერული ტრაექტორია. უნივერსიტეტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ისეთი აკადემიური გარემოს განვითარებას, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე შრომის ბაზრის გამოწვევებსა და მოთხოვნებს“, – განაცხადა კახაბერ კორძაიამ.

რექტორმა მადლობა გადაუხადა მოწვეულ პარტნიორებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ფორუმის თითოეულ მონაწილეს პროფესიული მიზნების წარმატებით განხორციელება უსურვა.

დამსაქმებლებს სიტყვით მიესალმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, მარინა გედევანიშვილი. მან ყურადღება გაამახვილა აკადემიური პროგრამების თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა სწავლების ხარისხის ამაღლებასა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებაზე პირდაპირ აისახება.

ფორუმის მნიშვნელობასა და მისი ჩატარების კონცეპტუალურ მიზნებზე ისაუბრა უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსმა, გურამ ლილუაშვილმა:

„უწყვეტი განათლება და კარიერული განვითარება თანამედროვე აკადემიური სივრცის განუყოფელი ნაწილია. დასაქმების ფორუმით კიდევ ერთხელ შევქმენით პლატფორმა, სადაც გავაერთიანეთ 70-მდე დამსაქმებელი. ეს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი პროფესიული პოტენციალი რეალურ გარემოში წარმოაჩინონ. ჩვენი სამსახურის მთავარი დანიშნულებაც სწორედ ეს არის – ხელი შევუწყოთ აკადემიური ცოდნის პრაქტიკულ რეალიზაციას და ვუზრუნველვყოთ უნივერსიტეტის ბენეფიციართა ეფექტიანი ინტეგრაცია შრომის ბაზარზე“.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი კვლავინდებურად ინარჩუნებს მზაობას, აქტიურად დაუჭიროს მხარი ახალგაზრდების პროფესიულ წინსვლას, შექმნას ახალი კარიერული შესაძლებლობები და სტუდენტებსა და დამსაქმებლებს შორის გრძელვადიანი, ეფექტიანი თანამშრომლობა უზრუნველყოს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური