ცოდნის გაცვლისა და გაზიარების სიმარტივე, არჩევანის თავისუფლება და დამოუკიდებლობა – ილიაუნის სტუდენტი ეკოლოგების პრივილეგია
პროექტში CaBOL, რომელიც 2020 წელს დაიწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინირებითა და გერმანიის განათლებისა და კვლევების სამინისტროს დაფინანსებით, საქართველოს, სომხეთისა და გერმანიის შვიდი კვლევითი დაწესებულებაა ჩართული.
ვაშლოვანის ექსპედიცია კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების (CaBOL) პროექტის ფარგლებში ჩატარდა. პროექტის მიზანია 3 წლის მანძილზე 50 000 განსხვავებული სახეობის ცხოველისა და მცენარის გენეტიკური აღწერა და კავკასიის მრავალფეროვნების გენეტიკური ბიბლიოთეკის შექმნა. პროექტში უდიდესი როლი სხვადასხვა საფეხურზე მყოფ სტუდენტებს უკავიათ.
უფრო ახლოს გაგაცნობთ მორიგ სტუდენტს, რომელიც პროექტის მონაწილეა:
თინათინ ჩხარტიშვილი – ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის, სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამის, ეკოლოგიის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტი.
– რატომ გადაწყვიტეთ ამ მიმართულებაზე სწავლა?
– მართალია, თბილისში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ბუნებასთან თანაზიარი ბავშვობიდან ვარ. საქართველოს, როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის, ბუნების თავისებურებებს, ჩემი წარმომავლობიდან გამომდინარე, ბავშვობიდან ვიცნობ. საქართველოს ბუნებით პირველი აღფრთოვანებაც სწორედ იქიდან მოდის. ეს გახდა მიზეზი, რის გამოც ავირჩიე ბიოლოგია ბაკალავრიატის საფეხურზე. მინდოდა მენახა და მესწავლა, თუ რა ხდებოდა ცოცხალ ორგანიზმში უჯრედისა და მოლეკულის დონეზე. ხოლო, მას შემდეგ, რაც მიკროსამყაროს ასე თუ ისე გავეცანი და შევისწავლე, დამაინტერესა იმ მრავალფეროვნებამ, რაც ჩემ გარშემო ბუნების წიაღში იმალებოდა. სწორედ ამ იდეით შეპყრობილმა, მაგისტრატურა ეკოლოგიის მიმართულებით გავაგრძელე და ყოველდღიურად ვაგრძელებ საქართველოს მრავალფეროვნების საიდუმლოებებით ტკბობას.
– რას ნიშნავს იყო ეკოლოგი? როგორია ეკოლოგის სტუდენტური ცხოვრება?
– ეკოლოგობა სახალისო, საფრთხილო, სიახლეებითა და გამოწვევებით სავსე პროფესიაა. ჩემმა პროფესიამ სტუდენტური ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესო გახადა. ლექციებისგან და აუდიტორიებისაგან, ამჟამად კი ონლაინ ლექციებისაგან დაღლილი, ექსპედიციაში მივდივარ და საგნებზე თეორიულად ნასწავლს რეალობაში ვნახულობ. საველე სამუშაოებისა და ექსპედიციების გარდა, აქტიურად ვარ ჩართული ველზე მოპოვებული მასალების დამუშავებაში, ასევე ვმონაწილეობ სხვადასხვა ლაბორატორიულ საქმიანობაში. პირადი გამოცდილებით, ეკოლოგის სტუდენტური ცხოვრება მუდმივი სიახლეებითა და გამოწვევებითაა დატვირთული.
ეკოლოგიის მიმართულების სტუდენტობა ჩემთვის აქტიურ მუშაობასთან და საქმისაგან სასიამოვნო დაღლილობასთან ასოცირდება.
– კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების პროექტი (CaBOL) – როგორ მოხვდით ამ პროექტში? რას ისახავს მიზნად ეს პროექტი? რატომ არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის ეს პროექტი? თქვენი აზრით, რას ნიშნავს კავკასიის მრავალფეროვნების გენეტიკური ბიბლიოთეკის შექმნა?
– 2018 წელს პროექტ CaBOL-ის საპილოტე კინტრიშის პროექტი განხორციელდა, რომლის შესახებაც ილიაუნის მკვლევარ გიორგი იანქოშვილის ფეისბუქ პოსტიდან შევიტყვე.
პროექტის მთავარი მიზანი საქართველოს ფლორისა და ფაუნის დეტალური აღწერა და გაციფრულებული მონაცემთა ბაზის შექმნაა. კავკასიის რეგიონში ბარკოდირების, ციფრული მონაცემთა ბიბლიოთეკის პროექტი უნიკალურია და აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი პროექტით ბევრი ქვეყანა ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. ასე ვთქვათ, ჩვენ სასიამოვნო გამონაკლისი ვართ.
– პროექტში კონკრეტულად რა არის თქვენი როლი? რა აღმოჩენები გააკეთეთ/რა აღწერეთ?
– პროექტში სტუდენტთა კოორდინატორის პოზიცია მიკავია. ჩემი მოვალეობები საკმაოდ მრავალფეროვანია, იქნება ეს ახალი სტუდენტების დაკვალიანება თუ სწავლება, საველე გასვლების დაგეგმვაში მონაწილეობა. ასევე ველზე სინჯების შეგროვება და მათი დამუშავება ტაქსონომიური კუთხით.
ბოლო საველე გასვლა უმშვენიერეს ვაშლოვანში გვქონდა. ჩემი როლი მოიცავდა ქერცლფრთიანების, უფრო მარტივად კი, პეპლების შეგროვებას. შეგროვებული პეპლები სახეობის დონეზე უკვე გავარჩიე, მაგრამ მანამდე, სანამ ლაბორატორიიდან გენეტიკურ მონაცემებზე პასუხი არ მექნება, ძნელია წინასწარ საუბარი იმის შესახებ, არის თუ არა რაიმე ახალი და საინტერესო.
– რას ნიშნავს თქვენთვის, ახალგაზრდა მკვლევრისთვის ამ მასშტაბის პროექტში მონაწილეობა?
– პროექტის ფარგლებში, დამწყებ მეცნიერებს საშუალება გვაქვს უკვე გამოცდილ ქართველ და უცხოელ მეცნიერებთან უშუალო, საქმიანი ურთიერთობა გვქონდეს. ცოდნის გაცვლისა და გაზიარების სიმარტივე, არჩევანის თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ყოველივე ეს ნამდვილად ძალიან დიდი პრივილეგიაა.
კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების პროექტმა უკვე მომცა საშუალება, ჩემი შესაძლებლობები მომესინჯა. 2020 წლის მარტში გამოქვეყნდა სტატია ჩემი და გერმანელი კოლეგების თანაავტორობით. ამან კი საშუალება მომცა, გავმხდარიყავი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პასკალის პრემიის ლაურეატი.
დარწმუნებული ვარ ეს მხოლოდ დასაწყისია.
– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? აპირებთ თუ არა სამეცნიერო მიმართულებით კარიერის გაკეთებას?
– სამომავლოდ ვაპირებ მოღვაწეობა ისევ სამეცნიერო სფეროში გავაგრძელო. მაგისტრატურის დამთავრების შემდგომ, მსურს ცოდნა გავიღრმაო და ეკოლოგიის სხვადასხვა მიმართულებებს უკეთ გავეცნო. ამის შემდეგ კი დოქტორანტურაზე ჩავაბარო.
-
„რეფორმა ეწინააღმდეგება უმაღლესი განათლების გაუმჯობესების მიზნებს“ – ილიაუნის სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებლების განცხადება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
ილიაუნიში დისკუსია „უმაღლესი განათლების რეფორმა: ბუნდოვანი საკითხები და აკადემიური საზოგადოების კითხვები“ გაიმართება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„სიახლე განათლების „რეფორმასთან“ დაკავშირებით“ – ილიაუნის კანცლერი ქეთევან დარახველიძე
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი