GE

ცნობილია რომელი სტუდენტების სწავლა დაფინანსდება სოციალური პროგრამის ფარგლებში 2 632 500 მლნ ლარით – ჩამონათვალი და დეტალები

საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.

დადგენილების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისათვის გამოიყოფა 2 632 500 (ორი მილიონ ექვსას ოცდათორმეტი ათას ხუთასი) ლარი იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.

თანხები სტუდენტებზე ასე განაწილდება:

თანხიდან გამოიყოს 2 032 500 (ორი მილიონ ოცდათორმეტი ათას ხუთასი) ლარი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.

გამოიყოს 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც 2022 და 2023 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.

“სოციალური პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის (შემდგომში – გრანტი) სრული ოდენობის ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აქვს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, სოციალური პროგრამის ფარგლებში მისი სწავლის საფასური შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ ოდენობამდე, მაგრამ არაუმეტეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გრანტის სრული ოდენობისა”, – ვკითხულობთ დადგენილებაში.

იხილეთ სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების უფლების მქონე პირთა და თანხების განაწილების შესახებ ინფორმაცია მთავრობის დადგენილებაში

სტუდენტთა კატეგორიები, ვინც დაფინანსებას მიიღებს:

ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხა − 2 032 500 (ორი მილიონ ოცდათორმეტი ათას ხუთასი) ლარი, ამავე დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, გადაეცემათ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს:

ა) 226 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წლის განმავლობაში სრულად სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით დამტკიცებული „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხით“ გათვალისწინებულ დასახლებაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში; გურიის რეგიონში; იმერეთის რეგიონში; კახეთის რეგიონში; მცხეთა-მთიანეთის რეგიონში; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში; სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში; სამცხე-ჯავახეთის რეგიონში; ქვემო ქართლის რეგიონში; შიდა ქართლის რეგიონში). ამ პუნქტით გათვალისწინებული დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობა პროპორციულად განაწილდება ამ კატეგორიის სტუდენტთა მიერ თითოეული რეგიონის მიხედვით შესული განცხადებების რაოდენობის შესაბამისად;

ბ) 170 სტუდენტს, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე (შემდგომში – ოკუპირებული ტერიტორია) არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით; სტუდენტებს, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ; ასევე სტუდენტებს, რომლებიც, თავიანთ ოჯახებთან ერთად, 2008 წლის 7 აგვისტომდე მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის, ქურთის, თიღვის, ახალგორის ან აჟარის მუნიციპალიტეტებში. აქედან:

ბ.ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მათ შორის, აჟარის მუნიციპალიტეტში – 90 სტუდენტს;

ბ.ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები), მათ შორის, ქურთის, ერედვის, თიღვისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში – 75 სტუდენტს;

ბ.გ) საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში – 5 სტუდენტს;

გ) 5 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წლის განმავლობაში სრულად სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აზერბაიჯანულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;

დ) 5 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წლის განმავლობაში სრულად სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს სომხურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;

ე) 26 სტუდენტს, რომლებიც არიან:

ე.ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა შვილები;

ე.ბ) 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები;

ე.გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები;

ვ) 3 სტუდენტს, რომლებიც არიან:

ვ.ა) საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილი ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების შვილები;

ვ.ბ) საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები ან მათი შვილები;

ზ) 2 სტუდენტს, რომლებიც არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილები;

თ) 2 სტუდენტს, რომლებსაც „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული ჰქონდათ რეპატრიანტის სტატუსი;

ი) 46 სტუდენტს, რომლებიც არიან ობოლნი (გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა ან გარდაცვლილი ჰყავთ დედა და დაბადების აქტის ჩანაწერში მამის შესახებ მონაცემების შეტანის საფუძველი იყო დედის განცხადება);

კ) 150 სტუდენტს, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები;

ლ) 25 სტუდენტს, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

მ) 16 სტუდენტს, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ (სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და დაფინანსების წყაროსი) ან მინდობით აღზრდაში) ან გასულნი არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო 3 წლის განმავლობაში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ 2 წლის განმავლობაში;

ნ) 170 სტუდენტს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე;

ო) 50 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წლის განმავლობაში სრულად სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;

პ) 5 სტუდენტს, რომლებიც არიან აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ზოგადი აშლილობების ჯგუფიდან ერთ-ერთი: F84.0, F84.1, F84.2, F84.3, F84.4, F84.5, F84.8, F84.9) მქონე პირები;

ჟ) 2 სტუდენტს, რომლებიც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის, „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ ქვეპროგრამის ბენეფიციარები, როგორც ბოშა მოზარდი.

ცნობისთვის, სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

ასევე იხილეთ:

ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსზე განაცხადის შეტანისთვის 1 კვირა გექნებათ – ვადები კურსდამთავრებულთათვის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური