GE

„CK-12-მა, მასწავლებლებს, შრომა შეგვიმსუბუქა“ – პედაგოგები საგანმანათლებლო პლატფორმის შესახებ

მრავალფეროვანი, საინტერესო, მარტივი, ხელმისაწვდომი, კომფორტული, შეუცვლელი – ამ სიტყვებით ახასიათებენ საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12-ს პედაგოგები, რომელთაც იგი საკუთარ სამუშაო პროცესში დიდი ხანია ჩართული აქვთ და ახლა უკვე კოლეგებს სხვა სკოლებში უზიარებენ გამოცდილებას, რათა მათაც შეძლონ იმ სიკეთით სარგებლობა, რასაც უფასო, შეუზღუდავი, ხარისხიანი დამხმარე სასწავლო მასალა ჰქვია და რითიც ქართველი პედაგოგები, ბოლო დრომდე, არც ისე განებივრებულები იყვნენ.

საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12 თხუთმეტი წლის წინ შეიქმნა და პლატფორმას, მსოფლიოს მასშტაბით, 221 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. იმისთვის, რომ თანამედროვე და ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსით ქართველ მოსწავლეებსა და მასწავლებლებსაც ისევე ესარგებლათ, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში სარგებლობენ, განათლების კოალიციის, CK-12-ის ფონდის და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ძალისხმევით ქართულ ენაზე ითარგმნა და ადაპტირდა 15 სახელმძღვანელო, STEM საგნების მიმართულებით.

გასულ სასწავლო წელს CK-12 საქართველოს 200-მდე სკოლის მასწავლებელმა გაიცნო. ხოლო, პროექტში 60 საჯარო სკოლა ჩაერთო, რომლების სისტემატიურად იყენებენ მრავალფეროვან რესურსებს და როგორც ჩვენი რესპონდენტები გვეუბნებიან, პლატფორმა პოპულარულია უნივერსიტეტებშიც, რადგან თემები იმდენად სიღრმისეულადაა განხილული, რომ სტუდენტებსა და აბიტურიენტებსაც არანაკლებ ეხმარება.

პლატფორმის სკოლებში დანერგვის პროცესი განათლების კოალიციის მხარდაჭერით მიმდინარეობს. სწორედ კოალიცია მუშაობს იმაზე, რომ CK-12 რაც შეიძლება მეტმა სკოლამ, პედაგოგმა და მოსწავლემ გაიცნოს და მისი აქტიური გამოყენებით სამუშაო თუ სწავლის პროცესი გაიმრავალფეროვნონ. ამაზე ზრუნავენ პროეტში ჩართული კონსულტანტ-მასწავლებლებიც კოლეგებისთვის პირადი გამოცდილების გაზიარებით. ჩვენი რესპონდენტებიც სწორედ ისინი არიან – პედაგოგები საქართველოს სხვადასხვა სკოლიდან, რომლებიც მასწავლებლებს კონსულტირებას ერთი მიზნის მისაღწევად უწევენ – განათლების ხარისხის გაზრდისა და უფრო მაღალ შედეგებზე უფრო საინტერესო გზებით გასვლისთვის.

„CK-12 ჩემი მარჯვენა ხელია“ – ხათუნა ნოზაძე. ქიმიის პედაგოგი. თბილისი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2022 წლის საუკეთესო ათეულის წევრი, მენტორი პედაგოგი ხათუნა ნოზაძე ქიმიას ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლასა და დავით სარაჯიშვილის სახელობის თბილისი მე-16 საჯარო სკოლაში ასწავლის. პლატფორმას უკვე სამი წელია იყენებს, იმ დღიდან, რაც მის შესახებ ინფორმაციას, სრულიად შემთხვევით, სოციალურ ქსელებში გადააწყდა. დაინტერესდა, შევიდა, გაეცნო და მას შემდეგ საგაკვეთილო პროცესში შეუცვლელი დამხმარე გახდა. ყველაზე მეტად მოიხიბლა იმით, რომ მასალები ზუსტად ისეთი თანმიმდევრულობით იყო დალაგებული, როგორსაც თავად ანიჭებს უპირატესობას.

„პირველ რიგში ყველა თემის გამოყენებითი მხარე იყო წამოწეული, შემდეგ რუბრიკა „ეს საინტერესოა“, შემდეგ თემის გაღრმავება და ბოლოს უკვე შემაჯამებელი კითხვები. ამავდროულად, მასალები გაჯერებულია ძალიან ბევრი თვალსაჩინოებით – ფოტო და ვიდეო მასალით, რეალური ექსპერიმენტებით, თამაშებით, ინტერაქტივებით და ა.შ. მოცემულია, როგორც კონკრეტული გაკვეთილის სცენარები, ისე გზამკვლევები რომლებიც მასწავლებელს დააკვალიანებენ“, – ამბობს პედაგოგი.

ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გარდა უშუალოდ მისი საგნის – ქიმიის დამხმარე რესურსებისა, აქტიურად იყენებს სახელმძღვანელოს, რომელსაც „მეცნიერება“ ჰქვია და რომელიც თავის თავში აერთიანებს ქიმიის, ბიოლოგიის, ეკოლოგიის, გეოგრაფიისა და მათემატიკის საკითხებს. თემები, პედაგოგის შეფასებით, იმდენად ოსტატურადაა გადაჯაჭვული ერთმანეთთან, რომ თანაბრად საჭირო და სასარგებლოა ყველა ზემოთჩამოთვლილი საგნის სწავლებისას. მოსწავლეებს ერთი საკითხის შესწავლით რამდენიმე საგანში უვითარებს ცოდნას და უმაღლებს ცნობიერებას. ეს კი, პედაგოგის შეფასებით, განსაკუთრებით სასიხარულოა იმ ფონზე, რომ STEM-ის საგნები, საქართველოში, რთულ საგნებად მიიჩნევა და მათ შესასწავლად ბავშვებს მოტივაცია ხშირად არ ჰყოფნით.

„ბავშვებამდე საკითხის მიტანა ბევრად გვიადვილდება, რადგან რესურსები მრავალფეროვანია, ქართულ რეალობას, მოსწავლეების საჭიროებებსა და ახალ, მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე მორგებული“, – აღნიშნავს ხათუნა ნოზაძე.

„დღევანდელ რეალობაში, სასკოლო სახელმძღვანელო არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი რესურსი“ – ნინო საღარაძე. მათემატიკის პედაგოგი. ქუთაისი.

„როგორ და კონკრეტულად რა აქტივობებში იყენებთ ck-12-ს?“ – ამ კითხვით პლატფორმის კიდევ ერთ აქტიურ მომხმარებელსა, CK-12-ის პროექტის კონსულტანტ-მასწავლებელს, ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლის მათემატიკისა და ისტ-ის მასწავლებელს ნინო საღარაძეს მივმართეთ. პლატფორმასთან მისი მუშაობის გამოცდილება, სხვა მრავალი პედაგოგის მსგავსად, პანდემიის პერიოდიდან იწყება, როცა დისტანციურმა სწავლებამ დამხმარე საგანმანათლებლო რესურსების გაჩენისა და გამრავალფეროვნების საჭიროება დააყენა. “CK-12-მა ჩვენი სასწავლო პროცესი უფრო მრავალფეროვანი გახადა“,- გვპასუხობს იგი.

უფრო კონკრეტულად კი, ამბობს, რომ პლატფორმაზე წარმოდგენილი ფლექსბუქები, სიმულაციები, ინტერაქტიული დავალებები, ვიზუალური მასალა კარგი საშუალებაა მოსწავლეებში ინტერესის გასაღვივებლად.

„პირველ რიგში, გაკვეთილის დაგეგმვისთვის ბევრი მრავალფეროვანი მასალაა, მარტივად მიგნებადი რესურსებია. წინსწრებით დაგეგმილი გაკვეთილის სცენარებიც კია წარმოდგენილია. CK-12 ინკლუზიური განათლების კუთხითაც შეუცვლელია. ბავშვს, მისი საჭიროებებიდან გამომდინარე, დამოუკიდებელ მუშაობას აჩვევს. თავად სწავლობს მასალის მოძიებასა და დამუშავებას. არაფორმალური განათლების მიმართულებით პირადად მე მაქვს მისი გამოყენების არაჩვეულებრივი გამოცდილება. ინტეგრირებული გაკვეთილები მოიცავენ ისეთ საგნებსაც, რომელთა მასალებიც პლატფორმაზე არაა განთავსებული. მაგალითად, გეოგრაფიის სახელმძღვანელო ცალკე არ დევს, მაგრამ ბიოლოგიის, ქიმიის საკითხები იმდენად კარგადაა გაჯერებული ამ თემებით, რომ გეოგრაფიის პედაგოგმაც თავისუფლად გამოიყენა და ამით შეძლო მდგრადი განვითარების მიზნებზე გასულიყო“, – აცხადებს პედაგოგი.

პლატფორმაზე საბაზო და საშუალო საფეხურების მასალაა წარმოდგენილი, თუმცა, ქალბატონი ნინო გვეუბნება, რომ იგი დაწყებითი საფეხურების პედაგოგებმაც გამოიყენეს და ეფექტურობა სამივე საფეხურზე აჩვენა. შესაბამისად, CK-12-ს ახლა უკვე თითქმის ყველა გაკვეთილზე მიმართავს და ამბობს, რომ მის გარეშე არც ერთი თემა არ გაუვლიათ. პლატფორმის მიმართ ცნობადობამ მოსწავლეებშიც და პედაგოგებშიც მოიმატა. ეს ყველაფერი კი, მისი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ STEM-ის მიმართულების საგნების გაძლიერება დღემდე გამოწვევად რჩება და CK-12 სწორედ გამოწვევის დასაძლევად გადადგმული დიდი ნაბიჯია.

„დღევანდელ რეალობაში, სასკოლო სახელმძღვანელო არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი რესურსი. როცა პრეტენზია გვაქვს, რომ 21-ე საუკუნისთვის საჭირო უნარებჩამოყალიბებული პიროვნებები უნდა გავზარდოთ, ე.ი. მათ მეტი უნდა იცოდნენ. მინიმუმ, ტექნოლოგიებთან ურთიერთობა უნდა შეეძლოთ და ამ მხრივ ელექტრონული რესურსები ძალიან მნიშვნელოვანია. პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი უნდა იყოს. მხოლოდ სახელმძღვანელოთი ახლანდელ მოსწავლეს ვეღარ დააინტერესებ. ჩვენ, პედაგოგები, ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი საინტერესო და რაც მთავარია, საჭირო რესურსი გამოვიყენოთ, რათა ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებზე გავიდეთ“, – ამბობს ნინო საღარაძე.

„ასე აწყობილი, თემატურად და ვიზუალურად სრულყოფილად გამართული მასალით, რომელიც ძებნასა და წვალებას არ საჭიროებს, განებივრებული არ ვართ“, – ხათუნა კაპანაძე. ბიოლოგიის პედაგოგი. ტყიბული.

პლატფორმის გამოყენების გამოცდილებას, კონსულტანტ-მასწავლებლის სტატუსით, სამ სკოლას უზიარებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გელათის საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველებისა და ბიოლოგიის მასწავლებელი ხათუნა კაპანაძეც. მისი თქმით, მოსწავლეების დიდი უმრავლესობა CK-12-ით პირველივე ნახვისთანავე იმდენად დაინტერესდა, რომ საკუთარი სურვილით გადავიდნენ სხვა საკითხებზე და ჩაერთნენ დავალებების შესრულებაში. მათი აღფრთოვანება კი განსაკუთრებით ვიზუალურმა მასალამ გამოიწვია. ბიოლოგიაში, ამას, ჩვენი რესპონდენტის თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ერთია მოსწავლეს აუხსნა თუ რატომ და რა დროს იცვლის ბოცვერი ფერს და მეორეა მოსწავლემ თავად ნახოს მისი ფერის ცვალებადობის პროცესი და არა მხოლოდ ნახოს, არამედ გახდეს კიდეც მისი მონაწილე.

„ეს მათ აღმოჩენად იქცა. მოსწავლეებს, რომლებიც საგაკვეთილო პროცესით უფრო მეტს სწავლობენ, ვუშენებ ისეთ მასალას, რომ მეტად დაინტერესდეს და გაკვეთილიდან მაქსიმუმი წაიღოს. CK-12-მა გაგვაძლიერა ის მასწავლებლები, რომელთაც უკეთესი შედეგი გვინდა დავდოთ“, – განმარტავს პედაგოგი.

ამბობს, რომ ეს შესაძლებლობა შვება იყო განსაკუთრებით იმ დროს, როცა სკოლები დისტანციურ სწავლებას ერგებოდნენ და როცა ტექნიკური პრობლემების გამო ზოგიერთი ბავშვი ონლაინგაკვეთილზე დასწრებას საერთოდ ვერ ახერხებდა. პლატფორმაზე წარმოდგენილი მასალები მთლიანად უწყობდა ხელს დისტანციური სწავლებითა და ტექნიკური გაუმართაობით გამოწვეული დანაკლისის აღმოფხვრას.

„ასე აწყობილი, თემატურად და ვიზუალურად სრულყოფილად გამართული მასალით, რომელიც ძებნასა და წვალებას არ საჭიროებს, განებივრებული არ ვართ. მან, მასწავლებლებს, შრომა შეგვიმსუბუქა. ჩვენი სკოლა უკვე მეორე წელია ჩართულია მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროგრამაში და კომპლექსური დავალებების დამუშავების ეტაპზე CK-12-ს დამხმარე მასალად ვიყენებთ“, – დასძენს ხათუნა კაპანაძე.

„CK-12 სწავლას უფრო საინტერესოსა და სახალისოს ხდის“

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, CK-12-თან მუშაობა არც ბავშვებისთვის აღმოჩნდა მოსაწყენი ვალდებულება. „იგი არაა რუტინული დავალება – „გადაშალე ამა და ამ გვერდზე და წაიკითხე ესა და ეს“, – გვეუბნებიან პედაგოგები და ადასტურებენ მოსწავლეებიც.

„ზოგიერთი ჩემი თანატოლი ამბობს ქიმია ძალიან რთულიაო. ჩემი აზრით, ისეთი მასალებით, როგორიც CK-12 პლატფორმაზეა განთავსებული, ეს პრობლემა სრულად გადაიჭრება და ქიმიას ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, ჩემსავით, ბევრი მოსწავლე აირჩევს. ძალიან მომწონს ის, რომ ყველა თემა იწყება რუბრიკით ,,ეს საინტერესოა“ და დასაწყისშივე ეცნობი მიზანს, ფოტო-ვიდეო მასალას, რომლებიც საკითხის აღქმას უწყობს ხელს. შეჯამების ნაწილი გვეხმარება სწორად გავმიჯნოთ მეტად და ნაკლებად მნიშვნელოვანი ერთმანეთისგან, რაც, ცხადია, ახალი მასალის შესწავლისას აუცილებელია. ჩემი მასწავლებელი არასდროს იშურებდა ენერგიას გვესწავლა, გვეფიქრა, შეგვემოწმებინა, გამოგვესწორებინა ჩვენივე შეცდომები და ამან გამოიწვია ის, რომ გამოცდებზე ქიმიას ვაბარებ“, – სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ნინო მაზიაშვილი.

„ჩვენი მასწავლებელი ხშირად გვაჩვენებს CK-12-ის თვალსაჩინოებებს, რომელთაც იგი მოიცავს. პლატფორმა ჩემთვის კომფორტული და საინტერესოა. თანდართული ვიზუალები და ვიდეორესურსები კი გაგებასა და გააზრებაში მეხმარება. მაგალითისთვის, შემიძლია გავიხსენო გაკვეთილი ატომზე, სადაც ელექტრონების, პროტონებისა და ნეიტრონების მდებარეობა იმდენად მარტივად იყო გამოსახული, რომ ეს თემა შემიყვარდა“, – ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისის მე-10 კლასის მოსწავლე მარია ჯანგიძე.

„საბედნიეროდ, ტექნოლოგიები ისე განვითარდა, რომ სწავლა ბევრად სახალისო გახადა. Ck-12-ის წიგნები სწორედ ასეთია, სახელმძღვანელოებში ბევრი თვალსაჩინოება, ფოტო და ვიდეოა, რომელიც სხადასხვა საგნებსა და ფაქტებს ერთმანეთთან აკავშირებს. ეს სწავლას უფრო საინტერესოს ხდის“, – ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისის მე-10 კლასის მოსწავლე, ლევან ფეიქრიშვილი.

ინიციატივა ხორციელდება პროექტის „ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა მოსწავლისათვის“ ფარგლებში, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნორვეგიის სპეციალური საჭიროების საგანმანათლებლო სააგენტოს (სტატპედი) და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ნაწილია და მიზნად ისახავს ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას, დაფინანსებულია ნორვეგიის მთავრობის მიერ და განხორციელდება 2021-2023 წლების პერიოდში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური