GE

CIU-ში დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ზამთრის სკოლა გაიხსნა

6 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ზამთრის სკოლა“ გაიხსნა.

სკოლის მონაწილეებს მიესალმნენ CIU-ს რექტორი კახაბერ კორძაია, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი თამარა წულეისკირი, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი დავით ესათია, ხოლო სპეციალური ვიდეომიმართვით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი.

ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა CIU-ს რექტორის მრჩეველი, ზამთრის სკოლის კურატორი გიორგი ფარეშიშვილი.

სკოლის ფარგლებში პირველი ლექცია დაეთმო პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ვარშავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ვახტანგ მაისაიას.

მომხსენებელმა ისაუბრა თემაზე: „საგარეო პოლიტიკის ანალიზი და მისი თავისებურებები“. ლექცია მოიცავდა ისეთ საკითხებს როგორებიცაა: საგარეო პოლიტიკა; საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების მოდელები; პროცესის პოლიტიკური ანალიზი და შეფასების დონეები.

ლექციის ფარგლებში, თეორიულ საკითხებთან ერთად, სკოლის მსმენელებმა პრაქტიკული დავალებებიც შეასრულეს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი „დილომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ზამთრის სკოლას“ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით ახორციელებს. ასევე, პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში.

აღსანიშნავია, რომ სკოლის ფარგლებში 310-მდე განაცხადი შემოვიდა, საიდანაც საორგანიზაციო კომიტეტმა 50-მდე მონაწილე შეარჩია. მსმენელებს 5 დღის განმავლობაში სფეროს პრაქტიკოსი ლექტორები და დარგის ექსპერტები ჩაუტარებენ ლექციებს საგარეო პოლიტიკის, დიპლომატიის, უსაფრთხოების, კონფლიქტებისა და სხვა აქტუალური დარგობრივი საკითხების შესახებ, სკოლის ბოლო დღე კი გასვლით აქტივობას დაეთმობა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური