რას წაადგება უნივერსიტეტში სწავლის ხანგრძლივობის შემცირება? – რეფორმის ავტორების ახსნა
საქართველოს პარლამენტმა “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ სწავლის ხანგრძლივობა შემცირდა. დაინერგება 3+1+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი- მაგისტრატურას.
უმაღლესი განათლების რეფორმის ავტორთა პოზიციით, მოკლე განათლება ხარისხიან განათლებას არ ნიშნავს, მაგრამ მათი მტკიცებით, დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლების ხანგრძლივობაში სიჭარბეა, საგნები ხელოვნურად არის გაყოფილი და რომ არა იქ არსებული, ხელოვნურად შექმნილი პრობლემები, სამ წელში მაღალი კვალიფიკაციის მაგალითად ბაკალავრი იურისტის მომზადება, სავსებით შესაძლებელია.
როგორ? აი, რას განმარტავს რეფორმის ერთ-ერთი ავტორი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე:
“სამართალში არის 20-მდე ძირითადი საგანი. ეს 20 საგანი რომ ასწავლო, არის საჭირო, დაახლოებით, ორი წელი, კრედიტების რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ. ორი წელიც არ არის საჭირო იმისათვის, რომ იურისტმა ბაკალავრიატის ეტაპზე გაიაროს ყველა ძირითადი საგანი. შემდეგ რჩება სპეციალიზაცია და არჩევითი საგნები და რჩება საკმარისი დრო იმისათვის, რომ სტუდენტმა გაიაროს 10-ზე მეტი საგანი, არჩევითი, სპეციალიზაციის მიხედვით. თუ სტუდენტი გაივლის 17-18 ძირითად საგანს და ზევიდან დაახლოებით 12 არჩევით საგანს, მომზადებული იქნება კვალიფიციური იურისტი ბაკალავრიატის დონეზე. იგივე ეხება მაგისტრატურასაც”.
რეფორმის ავტორები სწავლის ხანგრძლივობის შემცირების პოზიტიურ მხარეს საქართველოს ეკონომიკის ზრდასთან აკავშირებენ და თვლიან, რომ ეს გადაწყვეტილება შრომის ბაზრის მოთხოვნებთან არის თანხვედრაში:
„ეკონომიკა ვითარდება, კიდევ უფრო მეტად განვითარდება შემდეგი წლების განმავლობაში და ბაზარზე მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ჩვენ თუ არ დავაწიეთ ამას განათლების რეფორმა, კიდევ უფრო მეტად იქნება აცდენილი ერთმანეთთან შრომის ბაზრის მოთხოვნები და უმაღლესი განათლების სისტემაში
ამიტომ, ვფიქრობთ, რომ სწავლების ხანგრძლივობის შემცირება ძალიან წაადგება შრომის ბაზარს და, შესაბამისად, ეკონომიკის სტიმულირებას. ჩვენ არ გვითქვამს, რომ ხანმოკლე განათლება ნიშნავს უკეთეს განათლებას“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის ავტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მიმართულებაზე არსებულ სისტემას “მახინჯს” უწოდებს და მაგალითი ციფრების დდახმარებით მოჰყავს.
როგორ არის გაყოფილი საგანი და აწყობილი საკადრო პოლიტიკა
„სამართლის მიმართულებაზე თსუ-ში, ხელოვნურად არის გაყოფილი საგანი 2 მიზეზის გამო: ერთი, რომ ხელოვნურად ზრდიან პროგრამის მოცულობას, საგნების რაოდენობას და მეორე – კონკრეტულად ჩემს მიმართულებაზე [სადაც ვასწავლი] არის 6 სრული პროფესორი, 5 ასოცირებული და 1 ასისტენტ-პროფესორი. ხელოვნურად არის არასწორად გადანაწილებული. წესით, უნდა იყოს პირიქით, უნდა იყოს 1 სრული პროფესორი, 2 ან 3 ასოცირებული და 10 ასისტენტ-პროფესორი.
მარტივი ციფრებითაც ჩანს, როგორი მახინჯი სისტემაა ჩამოყალიბებული, 6 სრული პროფესორი გვყავს, 5 ასოცირებული და 1 ასისტენტ-პროფესორი. შეგიძლიათ, ნახოთ ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა, პირიქით არის, 1 სრული, 2 ასოცირებული, 10 ასისტენტი იქნებოდა იდეალური. იმის გამო, რომ არის სიჭარბე სწავლების ხანგრძლივობაში, კადრების მიმართულებით არასწორად არის განსაზღვრული პოლიტიკა, ხელოვნურად ყოფენ საგნებს, სალექციო ჯგუფებს. ამაზე იხარჯება ჭარბი რესურსი, სახელმწიფოს რესურსი და ა.შ. ეს ხომ უნდა შეიცვალოს?!“.
ასევე იხილეთ:
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება