GE

ცნობილია სად და რა ფორმატში ჩატარდება ექსტერნის გამოცდები – ცვლილება კანონში

საქართველოს განათლებისა მეცნიერების სამინისტრომ I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაცია დღეს გამოაცხადა. რამდენიმე წუთის წინ კი, გამოქვეყნდა ცვლილება „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ განათლების მინისტრის ბრძანებაში, სადაც მოცემულია ინფორმაცია ექსტერნი გამოცდების ორგანიზატორის, ჩატარების ადგილისა და სკოლის ჩართულობის თაობაზე.

მიხეილ ჩხენკელის მიერ ხელმოწერილი ბრძანებით, ექსტერნის გამოცდებს სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ცენტრალიზებულად ჩაატარებს. სკოლები მათ მიერ იქნება შერჩეული, ხოლო გამოცდა ელექტრონულ ფორმატში წარიმართება.

რაც შეეხება ტესტებს, ის შედგენილი იქნება სკოლების მიერ წინასწარ წარმოდგენილი ტესტური დავალებებიდან სამინისტროს მიერ შერჩევის საფუძველზე შედგენილი კომბინირებული ტესტებით.

გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებული საგნის ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ჩატარდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით.

ბრძანებაში წერია, რომ დაწყებით საფეხურზე ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/ სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება შესაბამისი კლასისათვის/სემესტრისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო საგანში. საბაზო და საშუალო საფეხურზე ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება იმ საგნებში, რომლებშიც განმსაზღვრელი შეფასება (ქულა ან ჩათვლა) იწერება.

“მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება ცენტრალიზებულად, სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში – სისტემა) მიერ, ელექტრონული ფორმით, სისტემის მიერ შერჩეულ სკოლებში, სკოლების მიერ წინასწარ წარმოდგენილი ტესტური დავალებებიდან სამინისტროს მიერ შერჩევის საფუძველზე შედგენილი კომბინირებული ტესტებით. ეს პუნქტი არ ვრცელდება არაქართულენოვან სკოლებზე/სექტორებზე, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჩ​7“ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რესურსსკოლებზე და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პირებზე, ასევე იმ მე-12 კლასელებზე, რომლებიც „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ფასდებიან მხოლოდ ექსტერნატის გამოცდების ჩაბარების საფუძველზე“, – ვკითხულობთ ბრძანებაში.

ასევე იხილეთ:

I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო – პროცედურა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური