„COVID-19-მა განათლებაში სტრუქტურული ცვლილებები დააჩქარა“ – GALT&TAGGART
რა ზეგავლენა მოახდინა პანდემიამ საქართველოს განათლების სისტემაზე და რა შედეგებს გამოიღებს კორონავირუსის გამო შეწყვეტილი სწავლება შემდგომ პერიოდში? რა ძირითადი ხარვეზები გამოავლინა მან დისტანციურ სწავლებაში საქართველოში? – ეს იმ კითხვათა მცირედი ჩამონათვალია, რომელიც სერიოზული და სამართლიანი ინტერესის საგანს უნდა წარმაოდგენდეს, თუმცა არ მიმართულებით განათლების სამინისტროს ან სხვა უწყებას ჯერ არც კვლევა და არც სამომავლო მკაფიო ხედვა არ წარმოუდგენია, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ კომენტარებსა და ექსპერტების სხვადასხვა ვითარებაში დაფიქსირებულ მოსაზრებებს.
განათლების სფეროს კვლევაში კი, რომელიც საინვესტიციო კომპანია GALT&TAGGART- ის მიერ ჩატარდა, ვკითხულობთ, რომ COVID-19-მა განათლებაში სტრუქტურული ცვლილებები დააჩქარა. იმის მიუხედავად, რომ წლების განმავლობაში განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებები ხელმისაწვდომია, მათი გამოყენება პრობლემად რჩებოდა.
„გაუმჯობესების მიუხედავად, წვდომა ინტერნეტსა და კომპიუტერებზე საქართველოში ჯერ კიდევ შეზღუდულია, განსაკუთრებით რეგიონებში (ინტერნეტი ხელმისაწვდომი იყო შინამეურნეობების 86%-სთვის ქალაქად და 70%-სთვის სოფლად 2019 წლის ივლისის მდგომარეობით, მაშინ როდესაც კომპიუტერებზე იგივე მაჩვენებლებია 75% და 45%). პანდემიამ დააჩქარა სწავლების ინოვაციური მეთოდების გამოყენება: ქვეყნის მასშტაბით სტუდენტებისა და მასწავლებლების ინტერნეტზე წვდომის ზრდა ; უმოკლეს ვადებში მასწავლებლების, მშობლებისა და მოსწავლეთა ჩართვა ციფრულ სასწავლო პროცესში, რაც ზოგადად გრძელვადიანი პროცესია“, – ვკითხულობთ კვლევაში.
კვლევის ავტორები ასევე ვარაუდობენ, რომ განათლების სექტორი პოსტ-პანდემიურ პერიოდში სტაბილურად გაიზრდება.
„აღსანიშნავია, რომ გრძელვადიან პერიოდში სექტორის ზრდას სამთავრობო ხარჯები და საგანმანათლებლო სერვისებზე მოთხოვნა განსაზღვრავს, რომლებიც შედარებით მდგრადია მაკროეკონომიკური რყევების მიმართ“, – ვკითხულობთ კვლევაში.
მათივე მოსაზრებით, COVID-19 პანდემიის გრძელვადიანი გავლენა საქართველოს განათლების სექტორზე პოზიტიური იქნება და ხელს შეუწყობს: სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების დაჩქარებულ ადაპტაციას, რეგიონებში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ზრდას, მთავრობის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და შინამეურნეობების მიერ განათლების ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას.
იმ ფონზე, როდესაც ჯერ ისევ პანდემიის პირობებში ვცხოვრობთ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სწავლის განახლების შესაძლებლობა და ასევე გაურკვეველია რა ფორმითა და რეკომენდაციებით მოუწევთ სკოლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ დისტანციურ სწავლებას ბევრი ხარვეზი ჰქონდა, COVID -19 ის გავლენა განათლების სისტემასა და მის მომავალზე ბუნდოვან წარმოდგენას ტოვებს.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხს ავტორიზაციის საბჭო ხელახლა განიხილავს – ილიაუნის კანცლერი by ARIS.GE-განათლება
- „განათლება თავისუფლებაა“ – ქართულ განათლებაში არის თავისუფლება? – მენტორი მასწავლებელი 2024 წლის ფაქტებზე by განათლებული ბლოგი
- რომელ სტუდენტებს დაეხმარება ფინანსურად გორის მერია 2025 წელს – ბიუჯეტი დამტკიცდა by ARIS.GE-განათლება